ფემინიზმის მესამე ტალღა

Third Wave Feminism

ფემინიზმის მესამე ტალღას უწოდებენ ფემინისტურ აქტივიზმსა და თეორიას მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე. ფემინიზმის მესამე ტალღა პოსტსტრუქტურალისტურ, პოსტმოდერნისტულ და პოსტკოლონიალურ თეორიულ ჩარჩოს ეყრდნობა და, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს ფემინიზმის მეორე ტალღის მიღწევების მნიშვნელობას, აკრიტიკებს კიდეც მას დასავლეთზე კონცენტრირებულობის, თეთრკანიანთა თვალსაზრისის დომინირებისა და ჰეტერონორმატიულობის გამო. ის ერთგვარი თვითრეფლექსიური ნაბიჯია ფემინიზმში, რომლითაც მეორე ტალღის ჰომოგენური და უნივერსალისტური დაშვებები შეიცვალა კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული ანალიზით.

ძირითადად აკადემიური წრეებიდან წამოსული მესამე ტალღის ფემინიზმი ცდილობს რასის, კლასის, გენდერისა თუ სექსუალობის საკითხების მიმართ უფრო სენსიტიური იყოს. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქალის, როგორც ფემინიზმის უნივერსალური სუბიექტის, არსებობას და ჩაგვრის საერთო გამოცდილების დაშვებას. მესამე ტალღის ფემინიზმი უფრო მდიდარია შავკანიანი თუ ლესბოსელი ქალების ნაშრომებითა და არადასავლური პერსპექტივებით. მაგალითად, ჩანდრა ტალპადე მოჰანტის ნაშრომი (1991) დასავლურ ფემინიზმს კოლონიალისტური ხედვის გამო უპირისპირდება, რომელიც „მესამე სამყაროს“ ქალებს სწორხაზოვან მონოლითურ ჩაგრულ სუბიექტებად წარმოადგენს და, ამავდროულად, იმპლიციტურად განამტკიცებს „დასავლელი ქალების“ ერთგვარ უპირატესობას და პროგრესულობას. მოჰანტი განსაკუთრებით კრიტიკულია ისტორიული თუ კულტურული კონტექსტის უგულებელყოფისა და „ქალების“ ჰომოგენურ და უნივერსალურ კატეგორიად  განხილვის მიმართ.

აკადემიური დებატების გარდა,  მესამე ტალღის ფემინიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია კულტურული აქტივიზმით ინტერესიც. მესამე ტალღის ფემინისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პოპულარულ მედიაში, ტელევიზიაში, მუსიკაში, ფილმსა თუ ლიტერატურაში გენდერის რეპრეზენტაციის საკითხებს. 1991 წელს აშშ-ში დაწყებული აჯანყებული გოგონების (Riot Grrrl) მუსიკალური მოძრაობა მჭიდრო კავშირშია მესამე ტალღის ფემინიზმთან და პოპულარული კულტურის შეცვლის, მუსიკალური სივრცის პოლიტიკური მესიჯების გადაცემის არეალად გააზრების მაგალითია. მართალია, აჯანყებული გოგონების ძირითადი საქმიანობა მუსიკის შექმნა, გავრცელება და კულტურული ღონისძიებების გამართვა იყო, მაგრამ ისინი ხშირად მართავდნენ საგანმანათლებლო შეხვედრებს სექსუალობის, სექსუალური ძალადობის გამოცდილების, რასობრივი ჩაგვრისა თუ ოჯახში ძალადობის შესახებაც. მოძრაობა ნათელი მაგალითია, იმისა,  როგორ ცდილობს მესამე ტალღის ფემინიზმი პოლიტიკური მიზნების პოპულარული კულტურითა და მასმედიით მიღწევას.

მესამე ტალღის ფემინისტური აქტივიზმის გამორჩეული მახასიათებელია სიბრაზის პირდაპირი და თამამი გამოხატვა და მსხვერპლის პოზიციაზე უარის თქმა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: