ინდიჯენისტური ფემინიზმი

Indigenist Feminism

ინდიჯენისტური (ინგლისური: indigenous - ადგილობრივი) ფემინიზმის ამოცანაა ქალების ჩაგვრის აღმოფხვრა გლობალური მასშტაბით, კულტურული და ეკონომიკური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. ინდიჯენისტი ფემინისტების აზრით, ტრადიციული ცხოვრების წესი აუცილებლად გენდერულად დისკრიმინაციული არ არის, ამიტომ მათი აქტივიზმის მიზანია, დაიცვან და შეინარჩუნონ ტრადიციული, ავტოქთონური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი თანასწორობა და ავტონომია. ინდიჯენისტი აქტივისტების ბრძოლას ორი ასპექტი აქვს: ნეიტივიზმი (Nativism) - ძალისხმევა ტრადიციული, ადგილობრივი კულტურის, ურთიერთობების, ეკოლოგიური მრავალფეროვნებისა და ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის; ინდიჯენიზმი (indigenism) - ბრძოლა გარემოს ექსპლუატაციისა და გლობალური ეკონომიკური გენოციდის წინააღმდეგ.

ინდიჯენისტი ფემინისტების აზრით, დასავლეთევროპელმა კოლონიზატორებმა ამერიკის ავტოქთონურ მოსახლეობას, მათი დამორჩილების მიზნით, თავს მოახვიეს სექსისტური კანონმდებლობა. დასავლეთის სამართლებრივი ენა და კულტურა იმდენად იყო გაჯერებული სექსიზმით, რასიზმითა და კლასიზმით, რომ ქალები, ფერადკანიანები და ღარიბები ვერ ახერხებდნენ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღებას. ინდიჯენისტების აზრით, გენდერული უთანასწორობა ადგილობრივ საზოგადოებებში „პატრიარქალური კოლონიალიზმის“ წყალობით გავრცელდა.

ინდიჯენისტი ფემინისტები მიიჩნევენ, რომ გენდერულ როლებსა და ქალთა უფლებებზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია კულტურული კონტექსტის გათვალისწინება. მაგალითად, ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ქალები მენსტრუაციის დროს არ მონაწილეობდნენ თემის ზოგიერთ რიტუალში. თუმცა ამის მიზეზი მენსტრუაციის დღეებში მათი „უწმინდურად“ შერაცხვა და გარიყვა კი არ იყო, არამედ, პირიქით - გაზრდილი ძალაუფლება. ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ მენსტრუაციის დღეებში ქალები იმდენად დიდ ძალას ეუფლებოდნენ, რომ შეეძლოთ ენერგიის დისბალანსი გამოეწვიათ. ინდიჯენისტი ფემინისტები გაუპატიურებას, სუიციდსა და დეპრესიას გლობალური კოლონიზაციისა და რეპრესიების შედეგად მიიჩნევენ.

ჯეიმს გერერო (Jaimes Guerrero) გამოყოფს ინდიჯენისტური ფემინიზმის შვიდ ურთიერთდაკავშირებულ ასპექტს: (1) თეორიული ნააზრევი კოლონიალიზმსა და სუვერენობაზე; (2) დასავლური კოლონიალიზმის იმპერიალიზმისა და პატრიარქატის კრიტიკა; (3) ადგილობრივ ქალებზე პატრიარქალური კოლონიალიზმის გავლენის ანალიზი; (4) რასიზმისა და კოლონიალიზმის ეკონომიკის ანალიზი; (5) ფემინისტებისა და ინდიჯენისტი ქალების ბრძოლა დეკოლონიზაციისთვის; (6) ეკოფემინიზმი და ინდიჯენიზმი, როგორც ანტიკოლონიური მოძრაობა; (7) ფემინიზმის, კოლონიალიზმისა და ინდიჯენიზმის ტრანსნაციონალური ბუნება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Waters, A. (2003). “Introduction: Special Issue on ‘Native American Women, Feminism, and Indigenism.’” Hypatia, pp. ix-xx.

Code, L. (Ed.) (2000) Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: