ერთ–ერთი სამი ძირითადი მდგომარეობიდან მსოფლიო პოლიტიკაში: ომი, „არაომი“ და მშვიდობა. პირველი მათგანი გამოხატავს რეალური დაპირისპირებისა და მტრობის გამო შეიარაღებულ ბრძოლას სახელმწიფოებსა ან საზოგადოებრივ ფენებს შორის, ხოლო მესამე – ასეთი მდგომარეობის არარსებობას ან შეწყვეტას. ამდენად სიტყვა „მშვიდობა“ როგორც ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაში, ისე საერთაშორისო სამართალში პოზიტიური ღირებულების გამომხატველია. იგი წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა საერთაშორისო სამართალი და მისი ინსტიტუტები. რაც შეეხება „არაომს“ (სხვაგვარად – „არც ომი და არც მშვიდობა“), იგი ახალი ცნებაა საერთაშორისო ურთიერთობებში და ძირითადად აღნიშნავს სიტუაციას, რომელიც იქმნება ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის დროს (რასაც ხშირად შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვება ხოლმე), ანდა შეესაბამება ზესახელმწიფოების მდგომარეობას ომის შემდგომ პერიოდში (მაგ., ცივი ომი). სიტყვა მ. მრავალ ენაში სრული სინონიმია სიტყვა „ზავისა“. ლათინური სიტყვა pax ზავადაც ითარგმნება და მშვიდობადაც (მაგ., Pax Americana - ამერიკული მშვიდობა ან ამერიკული ზავი). საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში მ–ის დამყარება ერთ–ერთი ძირითადი მიზანი იყო. ჯერ კიდევ კანტის „მარადიული მშვიდობის“ იდეა ემყარებოდა ყველა სახელმწიფოს რესპუბლიკურ მმართველობაზე გადასვლასა და სახელმწიფოთა ფედერაციას. მ–ის უზრუნველყოფის მიზანს ისახავდა ერთა ლიგისა და გაეროს წესდებებიც, აგრეთვე მარქსისტულ–ლენინური „მშვიდობიანი თანაარსებობის“ პრინციპი. ე.წ. „დემოკრატიული მშვიდობის თეორიის“ მიხედვით, საყოველთაო მ–ის მიღწევის ერთადერთი საშუალება ყველა ქვეყანაში ლიბერალურ–დემოკრატიული რეჟიმის დამყარებაა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი