ნეიროტრანსმიტერები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Neurotransmitters

ბიოქიმიური მესენჯერები, რომლებიც ნეირონებიდან გამოიყოფა, გაივლის სინაფსს, აღწევს მეორე ნეირონამდე, მის სტიმულაციას იწვევს და ამით უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გავრცელებას ნერვულ სისტემაში. ეს არის ვიწრო ნაკადები, რომლებიც ტვინში გარკვეულ მარშრუტზე მოძრაობენ. ზოგჯერ სხვა ნაკადის პარალელურად მიედინებიან, ზოგჯერ კი — დამოუკიდებლად, თუმცა, ერთი შეხედვით, უმიზნოდ მოხეტიალე მოგზაურებს ჰგვანან. ნეირონები, რომლებიც ერთი ტიპის ნეიროტრანსმიტერებისადმი არიან მგრძნობიარენი, ჯგუფდებიან და ტვინის ერთი ნაწილიდან მეორისკენ მიმავალ გზას/ბილიკს ქმნიან. ეს გზები ხშირად სხვა გზებს კვეთენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, თითოეული სახეობის ნეიროტრანსმიტერი საკუთარ გზაზე აგრძელებს მოძრაობას. თავის ტვინში ათასობით და ათიათასობით ასეთი მარშრუტია გაკვალული.

ტვინში ნეიროტრანსმიტერის ფუნქციას 100-ზე მეტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ასრულებს. თითოეული მათგანი რამდენიმე რეცეპტორთან არის დაკავშირებული და ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში ფუნქციონირებენ. ინტენსიურად შესწავლილი ნეიროტრასნმიტერები გარკვეულ ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თითოეული მათგანი პრესინაფსურ აქსონურ დაბოლოებაში გამომუშავდება და გამოთავისუფლდება, როდესაც მოქმედების პოტენციალი აღწევს ამ დაბოლოებას. ნეიროტრანსმიტერის არსებობა სინაფსურ ნაპრალში პოსტსინაფსური მემბრანის ბიოლოგიურ პასუხს აღძრავს. თუ მისი გამოთავისუფლება არ მოხდა, შესაბამისი პასუხი ვერ წარმოიქმნება.

სინაფსურ გადაცემაში რეცეპტორულ მოლეკულაზეა დამოკიდებული, ნეიროტრანსმიტერს ამგზნები ეფექტი ექნება თუ შემაკავებელი, ე. ი. ერთი და იგივე ნეიროტრანსმიტერი შეიძლება ერთი სინაფსისთვის ამგზნები იყოს, მეორესთვის კი — შემაკავებელი.

უამრავ ნეიროტრანსმიტერს შორის არის რამდენიმე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის წარმატებული ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. ასე მაგალითად, წლების მანძილზე ცნობილი იყო, რომ ნეიროტრანსმიტერი სეროტონინის არასათანადო აქტივობა დეპრესიის მიზეზი იყო, ხოლო ნეიროტრანსმიტერი დოფამინის დეფიციტურ ფუნქციონირებას შიზოფრენიული აშლილობის სურათში შეჰქონდა თავისი წვლილი. თუმცა უფრო და უფრო მეტი ემპირიული საბუთი არსებობს იმისა, რომ ეს ძალზე გამარტივებული ხედვაა. დღეისათვის ცნობილია, რომ ნეიროტრანსმიტერის აქტივობა ნაკლებად სპეციფიკურია. ხშირად მათთან არის დაკავშირებული, თუ როგორ გადავამუშავებთ ინფორმაციას. ნეიროტრანსმიტერების აქტივობის ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს, რომ ადამიანებმა მეტ-ნაკლები ალბათობით განახორციელონ გარკვეული ტიპის ქცევები გარკვეულ სიტუაციებში, თუმცა ისინი უშუალოდ არ მოქმედებენ ქცევაში. ამასთან, ადამიანის ფუნქციონირების პათოლოგიური ცვლილებები სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის ურთიერთქმედებას უფრო უკავშირდება, ვიდრე რომელიმე ერთი სისტემის აქტივობის ცვლილებას.

ქვემოთ მოკლედ განხილულია რამდენიმე ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ნერვული სისტემის წარმატებული ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად არის მიჩნეული.

აცეტილქოლინი

აცეტილქოლინი გვხვდება როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. მაგალითად, აცეტილქოლინის სეკრეტორული ნეირონების დაზიანება პაციენტებში მეხსიერების დარღვევას იწვევს ალცჰეიმერის დაავადების დროს. ის, ასევე, ამგზნებად მოქმედებს ნერვკუნთოვან შეერთებაში, სადაც კუნთების შეკუმშვას იწვევს. მრავალ ტოქსინს შეუძლია აცეტილქოლინის სინაფსური მოქმედების შეცვლა. მაგალითად, ბოტულინუმის ტოქსინი, რომელიც ხშირად შეინიშნება არასწორად კონსერვირებულ საკვებში, წამლავს ადამიანს, აფერხებს რა აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას სასუნთქ სისტემაში. 

გაემი

გაემი (გამა-გაეამინო-ერბოს-მჟავა ანუ GABA-ინჰიბიტორი) თავის ტვინში ყველაზე ფართოდ გავრცელებული შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერია. ის ტვინის სინაფსების დაახლოებით ერთ მესამედში მესენჯერის (ინფორმაციის გადამტანის) ფუნქციას ასრულებს. გაემ-მგრძნობიარე ნეირონები ტვინის ისეთ უბნებშია ლოკალიზებული, როგორიცაა თალამუსი, ჰიპოთალამუსი და კეფის წილი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოპათოლოგიის ზოგიერთ ფორმაში, აკავებს რა ნეირონულ აქტივობას. როდესაც მისი დონე იკლებს, ადამიანში ეს დამატებით ნერვულ აქტივობას იწვევს, რაც შფოთვის სახით ვლინდება.

მონოამინები: დოფამინი, ნორეპინეფრინი და სეროტონინი

მონოამინების კლასში სამი ნეიროტრანსმიტერი შედის: ნორეპინეფრინი (ასევე, ცნობილია, როგორც ნორადრენალინი), სეროტონინი და დოფამინი. მათ „კლასიკურ“ ნეიროტრანსმიტერებსაც უწოდებენ, ვინაიდან ნერვში სინთეზირდებიან.

სეროტონინი

ყველა ნეირონი, რომელიც სეროტონინს გამოიმუშავებს, ტვინის ღეროშია მოთავსებული. მიჩნეულია, რომ სეროტონინი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, განსაკუთრებით კი ინფორმაციის გადამუშავების გზებზე. სეროტონინი ქცევას, გუნება-განწყობილებასა და აზროვნების პროცესებს არეგულირებს. მისი უკიდურესად დაბალი დონე ნაკლებ შეკავებასთან და არასტაბილურობასთან, იმპულსურობასთან და სიტუაციებზე მოჭარბებულ რეაქციებთან ასოცირდება. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ასეთი ქცევა განხორციელდეს სეროტონინის დაბალი დონის არსებობისას. თავის ტვინის სხვა ნერვული გზები ან სხვა ფსიქოლოგიური თუ სოციალური გავლენები შეიძლება ეფექტურად აკომპენსირებდნენ სეროტონინის აქტივობის დაბალ დონეს. აქედან გამომდინარე, სეროტონინის დეფიციტი უშუალოდ კი არ იწვევს პრობლემურ ქცევას, არამედ ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის მის მიმართ. გარდა ამისა, სეროტონინს ოდნავ განსხვავებული მოქმედება აქვს იმისდა მიხედვით, რა ტიპის თუ ქვეტიპის რეცეპტორთან ასოცირება. დღეისათვის ცნობილია დაახლოებით 15 ასეთი სხვადასხვა სახის რეცეპტორი.

ნორეფიპეფრინი

ნორეპინეფრინი ენდოკრინული სისტემის ნაწილია, რომელსაც დოფამინთან ერთად, კატექოლამინებს უწოდებენ. ის, სულ მცირე, რეცეპტორთა ორი (და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე) ჯგუფის სტიმულირებას ახდენს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნორეპინეფრინის რამდენიმე ნაკადია აღმოჩენელი. ერთი მათგანი ისეთი ბაზისური ფუნქციების კონტროლში მონაწილეობს, როგორიცაა სუნთქვა, მეორე განგაშის რეაქციებისა და სტიმულაციაზე სწრაფად რეაგირების პროცესშია ჩართული. ნორეპინეფრინის დონის რეგულირებისთვის ე. წ. ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება, რომლებიც ნორეპინეფრინის დონის შემცირებით გულისცემის სიხშირესა და სისხლის წნევას არეგულირებენ.

დოფამინი

დოფამინი მონოამინების კლასში მთავარი ნეიროტრანსმიტერია, რომელსაც, ეპინეფრინთან და ნორეპინეფრინთან ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გამო, კატექოლამინების კლასში ათავსებენ. დოფამინი ჩართულია ისეთი პათოლოგიის განვითარებაში, როგორიცაა შიზოფრენია და ადიქციური აშლილობები. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ის, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის განვითარებაში.

დოფამინის სხვადასხვა ნაკადი მოძრაობს თავის ტვინის სპეციფიკურ უბნებში, რაც მის უფრო ზოგად ეფექტზე მიგვანიშნებს. ეს მოქმედება შეიძლება აღიწეროს, როგორც თავის ტვინის სხვა ნაკადების აქტივაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, გარკვეული ტიპის ქცევებს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ესა თუ ის ნაკადი ჩართულია, სხვა ნეიროტრანსმიტერები ახერხებენ ემოციების ან ქცევის შეკავებას ან, პირიქით, მათი აღმოცენების ინიცირებას. დოფამინის ნაკადები ბევრჯერ ერევა და ეკვეთება სეროტონინის ნაკადებს და, აქედან გამომდინარე, ეს ორი ნეიროტრანსმიტერი ბევრ ერთნაირ ქცევაზე ზემოქმედებს. მაგალითად, დოფამინური აქტივობა ძიებით, სიამოვნების მაძიებელ ქცევებს უკავშირდება, სეროტონინი კი შეკავებასა და შეზღუდვასთან ასოცირდება. ასე რომ, დოფამინის მოქმედება საკმაოდ კომპლექსურია. დღეისათვის, სულ მცირე, ხუთი განსხვავებული რეცეპტორული უბანია აღმოჩენილი, რომლებიც სელექციურად მგრძნობიარენი არიან დოფამინის მიმართ.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

http://www.britannica.com/EBchecked/topic/409665/nervous-system/75852/Potassium-channels#toc75855  (1.08.2014)

კატეგორია: 
ავტორები: