ლიბერალური ფემინიზმი ფემინისტური იდეოლოგიის ლიბერალურ-ინდივიდუალისტური ფორმაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალთა და მამაკაცთა უფლებრივ თანასწორობზე. ლიბერალური ფემინიზმის მიხედვით, გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაა ინსტიტუციური რეფორმების გატარება, საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება.
ლიბერალური ფემინიზმის აქტიური მხარდამჭერი იყო ჯონ სტიუარტ მილი. 1869 წელს მან გამოაქვეყნა შრომა „ქალთა დაქვემდებარება“. მისი აზრით, ქალთა დაქვემდებარებული მდგომარეობის ისტორიულად არსებობა, თავისთავად, ვერ გაამართლებს ამ მდგომარეობის შენარჩუნებას მომავალში. მილი საუბრობს ქალებისა და მამაკაცების თანაბარ უფლებებზე მიიღონ განათლება, იმუშაონ, ჰქონდეთ პიროვნული ავტონომია და ხმის მიცემის უფლება, რათა გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები.
ლიბერალური ფემინიზმის ქვაკუთხედია ინდივიდუალური თავისუფლება. მისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს კერძო და საზოგადო სფეროების გამიჯვნას. საზოგადო სფერო მოიცავს პოლიტიკურ და საჯარო საქმიანობას, კერძო - პირადსა და ოჯახურს. მამაკაცები ორივე სფეროში მოღვაწეობენ და აღწევენ წარმატებას, მაშინ, როდესაც ქალები შეზღუდულები არიან კერძო სფეროთი (ოჯახით) და სრულად ვერ სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელითაც ლიბერალიზმი მოქალაქეებისთვის მოითხოვს. ამის გამოსასწორებლად აუცილებელია, ქალები თანაბრად სარგებლობდნენ პოლიტიკური და ლეგალური უფლებებით და თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ სტრუქტურებში.
ლიბერალურ ფემინიზმს სხვადასხვა მხრიდან აკრიტიკებენ: (ა) კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ლიბერალური ფემინიზმი არ ითვალისწინებს სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის ფაქტორებს; (ბ) სხვები ფიქრობენ, რომ ლიბერალური ფემინიზმი დასავლური ჰეგემონიური დისკურსის ნიმუშია, რომელიც პირველი სამყაროს (დასავლეთის) ქვეყნების საზოგადოებრივი მოწყობის მოდელის მთელ მსოფლიოზე გავრცელებას ესწრაფვის; (გ) ზოგიერთი კრიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალისტური ლიბერალიზმი თვითონ არის პატრიარქალური და მასკულინისტური იდეოლოგია და მის ფარგლებში შეუძლებელია ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნა, რომლებიც აუცილებელია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისათვის.
ლიბერალური ფემინიზმის ცნობილი წარმომადგენლები არიან მერი უოლსტონკრაფტი, გლორია სტეინემი, ბეტი ფრიდანი და სხვები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.) (2000) Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
ჯავახიშვილი ნ. (2002) ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში. თბილისი.