პოსტკოლონიური ფემინიზმის ყურადღების ცენტრშია აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კოლონიზებული საზოგადოებები; მისი მიზანია დასავლეთის მიერ ან დასავლეთის გავლენით შექმნილი ცოდნის კრიტიკულად გააზრება. პოსტკოლონიური ფემინიზმის კრიტიკის საგანია არა მხოლოდ კოლონიური და ნეოკოლონიური პატრიარქატი, არამედ დასავლური ფემინიზმის აკადემიური და კულტურული ჰეგემონიაც. პატრიარქატის ნაციონალისტური და კოლონიალისტური სისტემების ერთმანეთთან გარიგების შედეგად ხდება ქალების კულტურული, რასობრივი და გენდერული კოლონიზაცია. პოსტკოლონიური ფემინისტების აზრით, დასავლური ფემინიზმი კოლონიალიზმისა და თეთრკანიანების პატრიარქატის თანამონაწილეა და ხელს უწყობს ფერადკანიან ქალთა კიდევ უფრო გარიყვას. დასავლელი ფემინისტები მესამე სამყაროს ქალებზე ხშირად საუბრობენ, როგორც გაუნათლებელ, ღარიბ, პასიურ არსებებზე, რომელთაც „განათლებულმა და ემანსიპირებულმა“ დასავლელმა ფემინისტებმა „უნდა უშველონ“. ჩანდრა მოჰანტის აზრით, ასეთი ტენდენცია გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მესამე სამყაროს ქალებს და მათი გამოცდილების ორიენტალისტურ ესენციალიზებას იწვევს. პოსტკოლონიური ფემინიზმის ფუძემდებლური ტექსტებია ჩანდრა მოჰანტის „დასავლური მზერის ქვეშ“ (1984) და გაიატრი სპივაკის სტატია „შეუძლია სუბალტერნს ლაპარაკი?“ (1988).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.) (2000) Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.