ფემინიზმი მოიცავს თეორიების, იდეოლოგიებისა და სოციალური მოძრაობების ერთობას, რომელთა მიზანიც ქალთა მდგომარეობის თუ გამოცდილებების აღწერა და ანალიზი, ქალის პერსპექტივისა და ავტორიტეტის წინ წამოწევა და ქალთათვის თანასწორი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების მოპოვებაა.
ფემინისტთა თუ ფემინისტური თეორიის ამოსავალ წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაშვება, რომ ქალები სოციალურ თუ მატერიალურ უთანასწორობას განიცდიან მათი სქესის / გენდერის გამო და ფემინიზმის მიზანი ამ უთანასწორობებთან ბრძოლაა. თუმცა, ბრძოლის პოლიტიკური მეთოდები თუ ჩაგვრის ახსნის მექანიზმები ფემინისტებს შორის მრავალფეროვანია და, შესაძლოა, ურთიერთსაწინააღმდეგოც კი იყოს.
ფემინიზმის განსხვავებულ მიმდინარეობებში რამდენიმე ძირითადი და მნიშვნელოვანი პოზიციის გამოკვეთა შეიძლება:
ლიბერალური ფემინიზმი, რომელსაც განმანათლებლობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი დასავლურ საზოგადოებაში, ლიბერალიზმის იდეოლოგიის ძირითად დაშვებებს ეფუძნება და მიიჩნევს, რომ ქალის მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია პოლიტიკური რეფორმებით დემოკრატიულ გარემოში. ლიბერალი ფემინისტებისთვის ძირითადი ამოცანებია ქალთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რეპროდუქციული უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, შრომის თანასწორი ანაზღაურება, ოჯახურ ძალადობის აღმოფხვრა და სხვა. ლიბერალი ფემინისტები არ იბრძვიან „რევოლუციისა თუ გადატრიალებისათვის“, მათი აზრით, თანასწორობის მისაღწევად დემოკრატიული ჩარჩო საკმაოდ ეფექტურია. ლიბერალური ფემინიზმი ერთგვარად „ზომიერი“ პოზიციაა, მასთან ყველაზე ხშირად ასოცირდებიან ადამიანები, რომელთაც სოციალური სისტემის ძირეული ცვლილების გარეშე, ქალთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ.
სოციალისტური ფემინიზმი ქალთა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზად სექსისტური ჩაგვრასთან ერთად, კლასობრივ ჩაგვრას ხედავს. სოციალისტი ფემინისტებისთვის ქალთა ჩაგვრას ორი ძირითად წყარო აქვს: ეკონომიკური და კულტურული. მათი აზრით, ქალთა ემანსიპაციისთვის აუცილებელია ჩაგვრის ორივე წყაროს, კაპიტალიზმისა და პატრიარქატის, აღმოფხვრა.
მარქსისტი ფემინისტები ქალთა ჩაგვრის წყაროდ კლასობრივ საზოგადოებას მიიჩნევენ, რომელიც პირველყოფილ თანასწორ საზოგადოებებში გაჩენილმა ეკონომიკურმა აუცილებლობებმა წარმოშვა. თანამედროვე დროში მარქსისტული ფემინიზმი ქალთა ჩაგვრის ახსნას კაპიტალისტური საზოგადოების შინაგანი ბუნებიდან ცდილობს, რითაც იგი განსხვავდება სოციალისტური ფემინიზმისგან, რომელიც უშვებს ქალთა ჩაგვრის მეორე წყაროს - პატრიარქალურ იდეოლოგიას.
რადიკალური ფემინიზმი, რომელიც, ძირითადად, ახალი მემარცხენე და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წიაღში წარმოიშვა, ლიბერალურ და მარქსისტულ პერსპექტივას ზედაპირული ხედვის გამო აკრიტიკებს და ჩაგვრის ძირითად მიზეზად მიიჩნევს პატრიარქალიზმს, როგორც სისტემას, რომელიც კაცებს იერარქიის სათავეში აყენებს. რადიკალური ფემინიზმის მიხედვით, აუცილებელია ძირეული ცვლილებები და მამაკაცებზე ორიენტირებული პოლიტიკისა და თვალსაზრისისგან გათავისუფლება. რადიკალები აკრიტიკებენ პატრიარქატს, როგორც ღირებულებათა ერთობას, რომელიც ნეიტრალურობის სახელით ნიღბავს უთანასწორობას და ფესვგადგმულია ცხოვრების ყველა სფეროში, ლიტერატურაში, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. რადიკალი ფემინისტები ქალზე ორიენტირებული, ქალების მიერ დომინირებული ცოდნისა და სივრცეების შექმნისკენ ისწრაფვიან, ამიტომ მათ ხშირად სეპარატიზმში სდებენ ბრალს. რადიკალური ფემინიზმის ორ სახეს გამოყოფენ: ლიბერტარიანული (libertarian) და კულტურის cultural). რადიკალი კულტურის ფემინისტები თვლიან, რომ აუცილებელია ქალებისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებისთვის, როგორიცაა მზრუნველობა, ურთიერთდამოკიდებულება, ემოციურობა, თანაგრძნობა და თანაზიარობა, პოზიტიური ღირებულების მინიჭება. ისინი აფასებენ „ფემინურ“ მზრუნველობას და ემიჯნებიან „მასკულინური“ აგრესიის ღირსებად წარმოჩენას. ხოლო რადიკალი ლიბერტარიანელი ფემინისტები თვლიან, რომ მასკულინური მახასიათებლები მავნეა თავად კაცებისთვის, ფემინური მახასიათებლები - თავად ქალებისთვის.
პოსტმოდერნისტული და პოსტსტრუქტურალისტური ფემინისტური თეორია ფემინიზმის თავდაპირველ იდეას ცვლის იმით, რომ ეჭვქვეშ აყენებს ისეთ ბაზისურ ცნებებს, როგორებიცაა „ქალი“ და „უთანასწორობა“. პოსტსტრუქტურალისტ ფემინისტებს აინტერესებთ, როგორ იქმნება მნიშვნელობა, როგორ ხდება სუბიექტის კონსტრუირება სოციალურ დისკურსში და ენის საშუალებით სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში. პოსტსტრუქტურალისტი ფემინისტების აზრით, მტკიცება, რომ ქალებს ჩაგვრის უნივერსალური გამოცდილება აქვთ, ქალთა შორის სოციო-კულტურულ განსხვავებებს უგულებელყოფს და ყურადღების მიღმა ტოვებს სოციალური იერარქიის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა რასა, კლასი ან სექსუალობა.
იხილეთ აგრეთვე: ანარქა-ფემინიზმი, ეგზისტენციალისტური ფემინიზმი, ინდიჯენისტური ფემინიზმი, კულტურ-ფემინიზმი, ლიბერალური ფემინიზმი, მარქსისტული ფემინიზმი, მულტიკულტურალისტური ფემინიზმი, ნომადური ფემინიზმი, პოსტკოლონიური ფემინიზმი, პოსტფემინიზმი, რადიკალ-ლიბერტარიანული ფემინიზმი, რადიკალური ფემინიზმი, სეპარატისტული ფემინიზმი, ფსიქოანალიზური ფემინიზმი, სპირიტუალური ფემინიზმი, ფემინიზმის პირველი ტალღა, ფემინიზმის მეორე ტალღა, ფემინიზმის მესამე ტალღა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.
Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.
Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale.
Tong R. (2013), Feminist Thought: A More Comprehensive Introduction, Westview Press.