პიროვნების საკვლევი კითხვარი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Personality Inventory

სტანდარტიზებული, ობიექტური თვითანგარიშის ტიპის კითხვარი, რომელიც რესპონდენტის პიროვნული ნიშნებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას ისახავს მიზნად.

ასეთი ტიპის კითხვარები პიროვნების შეფასებისათვის გამოიყენება და მოიცავს დებულებების სერიას პირადი აზრების, ემოციებისა და ქცევების შესახებ.

პიროვნების საკვლევი პირველი კითხვარი, „ვუდსვორთის პიროვნული მონაცემების ფურცელი“ პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და ჯარში გამოიყენებოდა, პერსონალის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად.სწორედ ეს კითხვარი შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიული ინტერვიუს სტანდარტიზებისა და მასობრივი ტესტირებებისათვის ინსტრუმენტის მომზადების პირველ სერიოზულ  მცდელობად, რომელმაც ბიძგი მისცა პიროვნების საკვლევი კითხვარების შემდგომ შექმნასა და განვითარებას.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, არაერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი ინსტრუმენტი შეიქმნა, მათ შორის: მაიერს-ბრიგსის ტიპების ინდიკატორი (Myers briggs Type Indicator (MBTI), მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნების საკვლევი კთხვარი (MMPI) და ა.შ.

პიროვნების საკვლევ კითხვარს, უმეტესად, მკვლევრები, ფსიქოკონსულტანტები და თერაპევტები იყენებენ, რათა მოახდინონ კლიენტის ძირითადი პიროვნული ნიშნების, დაძლევის მექანიზმებისა და ა.შ. იდენტიფიცირება.

სტრუქტურული თვალსაზრისით, პიროვნების საკვლევი კითხვარები ორ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყოს - ერთგანზომილებიან და მრავალგანზომილებიან კითხვარებად. ერთგანზომილებიანი კითხვარებით პიროვნების შეფასება ერთ კონკრეტულ განზომილებაში ხდება, მაგალითად,  ბეკის დეპრესიის საკვლევი კითხვარი, პიროვნებას მხოლოდ დეპრესიის დონის მიხედვით აფასებს. მრავალგანზომილებიანი სტრუქტურის შემთხვევაში კი, კითხვარები უფრო სრულ და ამომწურავ სურათს გვაწვდიან პიროვნების შესახებ, რადგან შეფასება სხვადასხვა განზომილებას ეფუძნება. ასეთ კითხვარს წარმოადგენს პიროვნების საკვლევი კითხვარი NEO, რომელიც პიროვნების შეფასებას ხუთ სხვადასხვა განზომილებაში ცდილობს, ესენია: ნეიროტიზმი; ექსტრავერსია,  გამოცდილებისადმი ღიაობა, თანხმობისადმი მზაობა და პატიოსნება.

პიროვნების საკვლევი კითხვარები ერთმანეთისგან დებულებების რაოდენობით და პასუხის გაცემის ფორმატითაც განსხვავდება. ძირითადად, გამოიყენება დიქოტომიური არჩევანის - კი/არა ფორმატი და ლაიკერტის ტიპის სკალა. ეს უკანასკნელი სიმეტრიულ სკალაა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე სავარაუდო პასუხს „სრულიად ვეთანხმებიდან“ „სრულიად არ ვეთანხმებიმდე“. შესაბამისად, როდესაც რესპონდენტი ამ ტიპის სკალაზე აფასებს დებულებას, შესაძლებელი ხდება მისი დამოკიდებულების ინტენსივობისა და ხარისხის  იდენტიფიცირება დებულებასთან მიმართებაში.

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და გარდამტეხი ცვლილება პიროვნების საკვლევი კითხვარების ინტერპრეტირებასა და გაგებაში პოლ მეელმა შეიტანა (Paul Meehl, 1945). მეელის მიხედვით, მნიშვნელოვანია არა დებულებების პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ ის, თუ რამდენად კარგი პრედიქტული ღირებულება აქვთ მათ. ამ მოსაზრების მიხედვით, მაგალითად, თუკი  შიზოფრენიის მქონე პაციენტები დადებითად უპასუხებენ დებულებას: „მე არასდროს არავინ მყვარებია“, შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ არსებობს გარკვეული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ამა თუ იმ  დაავადების მქონე პირები მეტ-ნაკლებად  ერთნაირად უპასუხებენ კონკრეტულ კითხვებს. ეს, თავის მხრივ, მეტ  შანსს  გვაძლევს ამოვიცნოთ ინდივიდები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ, მაგალითად, შიზოფრენია. ამიტომაც, მეელის აზრით, კითხვების შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანი პასუხების პრედიქტული ღირებულებაა და ძირითადი აქცენტიც მასზე კეთდება.

პიროვნების საკვლევი სხვა ტიპის ინსტრუმენტებისგან, მაგალითად, პროექციული ტესტებისგან განსხვავებით, რომლებიც ინტერპრეტაციის პროცესში მნიშვნელოვნად ეყრდნობიან თეორიას, პიროვნების საკვლევი კითხვარების უმეტესობა ემპირიულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რაც მონაცემების შეგროვებას და შეფასებას გულისხმობს.

იმისთვის, რომ პიროვნების საკვლევი კითხვარი სანდოდ ჩაითვალოს, აუცილებელია ისეთი სტატისტიკური პარამეტრებით ხასიათდებოდეს, როგორებიცაა სანდოობა და ვალიდობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პიროვნების საკვლევი კითხვარების ინტერპრეტირება შეუძლებელია კულტურული, ეთნიკური თუ სხვა  კონტექსტებისა და ნორმების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამის გამო, არსებობს  გარკვეული ფორმატი რომელსაც უნდა დაექვემდებაროს პიროვნების საკვლევი კითხვარი. ფორმატი მოიცავს სტატისტიკურ პარამეტრებს: z-ქულებს, სტენ-ქულებს (standard ten) და სტანდარტიზებული ქულების მიღების სხვა  მეთოდებს.

(სურათზე ნაჩვენებია MMPI -ის და MMPI 2 -ის ადმინისტრირების შედეგად მიღებული პროფილი. ვერტიკალურად მოცემულია ქულები თითოეული სკალისათვის, ხოლო ჰორიზონტალურად სანდოობის (L; F; K)  და კლინიკური სკალები)

 

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Anastasi, A., Urbina, S. (1997) Psychological Testing (7th edition) Upper saddle river, NJ: Prentice Hall

Weiner, B.., Graham, R.J.  (2003) Handbook of Psychology, Assessment Psychology. John Willey &Sons Inc.  Hoboken, New Jersey

Cohen, R. J., Montague, P., Nathanson, L. S., & Swerdlik, M. E. (1988). Psychological Testing: An Introductionto Tests and Measurements. Mountain View, CA: Mayfield Publishing Co.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

კატეგორია: 
ავტორები: