დასავლური ფემინიზმის ისტორიაში მეორე ტალღის ფემინიზმად, რომელსაც ხშირად გამათავისუფლებელ მოძრაობასაც უწოდებენ, მიიჩნევა ფემინისტური ბრძოლის გააქტიურება მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე. თუ პირველი ტალღის ფემინიზმისათვის ხმის მიცემის უფლება იყო ბრძოლის ქვაკუთხედი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფემინიზმის მეორე ტალღისათვის ბრძოლის ველად თვითონ ქალის სხეული, სხეულის რეპრეზენტაცია და ბიოლოგიურ განსხვავებასთან ასოცირებული მნიშვნელობები იქცა. მეორე ტალღის ფემინიზმს მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა ფრანგი ავტორის სიმონ დე ბოვუარის ნაშრომმა „მეორე სქესი“ (1949). მისმა მტკიცებამ, რომ „ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან“, შესაძლებელი გახადა გენდერული განსხვავებების სოციალურად კონსტრუირებულობაზე ფიქრი და ქალის ჩაგვრის იდეოლოგიური საფუძვლების წინა პლანზე წამოწევა. მეორე მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომი ფემინიზმის მეორე ტალღისათვის ჩრდილოეთ ამერიკაში იყო ბეტი ფრიდანის „ქალურობის გამოცანა“ (1963), რომელშიც ფრიდანი ასახავს საშუალო კლასის განათლებული ქალების უკმაყოფილებას ოჯახით, დიასახლისის როლით შეზღუდვის გამო.
მეორე ტალღის ფემინისტების მიზნები თუ პოლიტიკური ამოცანები და პერსპექტივები მრავალფეროვანი იყო, თუმცა, ამ პერიოდის ფემინიზმისათვის გამოკვეთილად მნიშვნელოვანი საკითხია ქალის სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლა, მტკიცება, რომ პირადი პრობლემები უფრო ზოგად, სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სლოგანი „პირადი პოლიტიკურია“ მეორე ტალღის ფემინისტთა გამაერთიანებელი დებულებაა. ძირითადი საკითხები, რომლებიც 60-იანი წლების შემდეგ გამოიკვეთა და ქალის მიერ საკუთარი სხეულის კონტროლის უფლებას უკავშირდებოდა, მოიცავს: კონტრაცეპციისა და აბორტის ლეგალიზებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ დაცვას, სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლას, განქორწინების უფლებას, ლესბოსელი დედების უფლებებს, ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, სქესობრივი ჯანმრთელობის სფეროში. გარდა ამისა, მეორე ტალღის ფემინისტები იბრძოდნენ თანაბარი ანაზღაურებისათვის ერთნაირი სამუშაოსთვის, ქალების დაშვებისათვის დასაქმების ტრადიციულად „მამაკაცურ“ სფეროებში, საოჯახო საქმის, როგორც ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შრომის, აღარებისათვის, საოჯახო საქმისა და ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებისთვის პარტნიორებს შორის, რაც ოჯახის ბორკილებისაგან ქალის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. მეორე ტალღის ფემინიზმი გამოირჩევა აკადემიური აქტიურობითაც: ამ პერიოდში შეიქმნა ქალთა საკითხების კვლევის პროგრამები, რამაც ხელი შეუწყო ახალი თეორიული პოზიციებისა და ჩარჩოების ჩამოყალიბებას ქალთა ჩაგვრის ანალიზისა და ფემინისტური ბრძოლისათვის. ფემინიზმის მეორე ტალღა ბრძოლის პირდაპირი და რადიკალური მეთოდებით გამოირჩევა: ქუჩის აქციების და დემონსტრაციების მოწყობა, მცირე ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფების დაარსება ქალებისათვის, სათქმელის „პირში მიხლის“ ტექნიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირობამ და რადიკალიზმმა მეორე ტალღის ფემინისტებს „კაცთმოძულეების“ იარლიყი მიაწება, მოძრაობამ მაინც მოახერხა ფართო მხარდაჭერის მოპოვება ამერიკასა და ევროპაში და ძირეული ცვლილებები გამოიწვია ქალთა სამართლებრივი თუ სოციალური კეთილდღეობის საქმეში.
მეორე ტალღის ფემინიზმი, განსაკუთრებით, 70-იანი და 80-იანი წლებიდან, მკაცრად გააკრიტიკეს რასის, სექსუალობისა თუ კლასობრივი საკითხების უგულებელყოფისათვის. შავკანიანმა თუ ლესბოსელმა ფემინისტებმა ყურადღება გაამახვილეს ფემინისტურ მოძრაობებში თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი და საშუალო კლასის ქალების დომინირებაზე, რაც, ცხადია, ფემინისტურ დღის წესრიგსა და პრიორიტეტულ საკითხებსაც განსაზღვრავდა და ჩაგვრის მრავალფეროვანი საფუძვლების ურთიერთკავშირს ყურადღების მიღმა ტოვებდა. ფემინისტური მოძრაობა გააკრიტიკეს კულტურული იმპერიალიზმისა და ქალთა მრავალფეროვნების გაუთვალისწინებლობის გამო. შეიძლება ითქვას, რომ 80-იან წლებში ფემინიზმის მეორე ტალღის კრიტიკამ ფემინიზმის ახალ, მესამე ტალღას ჩაუყარა საფუძველი.
იხილეთ, აგრეთვე: შავკანიანი ქალების ფემინიზმი, რადიკალური ფემინიზმი, კულტურ-ფემინიზმი, ლესბოსური ფემინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.
Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.
Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale.