შავკანიანი ქალების ფემინიზმი

Black Feminism

შავკანიანი ქალების თანამედროვე ფემინიზმი მე-19 საუკუნეში აფრო-ამერიკელი ქალების მოძრაობიდან იღებს სათავეს. უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნეში მოღვაწე აფრო-ამერიკელი ქალები ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ თავიანთ მოღვაწეობას „შავ ფემინიზმს“, მაგრამ ისინი სხვადასხვა მეთოდით იბრძოდნენ რასიზმის, სექსიზმისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1896 წელს დაარსდა ფერადკანიან ქალთა ასოციაცია (NACW), რომელიც აერთიანებდა შავკანიანი ქალების პოლიტიკურ აქტივიზმსა და თეორიულ მუშაობას. ისინი მუშაობდნენ შავკანიანი ქალების, ბავშვებისა და კაცების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

შავი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ შრომად ითვლება ანა ჯულია კუპერის „ხმა სამხრეთიდან“ (1892). ამ ნაშრომში კუპერი აკრიტიკებდა (თეთრი) ქალების მოძრაობას და მის ლიდერებს - სუზან ენტონის და ანა ბ. შოუს. ის მათ ბრალს სდებდა რასიზმსა და ელიტიზმში. კუპერი თვლიდა, რომ შავკანიანთა უფლებები და საზოგადოების პროგრესი განისაზღვრება შავკანიანი ქალების კეთილდღეობით.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შავკანიანი ფემინისტების ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომბაჰი-რივერ-კოლექტივი (Combahee River Collective). ისინი ძირითადად ინტელექტუალურ საქმიანობას ეწეოდნენ. მისი წევრები რასის, სექსუალობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. 80-იან წლებში განვითარდა ფემინისტური ლიტერატურა შავკანიანი ქალების (ბელ ჰუკსი, ანჯელა დევისი, ელის უოლკერი და ა.შ.) ავტორობით. შავკანიანი ქალები გააქტიურდნენ სხვადასხვა აკადემიურ დისციპლინაში.

შავი ფემინისტები აკრიტიკებდნენ პრივილეგირებულ თეთრკანიან ფემინისტებს და თვლიდნენ, რომ მათ არ ესმოდათ სქესის, რასისა და კლასობრივი უთანასწორობის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა. შავი ფემინიზმის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ყველა ქალი ერთნაირად არ იჩაგრება. შავი ფემინისტები ემიჯნებიან ქალთა საკითხის მხოლოდ სქესით განსაზღვრას და მას დასავლური პატრიარქალური აზროვნების გამოძახილად თვლიან. ბელ ჰუკსის აზრით, ისეთი ქალებისთვის, რომლებიც არ განიცდიან რასობრივ და კლასობრივ ჩაგვრას, ადვილია მხოლოდ სქესზე ფოკუსირება.

იხილეთ, აგრეთვე: ინტერსექციურობა, კომბაჰი-რივერ-კოლექტივი, ჩიკანა მოძრაობა

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

კატეგორია: 
ავტორები: