დასავლური ფემინიზმის კლასიფიკაციისთვის ხშირად გამოიყენება „ტალღის“ მეტაფორა, რაც გულისხმობს კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს, რომელშიც ქალთა მოძრაობა განსაკუთრებულად ძლიერი იყო, მოძრაობის მოთხოვნები კი - მკაფიოდ გამოხატული. ფემინიზმის ისტორია სამ გამოკვეთილ ტალღას მოიცავს, თუმცა, მათი დაყოფა პირობითია, რადგან ეს ტალღები ხშირად ურთიერთგადამფარავია.
უფრო ფართო ისტორიული გაგებით, ფემინიზმის პირველი ტალღის განხილვა შეგვიძლია მე-18 საუკუნის ბოლოდან დავიწყოთ, როდესაც ქალთა უფლებების საკითხები საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალთა საკითხების წინ წამოწევა და ქალთა მონაწილეობა საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციაში; ასევე, მერი უოლსტონკრაფტის ტრაქტატის, „ქალის უფლებების დაცვის“ გამოქვეყნება ინგლისში 1792 წელს.
უფრო ვიწრო გაგებით, ფემინიზმის პირველ ტალღად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნის დასაწყისი (1850-1920 წლები) მიიჩნევა.
ფემინიზმის პირველი ტალღის აღმოცენების ისტორიულ კონტექსტის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, ინდუსტრიალიზაციის კვალდაკვალ კერძო და საჯარო სფეროების დიფერენციაცია და ქალების საჯარო სივრციდან განდევნა. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ლიბერალური და ეგალიტარული იდეოლოგიების გაძლიერებამ ხელი შეუწყო ქალების მიერ კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნას. პირველი ტალღის ფემინიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალებისათვის პოლიტიკური (საარჩევნო) უფლებების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, კერძო საკუთრების ფლობის, განქორწინების უფლებისთვის ბრძოლა.
თუმცა, პირველი ტალღის ფემინიზმი ყველაზე მეტად ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლებისთვის ბრძოლით არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, პირველი ტალღის ფემინიზმს ხშირად სუფრაჟიზმის (Suffrage - ხმის მიცემის უფლება) სახელითაც მოიხსენიებენ. ხმის მიცემის უფლება ქალების უფლებებისთვის ბრძოლის გამაერთიანებელი მიზანი გახდა მრავალ ქვეყანაში, რადგან სამართლებრივი, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა, პოლიტიკური უფლებების მოპოვების გარეშე, შეუძლებელი ჩანდა. სუფრაჟისტების პირველი გამარჯვება იყო 1893 წელს ახალ ზელანდიაში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალებმა ოცზე მეტ ევროპულ ქვეყანაშიც მოიპოვეს იგივე უფლება, მათ შორის პირველი იყო ფინეთი (1906). ამერიკის შეერთებულ შტატებში სუფრაჟისტების გამარჯვების თარიღი 1920 წელია.
მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან ქალთა მოძრაობამ შესუსტება დაიწყო, რაც, ნაწილობრივ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფემინისტების წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის დაწყებას უკავშირდება; ამ კამპანიის მიზანი იყო ქალების დარწმუნება, რომ მიეტოვებინათ ომისდროინდელი სამსახურები და ოჯახში ტრადიციულ როლებს დაბრუნებოდნენ. გარდა ამისა, თვითონ ფემინისტური მოძრაობების წიაღშიც გამოიკვეთა იდეოლოგიური განხეთქილებები, განსაკუთრებით, კლასობრივ ნიადაგზე. ფემინისტთა ნაწილისათვის, განსაკურებით, მუშათა კლასის ქალებისათვის პრიორიტეტული იყო ბრძოლა ქალების რეპროდუქციული უფლებებისთვის, ბავშვის აღზრდაში მშობლების თანაბარი მონაწილეობისთვის მოთხოვნებისთვის, რომლებიც ქალის, როგორც დედისა და მეოჯახის როლიდან წარმოდგებოდა. ფემინისტთა სხვა ჯგუფი, საშუალო კლასის ქალები კი სრულ თანასწორობას უჭერდნენ მხარს და პრინციპულად უარყოფდნენ ისეთი მოთხოვნების მნიშვნელობას, რომლებიც არსებული გენდერული როლების გამო წარმოადგენდა სპეციფიკურად ქალების ინტერესს (მაგალითად, ასეთად მიიჩნევა დეკრეტული შვებულების მოთხოვნის, როგორც სპეციიფკურად ქალების შრომის უფლებების კომპონენტის გაგება).
იხილეთ, აგრეთვე: სუფრაჟიზმი, ფემინიზმის მეორე ტალღა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.
Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.
Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale.