კულტურ-ფემინიზმი

Cultural feminism

კულტურ-ფემინიზმი არის ფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ქალის განსაკუთრებული, გამორჩეული ბუნების არსებობას აღიარებს და მიიჩნევს, რომ პატრიარქალური სისტემა სწორედ ქალური ბუნების, ქალის არსებითი თვისებების მარგინალიზებას და მათი ღირებულების დაკნინებას ემყარება. კულტურ-ფემინისტებისთვის ქალების ჩაგვრის უმთავრესი წყარო, სოციალური და ეკონომიკური სისტემის ნაცვლად, მასკულინობაა. კულტურ-ფემინისტები მიზნად ისახავენ პატრიარქალური კულტურის წიაღში წარმოქმნილი ღირებულებების გადაფასებას და ქალებზე ორიენტირებული კულტურის შექმნას. მათი აზრით, აუცილებელია, ქალებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, როგორიცაა მზრუნველობა, ურთიერთდამოკიდებულება, ემოციურობა, თანაგრძნობა და თანაზიარობა, პოზიტიური ღირებულება მიენიჭოს. კულტურ-ფემინისტები პატივს სცემენ „ქალურ“ მზრუნველობას და ემიჯნებიან „მამაკაცური“ აგრესიის ღირსებად წარმოჩენას. მაგალითად,  ისინი მიიჩნევენ, რომ ბიოლოგიური განსხვავებებიდან გამომდინარე, ქალებს ბავშვებზე ზრუნვის უკეთესი უნარი აქვთ, ვიდრე კაცებს. ამგვარად, კულტურ-ფემინიზმის თანახმად, გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა არა ბავშვზე განსაკუთრებული ზრუნვის ქალური უნარის უგულებელყოფა ან უარყოფა, არამედ აუცილებელია ამ უნარის დაფასება და აღიარება.

კულტურ-ფემინისტის ადრიანა რიჩის შეხედულებით, მიზანშეწონილი არ არის „ქალურობაზე“ უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიარქატმა „ქალური“ ბიოლოგია ქალების დასამორჩილებლად გამოიყენა. თავდაპირველად კულტურ-ფემინისტები ლაპარაკობდნენ „ქალური“ ღირსებების უპირატესობაზე, განსაკუთრებით, თანაგრძნობასა და პაციფიზმზე, და მიიჩნევდნენ, რომ ამ თვისებებით შეიძლება „მასკულინური“ ეგოიზმისა და ძალადობის დამარცხება. კულტურ-ფემინისტები ქალის დაქვემდებარებული როლის შესაცვლელად მიმართავდნენ გაბატონებული კულტურული დისკურსის ახლებურად გააზრებას და გადაფასებას.

იხილეთ, აგრეთვე: ბიოლოგიური ესენციალიზმი, განსხვავების ფემინიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Alcoff, L. (1988). Cultural Feminism versus Post-Structuralism: The Identity Crisis in Feminist Theory. Signs, 13 (3), pp. 405-436.

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York:   Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: