ნერვული უჯრედის (ნეირონის) ან კუნთური უჯრედის მემბრანის ელექტრული პოლარიზაციის ხანმოკლე (დაახლოებით წამის 1/1000) ცვლილება. ნეირონში მოქმედების პოტენციალი წარმოქმნის ნერვულ იმპულსს, ხოლო კუნთურ უჯრედში ყველა ტიპის მოძრაობისთვის აუცილებელ შეკუმშვას. ზოგჯერ მოქმედების პოტენციალს გავრცელებად პოტენციალსაც უწოდებენ, რადგან აგზნების ტალღა აქტიურად გადაეცემა ნეირონის ან კუნთური უჯრედის ბოჭკოს გასწვრივ, მოქმედების პოტენციალის სიჩქარე წამში 0.1-დან 10 მეტრამდე მერყეობს ნერვული ბოჭკოს ტიპისა და მისი გარემოს მახასიათებლების გათვალისწინებით.
გაღიზიანებამდე, ნერვულ უჯრედსა და კუნთურ უჯრედს მცირედით ნეგატიური ელექტრული პოლარიზაცია ახასიათებს; მისი შიგთავსი მემბრანის გარე სივრცესთან შედარებით, უფრო ნეგატიურადაა დამუხტული. ამ პოლარიზებულ მდგომარეობას ქმნის დადებითად დამუხტული ნატრიუმის იონების მაღალი კონცენტრაცია მემბრანის გარესივრცეში და ნეგატიურად დამუხტული ქლორის იონების მაღალი კონცენტრაცია შიდასივრცეში (შედარებით დაბალი კონცენტრაციით დადებითად დამუხტული კალიუმის იონებიცაა მოცემული შიგნითა სივრცეში). ამ მდგომარეობას მოსვენების პოტენციალს უწოდებენ და ის ჩვეულებრივ -75 მილივოტს (mV) შეადგენს, სადაც - ნეგატიურად დამუხტვის ინდიკატორია.
მოქმედების პოტენციალის აღმოცენება ხდება უჯრედის სტიმულაციით ნეიროტრანსმიტერების ან სენსორული რეცეპტორული უჯრედებით, რაც ნაწილობრივ ხსნის მემბრანაში არხის ფორმის პროტეინის მოლეკულებს. ნატრიუმი იჭრება მემბრანაში და ნაკლებად ნეგატიურად პოლარიზებულ გარემოს ქმნის. თუ ეს ლოკალური პოტენციალი მიაღწევს ზღურბლოვან პოტენციალს (დაახლოებით -60 mV), მოხდება ნატრიუმის არხების ბოლომდე გახსნა. ნატრიუმი ხვდება უჯრედის იმ ნაწილში, რომელიც მომენტალურად ახდენს დეპოლარიზაციას დაახლოებით +55 mV მოქმედების პოტენციალამდე. დეპოლარიზაცია ააქტიურებს ნატრიუმის არხებს მემბრანის მიმდებარე ნაწილებში, რაც განაპირობებს მოქმედების პოტენციალის გავრცელებას აქსონის გასწვრივ. მოქმედების პოტენციალს ასევე ნერვულ იმპულსს უწოდებენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 89-92
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 9
"action potential". Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica Inc., 2014. Web. 31 May. 2014
http://www.britannica.com/EBchecked/topic/4491/action-potential