ჰიპოფიზი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს და პირდაპირ სისხლის ნაკადში ახდენს ჰორმონების სეკრეციას. დასახელება ბერძნულიდან მომდინარეობს („ქვეშ, ქვემოთ მდებარე“) და თავის ტვინის მიმართ მის მდებარეობას აღნიშნავს: ჰიპოფიზი თავის ტვინის ქვემოთ არის განლაგებული. ის გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს და ძირითად როლს ასრულებს მრავალი ენდოკრინული ფუნქციის რეგულაციაში. მას ხშირად „მთავარ ჯირკვალს“ უწოდებენ, რადგან ათი სხვადასხვა სახის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომლებიც ენდოკრინული სისტემის ყველა სხვა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციაზე ზემოქმედებენ.
ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძე 8-10 მმ-ია, ხოლო სიგანე — 12-15 მმ. მოზრდილი ადამიანის ნორმალური ჰიპოფიზი დაახლოებით 0.5 გრამს იწონის. ის განლაგებულია ჰიპოთალამუსის ქვეშ, ძვლოვანი სტრუქტურის მქონე თურქული კეხის ფოსოში, ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით, თურქული კეხის შუა ძგიდით, რომელშიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ჰიპოთალამუსს ნეირონების აქსონებისგან და ვენებისგან შემდგარი ფეხით უკავშირდება.
ძუძუმწოვართა თითქმის ყველა სახეობაში ჰიპოფიზი სამი წილისგან შედგება: წინა (ადენოჰიპოფიზი), შუა და უკანა (ნეიროჰიპოფიზი) წილები. ადამიანებში შუა წილი არ არსებობს ცალკეული ანატომიური სტრუქტურის სახით და მხოლოდ წინა წილში გაფანტული უჯრედების სახით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოფიზის წინა და უკანა წილები ახლოს არიან ერთმანეთთან განლაგებული, ისინი ფუნქციურად განსხვავდებიან. წინა და უკანა წილი განცალკევებული ნერვული სტრუქტურის ინტეგრალური ნაწილია, რომელსაც ნეიროჰიპოფიზს უწოდებენ. ჰიპოფიზის ასეთი წყობა განვითარების პროცესში ყალიბდება, კერძოდ, განვითარების ადრეულ საფეხურზე ის გარეგანი სეკრეციის ჯირკვალია. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება, ჰიპოფიზის წინა წილი წმინდად შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება, უკანა წილი კი უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდუა. სწორედ ეს წილი უკავშირდება ჰიპოთალამუსს ანატომიურად.
წინა ჰიპოფიზი ანუ ადენოჰიპოფიზი
მიუხედავად იმისა, რომ წინა ჰიპოფიზის ანუ ადენოჰიპოფიზის შემადგენელი უჯრედები მიკროსკოპში შედარებით ჰომოგენურად გამოიყურებიან, წინა ჰიპოფიზი ხუთი განსხვავებული ტიპის უჯრედებისგან შედგება. თითოეული მათგანი განსხვავებულ ჰორმონს ან ჰორმონებს გამოიმუშავებს. თიროტროპული უჯრედები თიროტროპინს (TSH) ასინთეზირებენ, გონადოტროპული უჯრედები — მალუტეინიზირებელ ჰორმონსა (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებენ ჰორმონს (FSH), კორტიკოტროპული უჯრედები — ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH), სომატოტროპული უჯრედები — ზრდის ჰორმონს (GH) ანუ სომატოტროპინს, ხოლო ლაქტოტროპული უჯრედები — პროლაქტინს.
წინა ჰიპოფიზში სინთეზირებული თითოეული ჰორმონი ცილებია, რომლებიც ერთი ან ორი გრძელი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შედგება და არსებით როლს ასრულებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაში. ასე მაგალითად, თიროტროპინი თორიდული ჰორმონის სეკრეციას ასტიმულირებს; ACTH — ჰორტიზოლისა და ანდროგენული ჰორმონების სეკრეციას; FSH ხელს უწყობს ქალების საკვერცხეებში ესტროგენისა და ოოციტების (კვერცხუჯრედების), ხოლო მამაკაცების სათესლე ჯირკვლებში — სპერმის უჯრედების გამომუშავებას. LH ქალების საკვერცხეებში ესტროგენებისა და პროგესტერონის და მამაკაცების სათესლე ჯირკვლებში ტესტოსტერონის სეკრეციას ასტიმულირებს, ხოლო GH სიმაღლეში ზრდის მასტიმულირებელია ბავშვებში, მოზრდილებში კი ძვლოვანი და სხვა ქსოვილების სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პროლაქტინი რძის გამომუშავებას ასტიმულირებს.
წინა ჰიპოფიზის ჰორმონების გამომუშავება, ნაწილობრივ, ჰიპოთალამუსში წარმოებული ჰორმონებით რეგულირდება. ზოგადად, ჰიპოთალამუსის ჰორმონები ჰიპოფიზის ყველა ჰორმონის სინთეზირებას ასტიმულირებენ, გარდა პროლაქტინისა, რომლის სინთეზირებაზეც შემაკავებელი ზემოქმედება აქვთ. მათი სეკრეცია პორტალურ ვენაში ხდება, რომელიც პირდაპირ ჰიპოთალამუსიდან გამოდის წინა ჰიპოფიზისკენ და უშუალოდ ჰიპოფიზთან მიაქვს ეს ჰორმონები.
უკანა ჰიპოფიზი ანუ ნეიროჰიპოფიზი
უკანა ჰიპოფიზი ნერვული უჯრედების დაბოლოებისგან შედგება, რომლებიც ჰიპოთალამუსის სპეციალიზირებულ რეგიონებში მდებარეობენ. ეს ნერვული უჯრედები ორ ჰორმონს —ოქსიტოცინსა და ვაზოპრესინს (ანტიდიარეულ ჰორმონს) — გამოიმუშავებენ, რომლებიც ნერვში გადაიტანება და უკანა ჰიპოფიზის შემადგენელ ნერვულ დაბოლოებებში ინახება. ჰორმონები ჰიპოთალამუსში წარმოქმნილი ნერვული სიგნალების საპასუხოდ გამოთავისუფლდება. ოქსიტოცინი ქალებში საშვილოსნოს შეკუმშვასა და რძის სეკრეციას იწვევს, ხოლო ვაზოპრესინი თირკმელებიდან წყლის უკუშთანთქმასა და სისხლის წნევას ზრდის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Pituitary gland, http://www.britannica.com/EBchecked/topic/462264/pituitary-gland (12.01.2015)