ფსიქოანალიზური ფემინისტური თეორია მეოცე საუკუნის 70-იან წლებში განვითარდა და ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური თეორიის განშტოებას წარმოადგენს. 1905 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სამი ესე სექსუალობის შესახებ“ ფროიდი წარმოადგენს ჩვილის სექსუალობის თეორიას, რომელშიც გამოყოფს ფსიქოსექსუალური განვითარების სხვადასხვა ფაზას, მათ შორის, ოიდიპოსის კომპლექსის ფორმაციას. ფსიქოანალიზური ფემინიზმი პოზიციათა ვრცელ სპექტრს აერთიანებს: დაწყებული ფრანგი ფემინისტი ფილოსოფოსებით, რომლებიც ფროიდის ლაკანისეული რეინტერპრეტაციის გავლენის ქვეშ იყვნენ (ლუს ირიგარე და იულია კრისტევა) და იმ თეორეტიკოსების ჩათვლით, რომელთაც სურთ, თავად ფროიდისეული თეორია განავითარონ და გამოიყენონ ფემინისტური ანალიზისთვის (მაგალითად, ნენსი ჩოდოროუ). მეორე ჯგუფის ტიპური მიდგომაა ყურადღების გამახვილება პრეოიდიპალურ ფაზაზე ფსიქოსექსუალური განვითარების ფროიდისეულ თეორიაში. მათი მტკიცებით, გენდერის ჩამოყალიბებას განაპირობებს ის, რომ ამ ფაზაში ძირითადი მზრუნველის როლი ქალს (დედას) ენიჭება. ფემინისტი ფსიქოანალიტიკოსები ქალისა და კაცის გენდერული იდენტობების სხვადასხვაგვარად კონსტრუირების თეორიას გვთავაზობენ, რომლისთვისაც ცენტრალურია დედის ფიგურა. ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი ფემინისტი მეტად უსვამს ხაზს სექსუალობისაა და სექსუალური ურთიერთობების კონსტრუირებას, რომლის მოდელიც დედისა და ჩვილის ურთიერთობაა. სხვები გვთავაზობენ ობიექტი-ურთიერთობის თეორიას, რომელიც ბავშვის გენდერული იდენტიფიკაციის პროცესს მშობლებთან ურთიერთობის ინტერნალიზაციის ჭრილში აანალიზებს. ამ თეორიის მიხედვით, გოგონა დედისგან საბოლოოდ არასოდეს განცალკევდება, ამგვარად, მისი გენდერული იდენტობა დედასთან მიმართებაში და მისი მიბაძვით ფორმირდება და გულისხმობს იდენტიფიცირებას „ქალურ“ თვისებებთან, როგორიცაა ზრუნვა და ურთიერთობების მოთხოვნილება. ბიჭი კი დედისგან სრულ გამოყოფას ახერხებს „ქალურის“ უკუგდებით ან გაუფასურებით და დისტანციურ მამასთან იდენტიფიცირებით. ამგვარად, გენდერული იდენტობა მამაკაცებისთვის დაკავშირებულია ავტონომიასა და ქალური მახასიათებლების ჩახშობასთან.
ფემინისტი ფილოსოფოსები ორი ძირითადი მიზეზის გამო აკრიტიკებენ ფსიქოანალიზურ ფემინიზმს. ერთი იმიტომ, რომ მას ნამდვილ პოლიტიკურ ფილოსოფიად არ მიიჩნევენ: ფსიქოანალიზურ ფემინიზმში ქალთა ჩაგვრის ანალიზი ფსიქოლოგიის სფეროთია შემოფარგლული და ამის შედეგად სხვა ისეთი სფეროების (მაგალითად, ეკონომიკურის) იგნორირება ხდება, რომლებიც ცენტრალური კომპონენტი უნდა იყოს ქალთა ჩაგვრის ფემინისტური ანალიზისთვის. გარდა ამისა, სადავოა ფსიქოანალიზური ფემინიზმის მიერ გენდერული უთანასწორობის მოშთობისთვის შემოთავაზებული სტრატეგია - ორივე სქესის მშობლის აქტიური მონაწილეობა ბავშვზე ზრუნვაში. ზოგიერთი ფემინისტი ფილოსოფოსის აზრით, ეს სტრატეგია მეტისმეტად სიმპლიცისტურია, რადგანაც უგულებელყოფს იმას, რომ ქალის, როგორც მზრუნველის, ტრადიციული როლი პატრიარქატს ემსახურება; ის აძლევს მამაკაცებს იმის თავისუფლებას, რომ მეტი დრო გაატარონ სამასახურში და, შესაბამისად, ხელს უწყობს მამაკაცის ეკონომიკურ და სოციალურ უპირატესობას. ამგვარად, ფსიქოანალიზური ფემინიზმი სერიოზულს ვერაფერს გვთავაზობს გენდერის იმგვარი კონსტრუირების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა ჩაგვრას უდევს საფუძვლად.
კრიტიკის მეორე მიზეზი ისაა, რომ ფსიქოანალიზური ფემინიზმი ფროიდისეულ თეორიას ეყრდნობა. ფროიდის მიხედვით, პენისის არქონა გოგონებში ფსიქოლოგიური განსხვავების უპირობო განმაპირობებელია: ეს ბიოლოგიური ნაკლი თუ არასრულფასოვნება პირდაპირ აისახება ფსიქოლოგიურ არასრულფასოვნებაში. ეს ბიოლოგიურად დეტერმინისტული პოზიცია ამცირებს ქალთა გათავისუფლების შესაძლებლობებს და უპირისპირდება ძირითად ფემინისტურ დებულებას, რომ სქესთა შორის ფსიქოლოგიური განსხვავებები სოციალიზაციის შედეგია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Gardner C. V. (2006) “Historical Dictionary of Feminist Philosophy”, The Scarecrow Press Inc.