სანდოობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Reliability

 ხარისხი, რომლითაც ტესტი მსგავს შედეგებს იძლევა ყოველი გამოყენებისას, ინსტრუმენტის გამოყენებით მიღებული ქულების სტაბილურობა და შესაბამისობა.

 სანდოობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევაში (Cohen, et. al., 2007). რაოდენობრივ კვლევაში სანდოობა, არსებითად, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ინსტრუმენტის შემთხვევაში და რესპონდენტთა სხვადასხვა ჯგუფთან გარანტიის, თანმიმდევრულობისა და განმეორების სინონიმია. ის სიზუსტესა და სკრუპულოზურობას ეხება. ზოგიერთი ნიშანი, მაგალითად, სიმაღლე, შეიძლება ზუსტად გაიზომოს, სხვები კი, მაგალითად, მუსიკალური უნარი — ვერა. იმისთვის, რომ კვლევა სანდო იყოს, მან უნდა აჩვენოს, რომ რესპონდენტების მსგავს ჯგუფთან მსგავს (ნებისმიერად განსაზღვრულ) კონტექსტში ჩატარების შემთხვევაში, მსგავს შედეგებს ვიღებთ.

 სანდოობა რაოდენობრივ კვლევაში

 რაოდენობრივ კვლევაში სანდოობა, არსებითად, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ინსტრუმენტის შემთხვევაში და რესპონდენტთა სხვადასხვა ჯგუფთან გარანტიის, თანმიმდევრულობისა და განმეორების სინონიმია. ის სიზუსტესა და სკრუპულოზურობას ეხება. ზოგიერთი ნიშანი, მაგალითად, სიმაღლე, შეიძლება ზუსტად გაიზომოს, სხვები კი, მაგალითად, მუსიკალური უნარი — ვერა. იმისთვის, რომ კვლევა სანდო იყოს, მან უნდა აჩვენოს, რომ რესპონდენტების მსგავს ჯგუფთან მსგავს (ნებისმიერად განსაზღვრულ) კონტექსტში ჩატარების შემთხვევაში, მსგავს შედეგებს ვიღებთ.

 სანდოობა საზომის/ინსტრუმენტის კონსისტენტურობას  შეეხება. ის გვიჩვენებს, რამდენად არის გაზომვისას მიღებული ინდივიდუალური განსხვავებები გასაზომი მახასიათებლის მიხედვით არსებული „ჭეშმარიტი“ განსხვავებები ან შემთხვევითი შეცდომა. სანდოობის კლასიკური თეორიის მიხედვით, ტესტში მიღებული ქულები ორ დამოუკიდებელ კომპონენტად — რეალურ ქულად და შეცდომად — შეიძლება დაიყოს. საზომის ეს კონსისტენტურობა, როგორც წესი, ოპერაციონალიზირებულია, როგორც ტესტის დებულებებს შორის ჰომოგენურობა ან შინაგანი შეთანხმებულობის სანდოობა, ალტერნატიული ფორმების სანდოობა, ტესტ-რეტესტის სტაბილობა ან შემფასებელთა შორის თანხმობის სანდოობა. სანდოობის სამი ძირითადი ტიპი შეგვიძლია გამოვყოთ: სტაბილობა, ეკვივალენტობა და შინაგანი შეთანხმებულობა.

სანდოობა სტაბილობის სახით

 სანდოობა ამ ფორმით დროში და მსგავს შერჩევებში შეთანხმებას გულისხმობს (Cohen, et. al., 2007). კვლევაში სანდო ინსტრუმენტი სხვადასხვა დროს მსგავსი რესპონდენტებისგან მსგავს მონაცემებს იძლევა. თუ საცობიდან ყოველ დღე ერთი ლიტრი წყალი ჟონავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყალი სანდოდ იჟონება, მაგრამ თუ საცობიდან ზოგჯერ ერთი ლიტრი წყალი იჟონება და ზოგჯერ — ორი, მაშინ ეს არ იქნება სანდოდ გაჟონვა. კვლევის ექსპერიმენტულ და გამოკითხვის მოდელებში ეს ნიშნავს, რომ თუ ტესტი და რეტესტი (ანუ ხელახალი ტესტირება) სათანდო დროის შუალედში ჩატარდა, მაშინ მსგავსი შედეგები უნდა მივიღოთ. მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, დროის რა შუალედია ადეკვატური. ძალიან მცირე დროის შუალედში მონაწილეებს შეიძლება ახსოვდეთ, რა თქვეს ან რა გააკეთეს პირველი ტესტის დროს; დროის დიდ შუალედში კი გარეშე ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს მონაცემები (მაგალითად, მომწიფება სტუდენტებში, მათზე მოქმედი გარეგანი გავლენები). ამ ტიპის სანდოობის საჩვენებლად მკვლევარმა სწორად უნდა შეარჩიოს ტესტისა და რეტესტის ვადა ანუ ის, დროის რა შუალედი იქნება ორ ტესტირებას შორის. შემდეგ გამოითვლება კორელაციის კოეფიციენტები პრეტესტსა და პოსტტესტს შორის, რომელთა გამოსათვლელი ფორმულები პირდაპირ არის მოცემული სტატისტიკის სახელმძღვანელოებსა და ტესტის აღმწერ წიგნებში.

 დროში სტაბილობის გარდა, სანდოობა, როგორც სტაბილობა, შეიძლება მსგავს შერჩევებს შორის სტაბილობაც იყოს. მაგალითად, თუ ტესტს ან კითხვარს ერთდროულად სტუდენტების ორ ჯგუფს ვაწვდით, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს მნიშვნელოვანი მახასიათებლებით (მაგალითად, ასაკით, სქესით, უნარებითა და ა. შ. — რა მახასიათებლებსაც უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა შედეგებზე), მაშინ შედეგები (ტესტებში) ან პასუხები (კითხვარებში) ურთიერთმსგავსი უნდა მივიღოთ. ტესტ-რეტესტის მეთოდის ამ ფორმის კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლა ან მთლიანი ტესტისთვისაა შესაძლებელი, ან — კითხვარის ნაწილებისთვის. შემდეგ დადგინდება კორელაციის კოეფიციენტის სტატისტიკური მნიშვნელოვნება, რომელიც 0.05-ის ტოლი ან მეტი უნდა იყოს, რომ სანდოობა გარანტირებულად ჩავთვალოთ (Field, 2013). 

 სანდოობა ეკვივალენტობის სახით

 ამ ტიპის სანდოობა ორ ძირითად სახეობას აერთიანებს. პირველ რიგში, სანდოობა შეიძლება მიიღწეოდეს ტესტის ან მონაცემების შეგროვების სხვა ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმების (ცნობილია, ასევე, როგორც ალტერნატიული ფორმები) გამოყენებით. თუ არსებობს ტესტის ან ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმები და ისინი მსგავს შედეგებს იძლევიან, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ინსტრუმენტი აჩვენებს ამ ფორმის სანდოობას. მაგალითად, ამ ტიპის სანდოობის მქონედ მიჩნეული პრეტესტი და პოსტტესტი ექსპერიმენთში ერთისა და იმავე საკითხების გაზომვის ალტერნატიულ ფორმებად გამოიყენება. ასეთი სანდოობის ჩვენება მაშინაც არის შესაძლებელი, თუ ტესტის ან სხვა ინსტრუმენტის ეკვივალენტური ფორმები თავსებადი შერჩევებისთვის ერთდროულად მიწოდებისას მსგავს შედეგებს იძლევიან. აქ სანდოობა შეიძლება გაიზომოს t კრიტერიუმით, კორელაციის მაღალი კოეფიციენტისა და ორი ჯგუფისთვის მსგავსი საშუალოებისა და სტანდარტული გადახრების ჩვენებით.

 ეკვივალენტობის სახით სანდოობის მიღწევის მეორე გზა შემფასებელთა შორის თანხმობის მიღებაა. თუ კვლევაში ერთზე მეტი მკვლევარი მონაწილეობს, მაშინ, ვინაიდან ადამიანის მიერ გაკეთებული შეფასება არ არის შეცდომისგან დაზღვეული, შეთანხმების მიღწევა ყველა მკვლევარს შორის უნდა მოხდეს მონაცემების ანალიზის ეტაპზე, თითოეული მათგანის მიერ მონაცემების ერთნაირად დაფიქსირების უზრუნველყოფით. ეს განსაკუთრებით ეხება მკვლევართა გუნდს, რომელიც სტრუქტურირებული დაკვირვების ან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუთი აგროვებს მონაცემებს; გუნდის თითოეული წევრი უნდა დაეთანხმოს იმას, რომელი მონაცემი რომელ კატეგორიაში შევიდეს. დაკვირვების მონაცემების სანდოობის საკითხი  გვარდება ტრენინგით, როცა მკვლევრები ვიდეომასალაზე მუშაობენ, რათა ნახონ, რამდენად ერთნაირად შეაქვთ მონაცემები (Cohen, et. al., 2007).

 სანდოობა შინაგანი შეთანხმების სახით

 მაშინ, როცა სანდოობის დემონსტრირების ტესტ-რეტესტის მეთოდი და ეკვივალენტური ფორმების მეთოდი ტესტების ან ინსტრუმენტების ორჯერ გამოყენებას მოითხოვს, შინაგანი შეთანხმებულობის საჩვენებლად ტესტების ან ინსტრუმენტების მიწოდება შუაზე გახლეჩვის მეთოდის გამოყენებით მხოლოდ ერთხელ არის საჭირო.

 სანდოობის, როგორც შინაგანი შეთანხმებულობის, ალტერნატიულ საზომს კრონბახის ალფა კოეფიციენტი წარმოადგენს, რომელსაც ხშირად სანდოობის ალფა კოეფიციენტს ან, უბრალოდ, ალფას უწოდებენ. კრონბახის ალფა იძლევა დებულებებს შორის კორელაციის კოეფიციენტს ანუ თითოეული დებულების კორელაციას სხვა რელევანტური დებულებების ჯამთან და გამოსადეგია მრავალდებულებიანი სკალებისთვის. ეს არის დებულებების (და არა, მაგალითად, ადამიანების) შინაგანი შეთანხმებულობის საზომი. ამგვარად ახსნილი სანდოობა რამდენიმე დაშვებას აკეთებს, მაგალითად, იმას, რომ ინსტრუმენტები, მონაცემები და შედეგები უნდა კონტროლდებოდეს, პროგნოზირდებოდეს და მეორდებოდეს. ეს გარკვეული სტილის კვლევას გულისხმობს, როგორც წესი, პოზიტივისტური პარადიგმის ფარგლებში. ზოგი ავტორი თვლის, რომ ამ პარადიგმაში სანდოობის მიღწევა ვარიაციის ნებისმიერი გარეგანი წყაროს შემცირებით არის შესაძლებელი: იმ პირობების სტანდარტიზებითა და გაკონტროლებით, რომლებშიც შეგროვდა და გაიზომა მონაცემები; შეთანხმებულობის (დამკვირვებელთა შორის სანდოობის) უზრუნველსაყოფად მკვლევრებისთვის ტრენინგის ჩატარებით; კონკრეტული თემის შესახებ დებულებების რაოდენობის გაზრდით; მონაცემების ანალიზიდან უკიდურესი პასუხების გამორიცხვით (მაგალითად, ცალკე მდგომი მონაცემების გამორიცხვით, რაც IBM.SPSS-ში შეიძლება გაკეთდეს) (Cohen, et. al., 2007). 

 სანდოობა  თვისებრივ  კვლევაში

 პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ ტერმინის თვისებრივი კვლევისადმი შესატყვისობა საკამათოა. ზოგი მკვლევარი ამჯობინებს, რომ „სანდოობა“ ისეთი ტერმინებით ჩაანაცვლოს, როგორებიცაა „დამაჯერებლობა“, „ნეიტრალობა“, „დადასტურება“, „სტაბილობა“, „თანმიმდევრულობა“, „გამოყენება“, „ნდობის ღირსი“ და „გადაცემა“.

 ლეკომტი და პრეისლი (1993) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სანდოობის კანონები, რომლებიც რაოდენობრივი კვლევისთვის გამოიყენება, შეიძლება, უბრალოდ, გამოუსადეგარი იყოს თვისებრივი კვლევისთვის. რაოდენობრივი კვლევა უშვებს გამეორების შესაძლებლობას. თუ ერთისა და იმავე შერჩევის მიმართ ერთი და იგივე მეთოდები გამოიყენება, მაშინ შედეგებიც ერთი და იგივე უნდა იყოს. რაოდენობრივი მეთოდები, როგორც წესი, ფენომენების გარკვეული ხარისხით კონტროლსა და მანიპულაციას საჭიროებენ. ეს არღვევს ფენომენების ბუნებრივ გამოვლინებას. ბუნებრივი კვლევების წინაპირობები სიტუაციების უნიკალურობასა და იდიოსინკრაზულობას მოიცავს იმდენად, რომ შეუძლებელია კვლევის გამეორება და ეს მათი სიძლიერეა და არა — სისუსტე.

 მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვისებრივი კვლევა არ უნდა ესწრაფოდეს გამეორებას ანუ რეპლიკაციას კონსტრუქტების გენერირების, დახვეწისა და შედარების მიზნით. ლეკომტი და პრეისლი (1993) ამტკიცებენ, რომ ასეთი რეპლიკაცია შეიძლება მოიცავდეს: მკვლევრის პოზიციის, ინფორმანტების/რესპონდენტების არჩევის, სოციალური სიტუაციებისა და მდგომარეობების და/ან გამოყენებული ანალიტიკური კონსტრუქტებისა და წინაპირობების გამეორებას.

 გარდა ამისა, დენზინი და ლინკოლნი (1994) თვლიან, რომ თვისებრივ კვლევაში სანდოობის განმეორებით მიღწევა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

  • დაკვირვებების სტაბილურობა: გააკეთებდა თუ არა მკვლევარი იმავე დაკვირვებებსა და ინტერპრეტაციებს, დაკვირვება სხვა დროს ან სხვა ადგილას რომ განეხორციელებინა;
  • პარალელური ფორმები: გააკეთებდა თუ არა მკვლევარი იმავე დაკვირვებებსა და ინტერპრეტაციებს, დაკვირვების დროს სხვა ფენომენისთვის რომ მიექცია ყურადღება;
  • დამკვირვებელთა შორის სანდოობა: ისეთივე ინტერპრეტაციას გააკეთებდა თუ არა სხვა მკვლევარი იმავე თეორიულ ჩარჩოში იმავე ფენომენს რომ დაკვირვებოდა.

 ცხადია, ეს საკამათო საკითხია, ვინაიდან თვისებრივი კვლევისთვის რაოდენობრივი კვლევის სანდოობის კანონების მიყენებას ცდილობს (Cohen. et. al., 2007).

 თვისებრივ კვლევაში სანდოობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თანხვედრა მკვლევრის მიერ მონაცემად ჩაწერილსა და ბუნებრივ გარემოში რეალურად მომხდარს შორის ანუ დაფარვის სიზუსტის და მოცულობის ხარისხი (Bogdan & Biklen, 1992). ეს არ არის ერთგვაროვნებისკენ სწრაფვა. ორმა მკვლევარმა, ერთსა და იმავე გარემოს შესწავლისას, შეიძლება, სრულიად განსხვავებული შედეგები მიიღოს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მონაცემთა ორივე ერთობლიობა სანდო იყოს. ერთ-ერთი ავტორი (Kvale, 1996) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ინტერვიუს შემთხვევაში თვისებრივი მონაცემების იმდენი ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს, რამდენი მკვლევარიცაა. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანეთში ჩატარებული ნისანის საავტომობილო ქარხნის კვლევა. ამ ორგანიზაციაში მკვლევარმა ორგანიზაციის მუშაობის პრაქტიკების „სათნო წრე“ აღმოაჩინა, რომელსაც მოქნილობა, გუნდური მუშაობა და ცნობიერების ხარისხი ქმნიდა. სხვა მკვლევრებმა კი იმავე პრაქტიკების შესწავლით ექსპლუატაციის, ზედამხედველობისა და კონტროლის „მანკიერი წრე“ აღმოაჩინეს. ერთისა და იმავე რეალობის ეს ორი ვერსია იმიტომ თანაარსებობს, რომ რეალობა მრავალშრიანია. ეს ინსტრუმენტების, მკვლევრების, პერსპექტივებისა და ინტერპრეტაციების ეკლექტური გამოყენებით განსაზღვრული სანდოობის ცნების სასარგებლოდ წამოყენებული არგუმენტია (Cohen, et. al., 2007).

 ბროკ-უტნე (1996) ამტკიცებს, რომ თვისებრივი კვლევა, ჰოლისტური ბუნებიდან გამომდინარე, სიტუაციებისა და მოვლენების მრავალგვარი ინტერპრეტაციების, მიზნებისა და მნიშვნელობების დაფიქსირებას ცდილობს. აქ სანდოობის ცნება გაიგება, როგორც საიმედოობა. ამ ავტორისთვის საიმედოობა მოიცავს წევრების გადამოწმებას (რესპონდენტის ვალიდაცია), კოლეგებთან გასაუბრებას, ტრიანგულაციას, ველზე ხანგრძლივად დარჩენას, რეფლექსიის ჟურნალების წარმოებას, ნაგატიური შემთხვევების ანალიზსა და დამოუკიდებელ აუდიტს (კვლევის წარმოების მისაღები პროცესების იდენტიფიცირებას ისე, რომ მიღებული შედეგები შეესატყვისებოდეს მონაცემებს). აუდიტორული ცდები კვლევაში შედეგების დადასტურების საკითხის მოგვარებას ემსახურება როგორც პროცესის, ისე პროდუქტის ანუ შედეგის თვალსაზრისით (Golafshani, 2003). ეს არის დაცვა თვისებრივი მკვლევრებისთვის წაყენებული ბრალდების წინააღმდეგ, კერძოდ, იმ აზრის წინააღმდეგ, რომ ისინი მხოლოდ „ყველაზე დიდ ხმაურსა და ყველაზე კაშკაშა სინათლეზე“ რეაგირებენ.  

 საიმედოობა რესპონდენტის ვალიდაციის მნიშვნელოვან საკითხსაც მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ საიმედოობა მკვლევრებისგან რესპონდენტებთან დაბრუნებასა და შედეგების საიმედოობის მათთან ერთად გადამოწმებას მოითხოვს, მკვლევრებს წინდახედულებაც მართებთ, რომ რესპონდენტთა ინტერპრეტაციები ექსკლუზიური არ აღმოჩნდეს, ვინაიდან, როგორც ჰამერსლი და ატკინსონი (1983) ამბობენ, ისინი არ იმყოფებიან ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ თავიანთი ქმედებების ერთადერთი ინტერპრეტატორები იყვნენ.

 ბლური (1978) რესპონდენტის ვალიდაციის მიღწევის სამ საშუალებას გვთავაზობს:

  • მკვლევრები ცდილობენ, იწინასწარმეტყველონ, როგორი იქნება სიტუაციების მონაწილეთა მიერ მოწოდებული კლასიფიკაციები;
  • მკვლევრები ჰიპოთეტურ სიტუაციებს ამზადებენ და შემდეგ მათზე მონაწილეების სავარაუდო რეაქციებს წინასწარმეტყველებენ;
  • მკვლევრებს კვლევის ანგარიში მონაწილეებთან მიაქვთ და ამ ანგარიშზე მათ რეაქციებს იწერენ. 

 უნდა აღინიშნოს, რომ სანდოობის კრიტერიუმები რაოდენობრივ მეთოდოლოგიებში განსხვავდება ანალოგიური კრიტერიუმებისგან, რომელიც თვისებრივ მეთოდოლოგიებში გამოიყენება. თვისებრივ მეთოდოლოგიებში სანდოობა მოიცავს რეალური ცხოვრების ერთგულებას, სპეციფიკურობას კონტექსტისა და სიტუაციის მიხედვით, აუთენტურობას, მრავალმხრივობას, დეტალურობას, პატიოსნებას, პასუხების სიღრმესა და რესპონდენტების გააზრებულობას (Cohen, et. al., 2007).

 *** 

 გამოყენებული ლიტერატურა 

 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.

Bloor, M. (1978). On the analysis of observational data: a discussion of the worth and uses of induction techniques and respondent validation. Sociology, 12 (3), 545–52.

Bogdan, R. G. and Biklen, S. K. (1992). Qualitative Research for Education, 2nd ed. Boston, MA: Allyn & Bacon.

Brock-Utne, B. (1996) Reliability and validity in qualitative research within education in Africa. International Review of Education, 42 (6), 605–21.

Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.

Denzin, N. K. and Lincoln, Y. S. (Eds.) (1994). Handbook of Qualitative Research. Thousand Oaks, CA: Sage.

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM.SPSS, 4th ed. London: Sage Publications.

Hammersley, M. and Atkinson, P. (1983). Ethnography: Principles in Practice. London: Routledge.

LeCompte, M. and Preissle, J. (1993). Ethnography and Qualitative Design in Educational Research, 2nd ed. London: Academic Press.

კატეგორია: 
ავტორები: