იგივე ვეგეტატიური, ვისცერალური ან უნებლიე ნერვული სისტემა. პერიფერიული ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სხეულის უნებლიე და ვეგეტატიურ კარდიოვასკულარულ, საჭმლისმომნელებელ, რეპროდუქციულ და სუნთქვის ფუნქციებს. ავტონომიური ფუნქციების უმრავლესობა უნებლიეა, თუმცა ისინი ხშირად მოქმედებენ სომატურ ნერვულ სისტემასთან ერთად, რომელიც ნებისმიერ კონტროლს უზრუნველყოფს.
ავტონომიური ნერვული სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან: სიმპათეტიკური და პარასიმპათეთიკური ნერვული სისტემებისგან, რომლებიც შინაგან ორგანოებს უზრუნველყოფს ნერვული დაბოლოებებით. თავის მხრივ, როგორც სიმპათიკურ, ისე პარასიმპათეთიკურ ნერვულ სისტემაში გამოიყოფა ცენტრალური და პერიფერიული ნაწილები. ვეგეტატიური ნერვული სისტემის ერთიანი ცენტრები მოთავსებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქში, ზოლიან სხეულში და ჰიპოთალამუსის მიდამოს ბირთვებში. ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნერვული ბოჭკოები ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს - მგრძნობიარე (აფერენტული), მამოძრავებელი (ეფერენტული) და სეკრეციული.
ავტონომიური ნერვული სისტემის მოქმედების მაგალითებია გულის ცემა, საჭმლის მონელება, სუნთქვის სიხშირე, ნერწყვის გამოყოფა, ოფლიანობა, გუგების რეფლექსური პასუხი სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე, სექსუალური აგზნება და ა.შ.
***
გამოუენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 787;
Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 71