მიღწევის მოთხოვნილება

Need For Achievement

მიღწევის მოთხოვნილება შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის ერთ-ერთი ბაზისური და ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მოიცავს მიზნის მიღწევისკენ სწრაფვას და რომელიც ინდივიდის აზრებისა და ქცევების ფართო სპექტრის მოტივაციური საფუძველია.

თემატურ აპერცეფციის ტესტზე დაყრდნობით დევიდ მაკლელანდმა შეიმუშავა მიღწევის მოტივაციური თეორია და გარკვეული საზომები ინდივიდების სხვადასხვა ტიპის მოთხოვნილებების შესაფასებლად. სხვა დანარჩენ მოთხოვნილებებთან ერთად, როგორიც არის, მაგალითად, ძალაუფლების ან აფილაციის მოთხოვნილება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება აღმოჩნდა  მიღწევის მოთხოვნილება, რომელიც პირობითად n Ach-ად მოიხსენიება.

მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე ინდივიდებისათვის დამახასიათებელია ეფექტიანობისა და შედეგიანობის ძლიერი სურვილი, რაც უფრო მეტად საბოლოო რეზულტატში გამოიხატება, ვიდრე გულმოდგინე შრომის სიყვარულში ან დისციპლინაში. მაგალითად, მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე ბავშმა შესაძლოა აჯობოს თანატოლს იმით, რომ ნაკლები ძალისხმევის შედეგად მიიღოს იგივე შედეგი.

თავის მხრივ, ის ინდივიდები, რომელთაც მიღწევის დაბალი მოთხოვნილება აქვთ, მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონეთაგან განსხვავებით, თემატური აპერცეფციის ტესტში, ერთ -ერთ სურათს, რომელიც მიღწევის მოთხოვნილების დონეს ზომავს, საკმაოდ პესიმისტურად აღწერენ. მათ მიერ სურათისთვის შექმნილ მოთხრობებში ჭარბობს წარუმატებლობისა  და რისკის თავიდან არიდების თემები.

კიდევ ერთ განმასხვევებელ ფაქტორს მიღწევის დაბალი და მაღალი მოთხოვნილების მქონე ინდივიდებში კონტროლის ლოკუსი და მისი მიმართება წარმოადგენს. მიღწევის მაღალი მოთხოვნილების მქონე პირები თავიანთ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც საკუთარ თავს მიაწერენ, შესაბამისად, მარცხის შემთხვევაში, ფიქრობენ რომ არასაკმარისი ძალისხმევა გამოიჩინეს და ხელახლა, უფრო ეფექტიანად ცდილობენ მიზნის მიღწევას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Johnson, A. (2008) The Influence of Need of Achievement, Need For Affilation, Leadership Support and Organizational Culture on Organizational Citizenship behavior; Los Angeles Alliant International University, LA

Coon, D.; Mitterer, J. (2007) Introduction to Pscychology: Gateways to Mind and Behavior; Wadsworth, Cengage Learning; Belmont, CA.

კატეგორია: 
ავტორები: