ჰიპოთალამუსი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია, რომელიც თალამუსის ქვემოთ მდებარეობს და თავის ტვინის მესამე პარკუჭის ფსკერს ქმნის. ის ტვინის ინტეგრალური ნაწილია. ის ნეირონთა პატარა გროვებისგან, ერთმანეთთან დაკავშირებული ნეირონებისგან შედგება, რომლებიც უხვად მარაგდება სისხლით. მისი მცირე ზომის კონუსისებრი სტრუქტურა ჰიპოფიზის ღეროში ბოლოვდება. ჰიპოთალამუსი ნერვული და ქიმიური გზებით უკავშირდება ჰიპოფიზს და ის ერთგვარი გადამრთველის ფუნქციას ასრულებს ენდოკრინულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემებს შორის.
შუბლის წილი
ჰიპოთალამუსი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაში, კერძოდ, აკონტროლებს ავტონომიური ნერვული სისტემის ბევრ ფუნქციას, როგორიცაა, მოტივაციურ ქცევაში ჩართული ფიზიოლოგიურ პროცესები, მაგალითად, კვება, ტემპერატურის რეგულირება და სქესობრივი ქცევა. ის, ასევე, ზემოქმედებს ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე, ჰიპოფიზთან კომპლექსური ურთიერთქმედების გამო. გარდა ამისა, ჰიპოთალამუსის ფუნქციაა სხეულის ჰომეოსტაზის შენარჩუნება. მაგალითად, როცა სხეულის ენერგიის რეზერვები მცირდება, ჰიპოთალამუსი ერთვება ორგანიზმის
სტიმულაციაში, რათა მან საკვები მოიპოვოს და მიიღოს. როდესაც სხეულის ტემპერატურა იკლებს, ჰიპოთალამუსი სისხლძარღვთა შეკუმშვას ან მოკლე უნებლიე მოძრაობებს — კანკალს იწვევს.
ვინაიდან ჰიპოთალამუსი ტვინის ბევრ სხვა რეგიონს უკავშირდება და, მათ შორის, დიდი ტვინის ქერქს, ჰიპოთალამუსის გავლით ენდოკრინულ სისტემას მიეწოდება როგორც ინტელექტუალური და ფუნქციური სიგნალები, ისე გარეგანი სიგნალები, ფიზიკური და ემოციური სტრესორების ჩათვლით. ენდოკრინული სისტემა კი ამ სიგნალების მთელ სხეულზე ზემოქმედებას უზრუნველყოფს.
ჰიპოთალამუსი არა მარტო ნეიროტრასმიტერებსა და ნეიროპეპტიდებს გამოიმუშავებს, არამედ ზოგიერთ ნეიროჰორმონსაც, რომელიც ცვლის წინა ჰიპოფიზის ფუნქციას, და ორ ჰორმონს (ვაზოპრესინსა და ოქსიტოცინს), რომლებიც შორეულ სამიზნე ორგანოებზე მოქმედებენ. ეს ჰიპოთალამური ნეიროჰორმონები გამოთავისუფლების ჰორმონებად არის ცნობილი, ვინაიდან მათი ძირითადი ფუნქცია წინა ჰიპოფიზში ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებაა. ასევე, ჰიპოთალამუსში გამომუშავდება შემაკავებელი ფუნქციის მქონე ნეიროტრანსმიტერი დოფამინი, რომელიც ჰიპოფიზის ჰორმონის, პროლაქტინის სეკრეციას აკავებს.
ჰიპოფიზის ჰორმონების გამოთავისუფლების რეგულირების გარდა, ჰიპოფიზი მნიშვნელოვნად მოქმედებს კალორიების შთანთქმასა და წონის რეგულაციაზე, აწესებს რა წონაში ინდივიდუალური მატების ფიქსირებულ წერტილს. ასევე, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემოს ტემპერატურის ცვლის შესატყვისად, სითხის მიღებასა და წყურვილის შეგრძნებას, განაპირობებს ძილ-ღვიძილის მდგომარეობას.
ჰიპოთალამუსის დაზიანებამ ან დაავადებამ შეიძლება ჰიპოფიზის დისფუნქციის ან უშაქრო დიაბეტის სიმტომები გამოიწვიოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ვაზოპრესინის, რომელიც ხელს უწყობს თირკმელებში წყლის უკუშეწოვას, არარსებობა ხშირი მოშარდვით სხეულის სწრაფ გაუწყლოებას იწვევს. ამასთან, ოპტიკური ქიაზმა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰიპოთალამუსში ან ჰიპოფიზში არსებული სიმსივნეებით ან ანთების კერებით გამოწვეული ზეწოლისადმი, რაც ვიზუალური დეფექტების და სიბრმავის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Hypothalamus http://www.britannica.com/EBchecked/topic/280044/hypothalamus (3.08.2014)