თატ — პროექციული ტესტი, რომელშიც ინდივიდს გარკვეული თანმმდევრობით წარედგინება სურათები (რომლებიც მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა) და მოეთხოვება თითოეული მათგანის მიხედვით მოთხრობის მოფიქრება.
ეს არის ისტორიის თხრობის პროცედურა, რომელიც ქრისტიანა მორგანმა (Christiana Morgan) და ჰენრი მარეიმ (Henry Murray) შექმნეს 1935 წელს და მოწოდებულია პიროვნების აზრების, სურვილების, მოტივებისა და ფანტაზიების საკვლევად, მისთვის ამ ასპექტების შესახებ პირდაპირ კითხვების დასმის გარეშე. თატ-ს საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ისტორიის შექმნისას მთხრობელი ზოგიერთ საკუთარ აზრსა და გრძნობას გამოხატავს, მოთხრობის პერსონაჟებისთვის მათი მიწერით.
ტესტი შედგება 20 შავ-თეთრი სურათისგან. ინდივიდს მოეთხოვება, აღწეროს სურათზე გამოსახული პერსონაჟები; მოყვეს, რას აკეთებენ, ფიქრობენ და გრძნობენ ისინი; ახსნას, რა მოხდა სურათზე მოცემულ სცენამდე და როგორ განვითარდება მოვლენები. ამბავი შეიძლება ზეპირად შევთხზათ ან დავწეროთ. თითო სურათს ხუთი წუთი ეთმობა. სასტიმულო ბარათების პიქტორული შინაარსი ისეა შერჩეული, რომ პოტენციურად სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციას ასახავს, რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინდივიდისთვის. სურათები მოიცავს რეალურად გამოსახულ ინდივიდებსა და წყვილებს, ქალებსა და მამაკაცებს, მოზრდილებსა და ბავშვებს; ასევე ფანტასტიკურ სცენებს. ხშირად, 8-10 ბარათი გამოიყენება და მათი შერჩევა შეფასების სიტუაციის მიზანზეა დამოკიდებული. ამგვარად, ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი თატ-ის ბარათების შემთხვევაში შეიძლება ის ბარათები შეირჩეს, რომლებზეც მხოლოდ ბავშვები ან ბავშვები და მოზრდილები არიან გამოსახულნი, მოზრდილების შეფასებისას კი — ის ბარათები, რომლებზეც უფროსი ასაკის ადამიანების ურთიერთობები ან ცალკე ეს ადამიანები არიან წარმოდგენილნი. ძალიან პატარებისთვის ბავშვების აპერცეფციის ტესტის გამოყენებაა შესაძლებელი.
თატ-ის მოთხრობები ნარატიული პროდუქტია. ამიტომ მათ ნარატივის ყველა ძირითადი მახასიათებელი აქვთ: ქარგა, მიმართულება, მოტივები, მიზეზ-შედეგობრიობა. ვინაიდან ტესტში ერთი ინდივიდისგან ვიღებთ ნარატივების ერთობლიობას, შესაძლებელი ხდება განმეორებადი მოტივებისა და მიმართულებების გამოვლენა და მიზეზ-შედეგობრივ თანმიმდევრობების შენიშვნა.
ეს ინფორმაცია ინდივიდის ფსიქიკური ფუნქციონირებისაკენ გვიხსნის გზას. მთხრობელებს ხშირად თავად უკვირთ, რამდენ საერთოს ნახულობენ საკუთარ თავსა და მათ მიერ მოთხრობილ ისტორიებში. სწორედ ეს მომენტი ანიჭებს თატ-ს პროექციული ტესტის სტატუსს. ინდივიდები მოთხრობილ ისტორიებში საკუთარ აზრებს, სურვილებს, გრძნობებსა და ინტერპერსონალური კაუზალობის საკუთარ კონსტრუქციებს აპროეცირებენ.
თატ-ის სხვადასხვა სურათი, შინაარსიდან გამომდინარე. სხვადასხვა თემის „ამოტანისთვისაა“ მოწოდებული. ტესტთან მუშაობაში გამოცდილი ფსიქოლოგები თითოეული სურათისთვის ჩვეულ მოტივს ადვილად ხედავეს. ეს თემები გამოქვეყნებულ წყაროებშიც შეიძლება მოიძებნოს (მაგ., იხ. Holt, 1978). თუ ინდივიდის მიერ მოყოლილ მოთხრობაში საერთო თემების არსებობა საერთო ადამიანურ ან კულტურულ გამოცდილებაზე მეტყველებს, ამ თემების ვარიაციები თითოეული მთხრობელის უნიკალობაზე მიუთითებს. უკიდურესად უნიკალური და ორიგინალური ისტორიები მთხრობელის უაღრესად ორიგინალობაზე ან ფსიქოპათოლოგიის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ყოველ მოცემულ სიტუაციაში, თხრობის სხვა ასპექტის მიხედვით განისაზღვრება.
თატ-ის ისტორიების მიხედვით, პიროვნების ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტის შესაფასებლად კოდირების რამდენიმე სქემა იქნეს შემუშავებული, რომელმაც საკმაოდ მაღალი სანდოობა და ვალიდობა აჩვენა. მათ შორისაა მიღწევის მოთხოვნილების, ძალაუფლების, აფილაციისა და ინტიმურობის შეფასება; ასევე, გენდერული იდენტობის, ეგოს დაცის მექანიზმებისა და ობიექტი-ურთიერთობების (ფსიქიკური პროცესების, რომლებიც ინდივიდების ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას ინტიმურ ურთიერთობებზე) შეფასებები. მრავლად მოიპოვება ლიტერატურა, რომელშიც ეს მეთოდები პიროვნების შესწავლისთვის იქნა გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული კვლევების შედეგები საკმაოდ დამაჯერებელია, მაინც არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურად გამოიხატება მოტივები, სურვილები და შიშები ამ მოთხრობებში. ასე მაგალითად, ექსპერიმენტული კვლევა აჩვენებს, რომ მშიერი ადამიანების მიერ შექმნილ მოთხრობებში, მატულობდა საკვებისა და საკვების მიღებასთან დაკავშირებული აქტივობების ხსენების სიხშირე.
თატ-ი აქტიურად გამოიყენება მოტივებისა და პიროვნული დისპოზიციების ბავშვობიდან მოზრდილობამდე განვითარების შესასწავლად. ასევე, ინტენსიურად გამოიყენება კლინიკურ სიტუაციებში დიაგნოსტირების, პიროვნების აღწერის და პიროვნების ფუნქციონირების ძლიერი და სუსტი მხარეების შესაფასებლად.
სხვა პროექციული ტესტების მსგავსად, თატ-ის სათანადოდ გამოყენებას ხანგრძლივი და ინტენსიური ტრენინგი და გამოცდილება ესაჭიროება.
რადგან თატ-ის, როგორც პროექციული მეთოდის, ვალიდობისა და სანდოობის შეფასების ბაზისური სტრუქტურა არსებითად განსხვავდება თვითანგარიშის საზომებისგან, მეტი სიფრთხილეა საჭირო. მაგალთად, ვინაიდან თატ-ს ბარათები (ტესტის „დებულებები“) სხვადასხვა ფსიქოსოციალური თემის აღსაწერად არის შერჩეული, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ იმავე თემებს ან პიროვნულ დისპოზიციებს დავინახავთ თატ-ის ყველა სურათზე შედგენილ მოთხრობაში. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ შინაგანი შეთანხმებულობის საზომები არ გამოდგება სანდოობის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში სანდოობის უკეთესი საზომი იქნება ის, თუ რამდენად თანხვდება ორი დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ ერთისა და იმავე ნარატივისთვის მინიჭებული კოდები (დამკვირვებელთა შორის თანხმობა). რაც შეეხება ვალიდობას, ვინაიდან პიროვნების სხვადასხვა ასპექტის გაზომვის შედეგებს თატ-ის მოთხრობებიდან ვიღებთ, რომელთა ავტორმაც კი შეიძლება, არ იცოდეს ცნობიერად მათ შესახებ, ვალიდობის კრიტერიუმად თვითანგარიშის პიროვნული საზომების გამოყენება არამართებული იქნება, რადგან ეს უკანასკნელნი, ზოგადად, საკუთარი თავის შესახებ ცნობიერ ცოდნას საჭიროებს. ამ შემთხვევაში ვალიდობისთვის უკეთესი კრიტერიუმი იქნება დამკვირვებელთა შეფასებები, ექსპერიმენტულ და კლინიკურ ჯგუფებს შორის ნაწინასწარმეტყველები განსხვავების ჩვენება ან ისეთი გარეშე ცვლადების პროგნოზირება, როგორებიცაა თატ-ის ისტორიებში გამოვლენილი მოტივების შეფასების მიხედვით რეალურ ცხოვრებაში ინდივიდის საქმიანობის წინასწარმეტყვლება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Holt, R. R. (1978). Methods in clinical psychology. New York: Plenum Press. Includes an extensive discussion of the thematic content characteristically found for each of the TAT pictures. integrating previous research on this topic. The most complete set of "norms" for the TAT.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.
Morgan, C. D., & Murray, H. A. ( 1935). A method for investigating fantasies: The Thematic Apperception Test. Archives of Neurological Psychiatry. 34. 289-306.