ვალიდობა [ფსიქოლოგია]

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Validity

ვალიდობა გვიჩვენებს, რამდენად ზომავს ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი იმას, რის გაზომვასაც ისახავს მიზნად. ტერმინი მოდის ლათინური სიტყვიდან valere — ძლიერად ყოფნა. ამგვარად ვალიდური საზომები „ძლიერი“ საზომებია, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ იმ ფსიქოლოგიურ თვისებებს ზომავენ, რომელთა გასაზომადაც შექმნეს.

მართალია, ერთი შეხედვით, ძალზე სწორხაზოვანი და მარტივია ვალიდობის ცნება, ის ბევრი კვლევის ცენტრალურ საკითხად იქცა. საქმე ისაა, რომ ვალიდობის შესახებ მოსაზრებები ფსიქოლოგიის განვითარების პარალელურად ჩამოყალიბდა. ადრეული ფსიქოლოგიური ტესტების ვალიდობა შინაარსის მიხედვით ფასდებოდა. რამდენადაც ფარავდა ტესტი სათანადო მასალას, იმდენად ვალიდურად ითვლებოდა ის. ცხადია, ამ პოზიციას თავისი შეზღუდვები აქვს. ტესტის შინაარსი ვალიდურად რომც გამოიყურებოდეს, დგება საკითხი: რამდენად გამოსადეგია ის? აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, რამდენად შეუძლია ტესტს შედეგების პროგნოზირება? ეს მიმართულება იმდროინდელი ფსიქოლოგიური ტესტირების გამოყენებით ბუნებაზე მიუთითებდა. მაგალითად, ინტელექტის პირველი ტესტები (მაგალითად, ბინე-სიმონის ტესტი), უპირატესად, იმის პროგნოზირებისთვის შეიქმნა, რომელი ბავშვები ვერ შეძლებდნენ სკოლის პროგრამის დაძლევას. ანალოგიურად, პირველი პიროვნების საკვლევი კითხვარი (ვუდვორტსის პიროვნული მონაცემების ფურცელი) აშკარად გამოყენებითი მიზნისთვის შეიქმნა: გადაერჩიათ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე, სამხედრო სამსახურისთვის უვარგისი  მამაკაცები.

ტესტის შინაარსა და მის პროგნოსტულ უნარებთან დაკავშირებული საკითხები დღესაც აქტუალურია და ორივე კონსტრუქტის ვალიდობის მდგენელებს წარმოადგენენ (Chronbach & Meehl, 1955).

თუ ვალიდობის ადრინდელი ვარიანტები ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ კონკრეტული ინსტრუმენტი მართლაც ზომავს იმას, რის გაზომვასაც ისახავს მიზნად, შედარებით გვიანდელმა ვალიდობამ მრავალი ფორმა მიიღო. მაგალითად, თვისებრივ მონაცემებში ვალიდობის მიღწევა გულწრფელი, ღრმა, მდიდარი და მოცულობითი მონაცემებით არის შესაძლებელი. ასევე, შერჩეული მონაწილეებით, ტრიანგულაციის ხარისხით, მკვლევრის მიუკერძოებლობითა და ობიექტურობით. რაოდენობრივი მონაცემების ვალიდობა შეიძლება გაუმჯობესდეს სწორი შერჩევით, სათანადო ინსტრუმენტების გამოყენებითა და მონაცემების დამუშავებისთვის გამოყენებული ადეკვატური სტატისტიკური მეთოდებით. შეუძლებელია, რომ კვლევა 100 %_ით ვალიდური იყოს, ეს პერფექციონისტის ოპტიმიზმია. რაოდენობრივი კვლევა მოიცავს სტანდარტული შეცდომის საზომს, რომელიც იმთავითვე ჩადებულია მასში და გასათვალისწინებელია. თვისებრივი მონაცემების ტენდენციურობის ხარისხში თავისი წვლილი შეაქვს რესპონდენტების სუბიექტურობას, მათ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებსა და ხედვის კუთხეებს. შესაბამისად, ვალიდობა ფარდობითი და არა — აბსოლუტური მდგომარეობაა, ამიტომ უნდა შეფასდეს მისი არსებობის ხარისხი. აქედან გამომდინარე, საუკეთესო შემთხვევაში, არავალიდურობის მინიმუმამდე დაყვანას და ვალიდობის მაქსიმიზაციას ვცდილობთ.

დღეისათვის ვალიდობის მრავალი სახე არსებობს, ესენია: შინაარსის, კრიტერიუმის, კონსტრუქტის, შინაგანი, გარეგანი, ანალოგიის, თვალსაჩინო, მსაჯულთა, პროგნოსტული, სისტემური, კატალიზის, ეკოლოგიური, კულტურული, დესკრიპტული, ინტერპრეტაციული, თეორიული და შეფასებითი ვალიდობა. თუმცა, ვალიდობის სამი ძირითადი სახეობაა შინაარსის ვალიდობა, კრიტერიუმის ვალიდობა და კონსტრუქტის ვალიდობა. ვალიდობის ეს ნაირსახეობები მეტ-ნაკლებად ფარავს ერთმანეთს და არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთისგან განცალკევებულად განვიხილოთ.

შინაარსის ვალიდობა გვიჩვენებს, რამდენად რეპრეზენტაციულად არის არჩეული ტესტის დებულებების შინაარსი გასაზომი მახასიათებლის თეორიულად განსაზღვრული შინაარსიდან.  შინაარსის ვალიდობას, როგორც წესი, ექსპერტები აფასებენ, რომლებიც კარგად იცნობენ საკვლევ სფეროს.

კრიტერიმის ვალიდობა შეეხება იმას, რამდენად კარგად შეესაბამება ტესტის ქულები სხვა კონკრეტული კრიტერიუმის საზომს ანუ საკვლევის ფსიქოლოგიური თვისების სხვა ინდექსს. კრიტერიუმი შეიძლება იყოს პოსტდიქტური, კონკურებული ან პრედიქტული (ანუ წარსული, აწმყო ან მომავალი, შესაბამისად), ვალიდობა კი, ჩვეულებისამებრ, კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით გამოითვლება.

კონსტრუქტის ვალიდობა მიუთითებს, რამდენად კარგად ზომავს მოცემული ტესტი იმ მახასიათებელს, რომლის გაზომვასაც ისახავს მიზნად. კონსტრუქტული ვალიდობა, ერთი შედეგის ნაცვლად, სხვა რელევანტურ და არარელევანტურ საზომებთან მიმართებების განხილვის საფუძველზე ფასდება. თუ საზომი მნიშვნელოვნად კორელირებს იმავე ფსიქოლოგიური მახასიათებლის სხვა ინდექსებთან (ანუ აქვს კონვერგენტული ვალიდობა) და არ არის კავშირში გარეშე მახასიათებლების სხვა მაჩვენებლებთან (ანუ აქვს დისკრიმინანტული ვალიდობა), ვასკვნით, რომ მოცემული საზომი/ინსტრუმენტი ავლენს კონსტრუქტის ვალიდობას. კონსტრუქტის ვალიდობა ვალიდობის შედარებით ზოგადი ფორმაა და ხშირად მიიჩნევენ, რომ თავის თვში მოიცავს შინაარსისა და კრიტერიუმის ვალიდობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.

Cronbach, L. J., & Meehl, P. E. (1955). Construct validity in psychological tests. Psychological Bulleting, 52, 281-302.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VIII.

კატეგორია: 
ავტორები: