პოსტფემინიზმი

Post-Feminism

ყველაზე გავრცელებული გაგებით, პოსტფემინიზმი გულისხმობს, რომ ფემინიზმმა თავის ძირითად მიზნებს მიაღწია და სამყარო ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ახალგაზრდა გოგონებს შეუძლიათ ფემინიზმის მონაპოვარით დატკბნენ, ფემინიზმის იარლიყთან ასოცირების გარეშეც (პრეფიქსი „პოსტ“ შემდეგ ეტაპს, რაღაცის უკან მოტოვებას გულისხმობს). თუმცა, ფემინისტთა დიდი ნაწილი პრობლემურად აფასებს პოსტფემინიზმის შესახებ დისკურსს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ხელფასში გენდერის ნიშნით სხვაობა კვლავ დიდია, ქალების მიმართ ძალადობა კი - რეგულარული მოვლენა, სქესთა „თანასწორობა“ უფრო წარმოსახვითია, ვიდრე რეალობა.

პოსტფემინიზმის ცნება პირველად 80-იან წლებში გამოჩნდა მეორე ტალღის ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის კონტექსტში. ცნების ფართოდ გავრცელებას პოპულარულმა მედიამ შეუწყო ხელი. პოსტფემინიზმის იდეის წარმოშობა შეგვიძლია არსებული ფემინისტური  პოლიტიკით უკმაყოფილებასთან დავაკავშიროთ, რომელმაც, პოსტფემინისტთა მტკიცებით, ყველაზე აქტიურ ფაზაშიც კი ვერ მოახერხა ქალთა მრავალფეროვნების და განსხვავებული საჭიროებების სრულად გათვალისწინება და ყოვლისმომცველი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. პოსტფემინისტები მეორე ტალღის ფემინიზმს გენერალიზებასა და სწორხაზოვნებაში ადანაშაულებენ.

პოსტფემინიზმის უფრო კომპლექსური განმარტების მიხედვით, პოსტფემინიზმი ფემინიზმის განსხვავებული გამოხატულებაა და არა - ანტიფემინიზმი. ენ ბრუკსის განმარტებით, პოსტფემინიზმი არის მოთხოვნა კონცეპტუალური ცვლილებისა, რომელიც „ძველ“ ფემინიზმს „ახლისაგან“ განასხვავებს - სახელდობრ, თანასწორობის მოდელის განსხვავებულობის ირგვლივ არსებული თეორიული დებატებით ჩანაცვლების მოთხოვნა. ბრუკსისთვის პოსტფემინიზმი საინტერესო თეორიულ ჩარჩოს გვთავაზობს ფემინიზმისა და პოსტმოდერნიზმის, პოსტსტრუქტურალიზმის და პოსტკოლონიალიზმის თანაკვეთების თეორეტიზებისთვის და მჭიდრო კავშირშია ფემინიზმის მესამე ტალღასთან.

თუმცა, თეორეტიკოსთა, მათ შორის, მესამე ტალღის ფემინისტთა, დიდი ნაწილი უარყოფს პოსტფემინიზმის იარლიყს. პოსტფემინიზმის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ პოსტფემინიზმის იდეა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობასთან, ფემინისტურ აქტივობებზე უარყოფით საპასუხო რეაქციებთან (ბექლეშთან) და ასოცირებულია  პოპულარული მედიის მიერ ფემინისტების ნეგატიური ხატის შექმნასთან. ამასთან ერთად, პოსტფემინისტური მიდგომა ხელს უშლის 70-იანი წლების შემდეგ ფემინისტურ მოძრაობაში მომხდარი ცვლილებების და განვითარებების დანახვას და ფემინიზმს სტატიკურ, უცვლელ მოვლენად წარმოაჩენს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.

კატეგორია: 
ავტორები: