ქცევა

Behavior

მოქმედება, რომელითაც ორგანიზმი ერგება გარემოს. ადამიანის ქცევა მოქმედებათა სპექტრია, რომელზეც გავლენას ახდენს კულტურა, გენეტიკა, შეხედულებები, ემოციები, ღირებულებები, ეთიკური ნორმები, დარწმუნება, ჰიპნოზი და სხვა. ეს ცნება მოიცავს ისეთ ქმედებებს როგორებიცაა საპასუხო რეაქციები ან სხეულებრივი მოძრაობები. ზოგადად, ორგანიზმის მიერ განხორციელებული  ყველა ის  საპასუხო რეაქცია, რომლის გაზომვაც შესაძლებელია, არის ქცევა.

ფსიქოლოგია ადამიანის ქცევის შესახებ მეცნიერებაა და  რადგან გაფართოვდა იმ პროცესების/ფენომენების რიცხვი, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის შესწავლისთვის, გაფართოვდა ქცევის ცნებაში შემავალი ქმედებების  სპექტრიც.

ქცევის დეფინიციის ისტორია საკმაოდ დინამიურია, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზრი, რომ  ქცევის სპექტრში შესულიყო ყველა ის აქტი ან მოვლენა, რომელიც ადამიანს განსაზღვრავს და გაზომვადია. XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიჰევიორიზმის სკოლა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ უოტსონი და სკინერი. ისინი თვლიდნენ, რომ ფსიქოლოგიის შესწავლის საგანი მხოლოდ გაზომვადი პროცესები და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ქცევა უნდა ყოფილიყო.

თანამედროვე ფსიქოლოგია არ თავსდება ამ მკაცრ ჩარჩოში და მენტალისტურ/კოგნიტურ მიდგომასაც იზიარებს, რომლის მიხედვითაც ქცევა შეიძლება იყოს მენტალური რეპრეზენტაცია და ნეიროლოგიური პროცესი.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Behavior. (2009). In The Penguin Dictionary of Psychology

კატეგორია: 
ავტორები: