როდესაც მოქმედების პოტენციალი ტერმინალურ ბალთას აღწევს, მოქმედებათა მთელი ჯაჭვის აქტივაციას იწვევს, რომელსაც სინაფსური გადაცემა ეწოდება და ეს არის ერთი ნეირონიდან მეორეზე ინფორმაციის გადაცემის პროცესი სინაფსში ანუ სინაფსური ნაპრალის გავლით.
სინაფსური გადაცემა იწყება მაშინ, როცა მოქმედების პოტენციალი აქსონის დაბოლოებაში იწვევს პატარა სფეროსებრი ბუშტუკების ანუ სინაფსური ვეზიკულების მოძრაობას აქსონური დაბოლოებების შიდა მემბრანისკენ და მასთან მიმაგრებას. ყოველი ვეზიკულის შიგნით ნეიროტრანსმიტერია მოთავსებული. მოქმედების პოტენციალი, ასევე, იწვევს იონური არხების გახსნას და კალციუმის შემოსვლას აქსონურ დაბოლოებაში, რაც სინაფსური ვეზიკულების გასკდომას და მათში არსებული ნეიროტრასმიტერების გამოთავისუფლებას განაპირობებს. ამის შემდეგ ნეიროტრანსმიტერი ძალიან სწრაფად გადადის სინაფსურ ნაპრალში და პოსტსინაფსურ მემბრანას აღწევს. სინაფსური გადაცემის დასრულებისთვის ნეიროტრანსმიტერები პოსტსინაფსურ მემბრანაზე არსებულ რეცეპტორულ მოლეკულებს უკავშირდება.
ნეიროტრასმიტერი რეცეპტორულ მოლეკულას ორი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში უკავშირდება: (1) სხვა არც ერთი ნეიროტრანსმიტერი ან ქიმიური ნივთიერება არ შეუძლება დაუკავშირდეს მოცემულ რეცეპტორულ მოლეკულას; (2) ნეიროტრანსმიტერის ფორმა ისე უნდა შეესაბამებოდეს რეცეპტორული მოლეკულის ფორმას, როგორც გასაღები ერგება კლიტეს. თუ რომელიმე პირობა არ სრულდება, ნეიროტრანსმიტერი ვერ დაუკავშირდება რეცეპტორს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოსტსინაფსური მემბრანის სტიმულირება შეუძლებელი იქნება. თუ ნეიროტრანსმიტერი დაუკავშირდა რეცეპტორულ მოლეკულას, მას შეეძლება მეზობელი ნეირონისთვის ინფორმაციის გადაცემა „განმუხტვის“ ან „არგანმუხტვის“ შესახებ. შეასრულებს რა თავის ფუნქციას, ნეიროტრანსმიტერი შორდება რეცეპტორულ მოლეკულას და უკან, სინაფსურ ნაპრალში გადადის. აქ ის ან იშლება ენზიმების ზემოქმედების შედეგად, ან უკუშეიწოვება აქსონური დაბოლოების მიერ განმეორებითი გამოყენების მიზნით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.