პოლიტიკური ინსტიტუტების სისტემა, რომელიც აწესრიგებს საზოგადოებრივ ცხოვრებას ამა თუ იმ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მაქს ვებერის ს–ს სამი ძირითადი ნიშნით ახასიათებს – გარკვეული ტერიტორია, რომელზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლებას დაქვემდებარებული მართვის გამოკვეთილი ინსტიტუტები; ს–ს მცდელობა ლეგიტიმური ხასიათი მისცეს ძალადობას; დაბოლოს, პოლიტიკურ მმართველთა სამი ძირითადი ტიპის – ტრადიციული, ქარიზმატული და რაციონალური მმართველების არსებობა. სხვა მკვლევრები ს–ს ბუნების ანალიზის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ რეპრესიულ აპარატზე და მის სპეციფიკას იმ სახელისუფლებო სტრუქტურებში ხედავენ, რომლებსაც პრიორიტეტული ფუნქციები უჭირავთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რომლებიც ამ გადაწყვეტოლებების შესრულებისას უფლებამოსილნი არიან მიმართონ ძალადობას. ისტორია იცნობს სახელმწიფოებრივი გაერთიანებების არაერთ ფორმას. ანტიკურ ეპოქაში ტექნიკურ–სამეურნეო ცხოვრების მაშინდელი დონის შესაბამისად, ს–ს ყველაზე დახვეწილ ფორმად ბერძნული პოლისი (ქალაქი–სახელმწიფო) მოგვევლინა, რომლის თავისუფალ წევრებს მოქალაქის უფლებები ჰქონდათ და მონაწილეობდნენ ს–ს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძველ–ბერძნული ქალაქ–სახელმწიფოები რომის რესპუბლიკამ შცვალა, რომლის განვითარებული ფორმა, ციცერონის დახასიათებით, შერეულ მმართველობას განასახიერებდა: სახალხო კრება – დემოკრატიას, სენატი – არისტოკრატიას, ხოლო საკონსულო ხელისუფლება კი მონარქიის ელემენტებს შეიცავდა. შუა საუკუნეების ევროპაში სახელმწიფო ხელისუფლება არა მხოლოდ დეცენტრალიზებული, არამედ პრივატიზებულიც იყო ძირითადი საწარმოო საშუალებების, მიწის მფლობელთა მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ცალკეული სენიორები მეფეს, უმაღლეს სენიორს ემორჩილებოდნენ, ეს დაქვემდბარება ფორმალური იყო, რადგანაც მონარქს არ შეეძლო ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა და საყოველთაო საგადასახადო სისტემის ასამუშავებლად თავისი ქვეშევრდომი სენიორების თანხმობა ესაჭიროებოდა. არანაკლებ ზღუდავდა ხელისუფლების ცენტრალიზაციას ეკლესიაც, რომელიც მორალსა და კანონს აკონტროლებდა. თანამედროვე ს–ს შექმნა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, განაპირობა, ჯერ ერთი, ეკონომიკური ცხოვრების პოლიტიკური ხელისუფლებისაგან გამოცალკევებამ, შემდეგ რწმენისა და ეკლესიის გამოყოფამ სახელმწიფო, პოლიტიკური ცხოვრებისაგან, დაბოლოს, ხელისუფლების კონცენტრაციამ სუზერენების, მონარქების ხელში, რაც საბოლოოდ ნაციონალური ს–ების წარმოშობით გაფორმდა. ნაციონალური ს–ებს მათი არსებობის უკვე საწყის ეტაპზე თანამედროვე ს–ების ისეთი მნიშვნელოვანი ნიშნები ჰქონდათ, როგორიცაა რეგულარული არმია, ცენტრალიზებული ბიუროკრატია, საყოველთაო საგადასახადო სისტემა, დიპლომატიური სამსახურების შექმნა და მერკანტილიზმის ეკონომიკა, რომელიც აყალიბებდა ს–ს სავაჭრო პოლიტიკას. დღეს ს. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი აქტორი და საერთაშორისო სამართლის ძირითადი, პირველადი სუბიექტია. იგი შეიძლება განისაზღვროს როგორც პოლიტიკური ხელისუფლების განსაკუთრებული, ორგანიზებული ინსტიტუტი, რომელსაც აქვს მართვისა და იძულების სპეციალური აპარატი და წარმოადგენს რა საზოგადოებას, ახორციელებს ხელმძღვანელობას მასზე და უზრუნველყოფს მის ინტეგრაციას.ს–ს აუცილებელი ნიშნებია: სუვერენიტეტი, ტერიტორია, მოსახლეობა, დიპლომატიური აღიარება, შიდა სახელისუფლებო ორგანიზაცია და შინაგანი ნდობა ანუ მოსახლეობის ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი. ს–ს ფუნქციები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:1) საშინაო ფუნქციები, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საკუთრებისა და მოქალაქეთა სხვა უფლებების დაცვას, აგრეთვე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და იდეოლოგიურ ფუნქციებს,;2) საგარეო ფუნქციებში კი შედის მშვიდობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა, საქმიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა გარეშე ხელყოფისაგან.ს–ს ფუნქციონირებისა და მოწყობის თავისებურებები გამოიხატება ს–ს ფორმებში. ს–ს ფორმა შეიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ინსტიტუტს – მმართველობის ფორმას, სახელმწიფო მოწყობის ფორმასა და სახელმწიფო რეჟიმს. მმართველობის ფორმების მიხედვით ს–ს ორი ძირითადი ფორმა არსებობს – მონარქია და რესპუბლიკა. მონარქია, თავის მხრივ, შეიძლება იყოს აბსოლუტური და კონსტიტუციური; ხოლო რესპუბლიკა – საპარლამენტო და საპრეზიდენტო. სახელმწიფო მოწყობის ფორმის მიხედვით ს. შეიძლება იყოს უნიტარული და ფედერაციული, ხოლო რეჟიმის მიხედვით – დემოკრატიული, ავტორიტარული და ტოტალიტარული. გარდა სახელმწიფოთა ფორმებისა, გამოყოფენ სახელმწიფოთა ტიპებს. ტიპოლოგიისადმი ორი ძირითადი მიდგომა არსებობს – ცივილიზაციური და ფორმაციული. ცივილიზაციური თვალსაზრისით, ს–ები შეიძლება იყოს აღმოსავლური, დასავლური, შერეული; ძველი, შუა საუკუნეების, თანამედროვე; ინდუსტრიამდელი, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული და ა. შ. ფორმაციული მიდგომით, ს–თა ძირითადი ტიპებია: აღმოსავლური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური, სოციალისტური. საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უფრო საინტერესოა ს–ების დაყოფა ზესახელმწიფოებად, დიდ, საშუალო და პატარა ქვეყნებად. გარდა ამისა, გამოყოფენ ურჩ, კვაზი და არშემდგარ ს–ებს. დღევანდელი ს–ების უმრავლესობა ერი–სახელმწიფოების კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა, მკვლევართა აზრით, გლობალიზაციის ეპოქაში ერი–სახელმწიფოების როლი თანდათან მცირდება. ს–ებს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს, აქვთ ძირითადი უფლებები და მოვალეობანი. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს გაეროს წესდება, რომლის მიხედვით, ს–ს ძირითადი უფლებებია: იმუნიტეტი, მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ტერიტორიული უზენაესობა და მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა, სხვა ს–თან სუვერენული თანასწორობა, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება და ა.შ. ს–ს ძირითადი მოვალეობები მისი ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს. ეს მოვალეობებია: სხვა ს–ს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ს–ს იმუნიტეტის პატივისცემა, ძალის გამოყენებასა და ძალით დამუქრებაზე უარის თქმა, დავათა მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა–დაცვა და ა. შ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი