ემოცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Emotion

ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას; ეს არის პასუხი სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული.

ემოციების კვლევით დაინტერესებული იყო ჯერ კიდევ ჩარლზ დარვინი („ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში”). ის ემოციებს განსაზღვრავდა როგორც თანშობილ, სპეციფიკურ მენტალურ მდგომარეობას, რომელიც გარემოში განმეორებადი სიტუაციების გარკვეულ ჯგუფთან გასამკლავებლად არის მოწოდებული.  

პოლ ეკმანმა (Paul Ekman) და მისმა თანამშრომლებმა  დაადასტურეს, რომ ემოციური ექსპრესიების გარკვეული ნაწილი ადამიანის სახეობისათვის უნივერსალურია და ყველა ადამიანის „სახის ენა“, გარკვეულწილად, ემთხვევა ერთმანეთს. არსებობს მნიშვნელოვანი დასაბუთება იმისა, რომ ბედნიერების, გაოცების, ბრაზის, ზიზღის, შიშის, სევდისა და სიძულვილის ემოციას (შვიდი უნივერსალური ემოცია) ერთნაირად ცნობენ და ავლენენ მთელ მსოფლიოში. სილვან ტომკინსმა (Silvan Tomkins, 1962, 1981) ხაზი გაუსვა უშუალო, თანშობილი, არდასწავლილი აფექტური რეაქციების უნივერსალობას - ჩვილები ყოველგვარი სწავლის გარეშე, თითქოს წინასწარ არიან მზად, რომ გარკვეულ სტიმულებს უპასუხონ ემოციური რეაქციით, რომელიც იმდენად ზოგადია, რომ პირობების საკმაოდ ფართო სპექტრს შეესაბამება.

ემოციის თეორიები

ჯემს ლანგეს სხეულებრივი რეაქციის თეორიის („რა არის ემოცია“, 1884) თანახმად, ემოცია განისაზღვრება, როგორც ფიზიოლოგიური რეაქცია. სტიმულის აღქმა იწვევს ავტონომიურ ფიზიოლოგიურ აგზნებას და სხვა სხეულებრივ რეაქციებს, რომლებსაც სპეციფიკური ემოციის განცდამდე მივყავართ. კენონ-ბარდის ემოციის თეორიის (Cannon-Bard theory on emotion) მიხედვით, ემოციური სტიმული იწვევს ორ ერთდროულ რეაქციას - აგზნებასა და ემოციის განცდას, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ. ემოციის კოგნიტური შეფასების თეორიის (Cognitive appraisal theory of emotion) თანახმად, ემოციის განცდა ფიზიოლოგიური აგზნებისა და კოგნიტური შეფასების ერთობლივი შედეგია. კოგნიტური შეფასება ემსახურება იმას, თუ როგორ მოხდება გაურკვეველი, ორაზროვანი შინაგანი მდგომარეობის „ეტიკეტირება“. სტენლი შახტერის (Stanley Schachter, 1971) მიხედვით, ემოციის განცდა  ფიზიოლოგიური აგზნებისა და კოგნიტური შეფასების ერთობლივი მოქმედების შედეგია. ორივე კომპონენტი აუცილებელია ემოციის აღმოცენებისათვის. ჩვენ ვახდენთ ფიზიოლოგიური აგზნების შეფასებას, რათა განვსაზღვროთ, რას ვგრძნობთ, რომელი ემოციის იარლიყია ყველაზე შესაფერისი და რას ნიშნავს ჩვენი რეაქცია იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელშიც აგზნების განცდა ჩნდება.

ემოციების ფუნქციები

მოტივაციური ფუნქცია - ემოციები ხშირად იძლევიან იმპულსს მოქმედებისათვის და წარმართავენ ქცევას გარკვეული მიზნებისაკენ, იწვევენ რა ადამიანში მოქმედების განხორციელებისაკენ სწრაფვას, გარკვეული რეალურად განცდილი ან წარმოსახული მოვლენების საპასუხოდ. სოციალური ფუნქცია - ემოციები ასრულებენ სოციალური ინტერაქციების რეგულატორის ფუნქციას. როგორც დადებითი სოციალური მაკავშირებელი, ისინი გვაახლოებენ ზოგიერთ ადამიანთან, ხოლო როგორც უარყოფითი სოციალური გამღიზიანებლები, გვაშორებენ ზოგიერთ ადამიანს. კოგნიტურ ფუნქციებზე გავლენა - ემოციები გავლენას ახდენენ ყურადღების ველში მოხვედრილ ნებისმიერ ობიექტსა თუ მოვლენაზე; იმაზე,  როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს და სხვებს და როგორ ხსნის და იხსენებს ცხოვრებისეული სიტუაციების სხვადასხვა თავისებურებას.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: