ნეირონი

Neuron

ნეირონი არის სპეციალიზირებული უჯრედი, რომლის ფუნქციაა მიიღოს, გადაამუშავოს და/ან გადასცეს ინფორმაცია სხვა უჯრედებს სხეულის შიგნით. ძუძუმწოვართა ტვინში აღმოჩენილია 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის ნეირონი. არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ქიმიური შემადგენლობისა და ფუნქციის ნეირონები, თუმცა ყველას საერთო ძირითადი სტრუქტურა აქვს. ადამიანის თავის ტვინში ნეირონთა რაოდენობა 100 მილიარდსა და 1 ტრილიონს შორის მერყეობს.

ნეირონები ერთი ბოლოთი იღებენ ინფორმაციას და მეორე ბოლოთი გადასცემენ. უჯრედის დატოტვილ მორჩებს, რომლებიც შემომავალ სიგნალებს იღებენ. მათ დენდრიტები ეწოდებათ. უჯრედის სხეული ანუ სომა შეიცავს ბირთვს და ციტოპლაზმას, რომლებიც მის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავენ. სომაში ხდება დენდრიტების სტიმულაციის შედეგად (ან ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ სხვა ნეირონიდან) მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება და გადაცემა ერთი, წაგრძელებული ბოჭკოსთვის, რომელსაც აქსონი ეწოდება. აქსონი, თავის მხრივ, გადასცემს ინფორმაციას მთელ თავის სიგრძეზე. აქსონის მეორე ბოლოში განლაგებულია შემსხვილებული, ბოლქვის მაგვარი სტრუქტურა, ე. წ. ტერმინალური ბალთა, რომლის საშუალებითაც ნეირონს შეუძლია მიმდებარე ჯირკვლების, კუნთებისა და სხვა ნეირონების სტიმულაცია.

ნეირონები ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემენ: დენდრიტებიდან სომის გავლით აქსონის გასწვრივ ტერმინალური ბალთისკენ.

ნეირონთა სამი მთავარი ჯგუფი არსებობს, ესენია: სენსორული (მგრძნობიარე) ნეირონები, მოტორული (მამოძრავებელი) ნეირონები და ინტერნეირონები.

სენსორული ნეირონები ინფორმაციას იღებენ სენსორული რეცეპტორებიდან და მას ცენტრალური ნერვული სისტემისკენ ატარებენ. ისინი ძალზე მგრძნობიარეები და სპეციალიზირებული არიან, მაგალითად, სინათლისადმი, ბგერისადმი ან სხეულის პოზიციისადმი. მოტორული ნეირონები ინფორმაციას ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებისა და ჯირკვლებისკენ ატარებენ. ტვინის ნეირონთა ძირითად მასას ინტერნეირონები ქმნიან, რომლებიც ინფორმაციას სენსორულიდან მოტორულ ან სხვა სახის ინტერნეირონებს გადასცემენ. თითოეულ მოტორულ ნეირონზე ტვინში დაახლოებით ხუთი ათასი ინტერნეირონი მოდის, რომლებიც ტვინის ძირითად მუშა მასას ქმნიან.

სამი ტიპის ნეირონის ერთობლივი მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია ტკივილისგან განრიდების რეფლექსი. როდესაც კანის ზედაპირის სიახლოვეს განლაგებული ტკივილის რეცეპტორები სტიმულირდება წვეტიანი საგნით, ისინი ინფორმაციას სენსორული ნეირონებით აგზავნიან ზურგის ტვინის ინტერნეირონებისკენ. ინტერნეირონი საპასუხოდ ააგზნებს მოტორულ ნეირონს, რომელიც, თავის მხრივ, ააგზნებს სხეულის შესაბამისი უბნის კუნთს და განარიდებს მას მტკივნეულ გამღიზიანებელს. თავის ტვინი მხოლოდ მას შემდეგ იღებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, რაც ეს ნეირონული აქტივობა განხორციელდება და სხეული მოცილდება მტკივნეულ გამღიზიანებელს.

თითოეული ნეირონი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას ათასიდან ათი ათას ნეირონთან ერთად, რათა  „გადაწყვიტოს“, წარმოქმნას თუ არა ახალი მოქმედების პოტენციალი. სწორედ ამ ათასობით ამგზნები და შემაკავებელი ინფორმაციის ინტეგრაცია ქმნის ადამიანის გამოცდილების  საფუძველს.

 

***

გამოყენებული ლიტერტურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

კატეგორია: 
ავტორები: