ობიექტი-ურთიერთობის თეორია მელანი კლაინის თეორიული ნაშრომებიდან და მოსაზრებებიან იღებს სათავეს. კლაინი, რომელიც კლასიკურ ფსიქოანალიზში ცვლილების საჭიროებას ხედავდა, არ ეთანხმებოდა ფროიდის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ოიდიპოსის კომპლექსის როლის შესახებ ფსიქოპათოლოგიის აღმოცენებაში. ამ აზრთა სხვადასხვაობამ კლაინი საბოლოოდ იმ იდეამდე მიიყვანა, რომ სამყაროს ჩვენეულ განცდას და აღქმას ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებთან - ობიექტებთან ურთიერთობა ქმნის, რომელთა მიმართაც, თავის მხრივ, შესაძლოა სიყვარულს ან სიძულვილს განვიცდიდეთ. სწორედ აქედან დაიბადა ობიექტი-ურთიერთობის თეორია.
ითვლება, რომ კლეინის ობიექტი ურთიერთობის თეორია არ არის ცალკე არსებული თეორია. ის კლასიკური ფსიქოანალიზის განვრცობაა. თუმცა, კლეინმა შექმნა ისეთი ბაზისური ცნებები, როგორებიცაა არის „შინაგანი ობიექტები“ და „ნაწილობრივი ობიექტები“, რომლებზეც შემდგომ დაშენდა დანარჩენი ობიექტი ურთიერთობის თეორია.
მელანი კლეინის შემდეგ მნიშვნელოვანი გარდატეხა თეორიაში ფეირბერნის ნაშრომებმა შეიტანა. რასაც შედეგად მოყვა ის, რომ 1940-იანი წლებისათვის მის მიერ შექმნილი თეორია ობიექტი ურთიერთობების შესახებ ფროიდის ინსტინქტების თეორიის ალტერნატივად იქცა. ფროიდისაგან განსხავებით, რომელიც ობიექტთან ურთიერთობას სიამოვნების ძიების საშუალებად განიხილავდა, ფეირბერნმა სიამოვნების ძიება ობიექტთან დაკავშირების მთავარ საშუალებად განიხილა.
თეორიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯონ ბოულბიმაც, რომელმაც მიჯაჭვულობის თეორიით დაამტკიცა, რომ დედას და ჩვილს შორის არსებობს პირდაპირი და პირველადი ინსინქტური მიჯაჭვულობა/კავშირი, რომელიც არ არის გაშუალებული დედის როგორც საჭიროების დამაკმაყოფილებელი ობიექტის როლით (როგორც ამას ფროიდი მიიჩნევდა).
დონალდ ვინიკოტმა, რომელიც ფსიქოლოგიაში პედიატრიიდან მივიდა, ობიექტი ურთიერთობის თეორიას „მცდარი სელფის“ ცნება შემატა. „მცდარი სელფი“ ეს არის გარემოდან ნაკარნახევი ნორმებისა და მოლოდინების საპასუხოდ აღმოცენებული სელფი, რომელიც ცდილობს ადაპტირდეს ისე, რომ გაამართლოს მოლოდინები და შეასრულოს გარემოდან წამოსული მოთხოვნები. ვინიკოტი მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი სელფის განვითარებისათვის ჩვილს უსაფრთხო და მზრუნველი ადამიანური გარემო სჭირდება, რათა თავი რეალურ და ცოცხალ ადამიანად იგრძნოს. გარდა ამისა, ვინიკოტი, ისევე როგორც ბოულბი და ფეირბერნი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დედასა და შვილს შორის კაშირს.
იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტი ურთიერთობის თეორია სხვადასხვა ავტორის მიერ იქმნებოდა და მდიდრდებოდა, მისი ცნებები, კლინიკური მიდგომები და გამოყენების კონტექსტი ძალიან ცვალებადია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1