ჰორმონები

Hormones

ქიმიური მესენჯერები, რომლებიც გამომუშავდება ენდოკრინულ სისტემაში გაერთიანებული ჯირკვლებით. ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს და გავლენას ახდენენ სხეულის ზრდაზე, ხასიათსა და სასქესო ნიშან-თვისებებზე.

ჰორმონები ძლიერად ზემოქმედებენ ორგანიზმის ყოველდღიურ ცხოველქმედებაზე, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის გარკვეულ პერიოდებში და ზოგიერთი განსაკუთრებული სიტუაციის დროს. ისინი გავლენას ახდენენ სხეულის ზრდაზე; განსაზღვრავენ და ხელს უწყობენ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას; გავლენას ახდენენ სიფხიზლესა და ყურადღებაზე; წარმოადგენენ გუნება-განწყობილებისა და ხასიათის შეცვლის საფუძველს; არეგულირებენ მეტაბოლიზმს და სხეულის ენერგეტიკულ დანახარჯებს. ენდოკრინული სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის გადარჩენას, ეხმარება რა მას ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ხელს უწყობს სახეობების გადარჩენას მათი სექსუალური აგზნების რეგულირების, რეპროდუქციული უჯრედების წარმოქმნის, მეძუძურ დედებში რძის გამომუშავებით. ასე რომ, ეფექტური ენდოკრინული სისტემის გარეშე შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა.

ენდოკრინული ჯირკვლები სისხლში ქიმიური ნივთიერებების დონეზე რეაგირებენ ან მათი სტიმულირება სხვა ჰორმონებისა თუ თავის ტვინიდან მომავალი ნერვული იმპულსების მიერ ხდება. ამის შედეგად ჰორმონები სისხლში გამოიყოფა და მოშორებული სამიზნე უჯრედებისკენ გადაადგილდება. მათ სპეციფიკური რეცეპტორები აქვთ. ჰორმონები ქიმიური რეგულაციის პროგრამით გათვალისწინებულ ზემოქმედებას მხოლოდ სხეულის გენეტიკურად განსაზღვრულ ადგილებში ავლენენ, თუმცა სპეციფიკურ ორგანოებსა თუ ქსოვილებზე გავლენით უამრავ ბიოქიმიურ პროცესს არეგულირებენ. ეს მრავალმხრივი საკომუნიკაციო სისტემა ორგანიზმში ნელა აკონტროლებს მუდმივად მიმდინარე პროცესებს, როგორებიცაა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, კალციუმის შემცველობა, ნახშირწყლების მეტაბოლიზმი და სხეულის ზრდა.

ჰორმონების სეკრეციის სტიმულირებას ან შეკავებას ჰიპოფიზში გამოყოფილი სხვა ჰორმონები განაპირობებენ. ჰიპოფიზის ჰორმონების სეკრეცია კი, თავის მხრივ, ჰიპოთალამუსის სპეციალიზირებულ უჯრედებში ტვინის სხვა უბნებიდან მიღებული ინფორმაციის შესატყვისად ხდება.

სხვადასხვა ჯირკვალი სხვადასხვა ჰორმონს გამოყოფს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ფუნქციას არეგულირებს. ასე მაგალითად, ჰიპოფიზი, რომელსაც „მთავარ ჯირკვალს“ უწოდებენ, ათ სხვადასხვა სახის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც ყველა სხვა ენდოკრინული ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციაზე ახდენს გავლენას. აქვე სინთეზირდება ზრდის ჰორმონები, რომელთა არარსებობა სხეულის ზრდის შეფერხებას ანუ ქონდრისკაცობას, ხოლო სიჭარბე კი გიგანტიზმს იწვევს.

მამაკაცებში ჰიპოფიზში გამომუშავებული ჰორმონები სათესლეებში ტესტოსტერონის სინთეზს ააქტიურებენ, რაც, თავის მხრივ, სპერმის გამომუშავებას ასტიმულირებს. ჰიპოფიზის ჰორმონები მამაკაცების ისეთი მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობენ, როგორებიცაა სხეულის თმის საფარველის განვითარება, ხმის შეცვლა და ფიზიკური სიმწიფე. ტესტოსტერონმა, შესაძლოა, აგრესიისა და სექსუალური ლტოლვის გაძლიერებაც გამოიწვიოს.

ქალებში ჰიპოფიზის ჰორმონები ესტროგენის წარმოებას ასტიმულირებენ. ესტროგენი იმ ჰორმონალური ჯაჭვური რეაქციების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ოვულაციასა და ქალის ნაყოფიერებას განსაზღვრავენ. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: