ინდივიდის უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებები, რომლებიც დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს დამახასითებელი ქცევითი (როგორც თვალსაჩინო, ისე ფარული) პატერნების სპექტრზე განსხვავებულ სიტუაციებში. ეს არის აზროვნების, გრძნობისა და ქცევის ინდივიდისთვის დამახასიათებელი სტილი. ასევე, მოიცავს გუნება-განწყობილებებს, დამოკიდებულებებსა და მოსაზრებებს და ყველაზე მკაფიოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას გამოიხატება. ის ერთ ადამიანს განასხვავებს მეორისგან. მას ადამიანის გარემოსა და სოციალურ ჯგუფში ურთიერთქმედებისას შეგვიძლია დავაკვირდეთ.
უკანასკნელი ორი ათასწლეულის მანძილზე ტერმინს „პიროვნება“ მრავალი დესკრიპტული გამოყენება ჰქონდა, თუმცა, ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, სიტყვა „პერსუ“ ძველი ეტრუსკულიდან მოდის და შენიღბულ ფიგურას, ნიღაბს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ეს ნიღაბი ანუ პერსუ პირველად ძველ რომში გამოიყენა მსახიობმა თავისი ელამი თვალების დასაფარად. „პერსუ“ ლათინურში ტრანსფორმირდა „პერსონად“, რაც, ასევე, ნიღაბს ნიშნავს, რომელსაც მსახიობები იყენებდნენ თეატრალური წარმოდგენისას ძველ ბერძნულ დრამაში. თავისი არსით, ეს ტერმინი, თავდაპირველად, მიუთითებდა კომიკურ ან ტრაგიკულ ფიგურაზე თეატრალურ მოქმედებაში (Хьелл & Зиглер Д, 1997).
თანამედროვე ფსიქოლოგიაში პიროვნების მრავალი განსაზღვრება არსებობს და თითოეული მათგანის უკან შესაბამისი თეორია დგას. პიროვნების ცნების შინაარსში თავდაპირველად მოიაზრებოდა პიროვნების გარეგანი, ზედაპირული სოციალური ხატი, რომელსაც ინდივიდი იღებს გარკვეული ცხოვრებისეული როლის თამაშის დროს. ესაა გარშემო მყოფებისკენ მიმართული ერთგვარი საზოგადოებრივი სახე. ეს მოსაზრება ემთხვევა თანამედროვე არაპროფესიონალის მოსაზრებას, რომელიც, ჩვეულებრივ, პიროვნებას მომხიბვლელობით, საზოგადოებაში ქცევის უნარით, პოპულარობით, ფიზიკური მიმზიდველობითა და სხვა სოციალურად სასურველი მახასიათებლებით აფასებს. ასეთი მიდგომა ბადებს ისეთ კომენტარებს, როგორებიცაა „ის სასურველი პიროვნებაა“, „ეს არასასიამოვნო პიროვნებაა“. ეს კონცეფცია მთლიანად მეცნიერული ფსიქოლოგიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, რადგან ყურადღების მიღმა ტოვებს ქცევის მრავალ თავისებურებას, რომელიც აუცილებლად პიროვნების კონტექსტში უნდა იქნეს შესწავლილი.
პიროვნება, ასევე, განიხილებოდა, როგორც ინდივიდის ყველაზე მკაფიო და შესამჩნევი მახასიათებლების კომბინაცია. ამგვარად, ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ „ის მორცხვი პიროვნებაა“ ან „ის მეგობრული პიროვნებაა“ და იგულისხმება, რომ მორცხვობა ან მეგობრულობა მისი ყველაზე დამახასიათებელი შტრიხია. მსგავს მაგალითებში საქმე გვაქვს პიროვნების გაიგივებასთან იმ გარეგან სოციალურ შთაბეჭდილებასთან, რომელსაც მოცემული ინდივიდი გარშემომყოფებზე ახდენს მათთან ურთიერთობის პროცესში ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ, რამდენად ახდენს ზეგავლენას ურთიერთობის სიტუაციებში პიროვნების ქცევათა უმრავლესობაზე მისი ყველაზე გამორჩეული, აშკარა თვისებები. სამწუხაროდ, ტერმინის ასეთი, ფაქტობრივად, პოპულარული გამოყენებისას ხელიდან გვისხლტება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი შეიძლება კონკრეტული სიტუაციისდა მიხედვით იყოს მეგობრული ან მორცხვი. ამასთან, ტერმინი „პიროვნება“ პერსონოლოგთა უმრავლესობის გაგებით არ გულისხმობს ადამიანის ხასიათის ან მისი სოციალური უნარების შეფასებას. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ „გურამი არაჩვეულებრივი პიროვნებაა“, ალბათ, ვგულისხმობთ მის კეთილგანწყობას, უშუალობას ან სხვებისათვის დახმარებისადმი მზაობას. თუმცა, პიროვნების საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგები არ იყენებენ მახასიათებლებს ერთეული მნიშვნელობით ანუ არ ყოფენ პიროვნებებს კარგებად და ცუდებად (Хьелл & Зиглер, 1997).
კაპრარა და სერვონი (2003) პიროვნების ცნებაში ფსიქიკური სისტემების მთელ სიმრავლეს გულისხმობენ, რომელიც ადამიანის ქცევისა და განცდების უწყვეტობას განაპირობებს იმ სახით, რა სახითაც ეს მრავალრიცხოვანი სისტემები ვლინდება და როგორადაც აღიქმება ის თავად ადამიანისა და სხვა ადამიანების მიერ.
ამ განმარტებიდან ჩანს, რომ პიროვნების ცნება რამდენიმე რაკურსით უნდა განვიხილოთ. ადამიანის თვალსაზრისით, მისი საკუთარი პიროვნება არის თვისებათა და მიდრეკილებათა ერთობლიობა. ეს მდგრადი პიროვნული თვისებები იდენტობის („ჩემი“), ერთიანობის („აზრები, გრძნობები, მოქმედებები — ეს ყველაფერი ჩემი ნაწილებია“) და უნიკალობის (მე) გრძნობას ქმნიან. დამკვირვებლის თვალსაზრისით, პიროვნება ფსიქიკური მახასიათებლების ერთობლიობაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ადამიანები აკვირდებიან სხვა ადამიანების ქცევას, საკუთარი დაკვირვებების გამოყენებით იქმნიან მათზე წარმოდგენას და პიროვნების შესახებ საკუთარ წარმოდგენებს შეთანხმებული სისტემების სახით ალაგებენ. ამ თვალსაზრისით, პიროვნება სოციალური კონსტრუქტია, რომელიც ადამიანების თვისებების შესახებ წარმოდგენების სისტემებს უკავშირდება. და ბოლოს, მეცნიერის თვალსაზრისით, პიროვნება ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ფსიქიკური სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ინტრაფსიქიკურ ფუნქციონირებასა და გარემოსთან ადამიანის ურთიერთქმედებას.
მაკკრეისა და კოსტასა მიხედვით (2003), პიროვნების ცნებაში პიროვნული ნიშნებითა და იმ დინამიკური პროცესებით განსაზღვრული სისტემა იგულისხმება, რომლითაც ეს ნიშნები ზემოქმედებენ ინდივიდის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე.
გერიგი და ზიმბარდო (2009) პიროვნებას განსაზღვრავენ, როგორც უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთულ ერთობლიობას, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევისთვის დამახასიათებელ პატერნებზე.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით (Dillinger et. al., 2003), პიროვნება განისაზღვრება როგორც დამახასიათებელი, ტიპური გზა იმისა, თუ როგორ ფიქრობს, გრძნობს და იქცევა ადამიანი; ქცევის ღრმად გამჯდარი პატერნი, რომელიც თითოეულ ადამიანშია მოცემული ცნობიერად თუ არაცნობიერად, როგორც ცხოვრების სტილი ან გარემოსთან ადაპტაციის ფორმა.
ამრიგად, მეცნიერული პიროვნების ფსიქოლოგია პიროვნებას, როგორც თავის საკვლევ ობიექტს, მოსახერხებელ ცნებად მიიჩნევს, რომელიც აერთიანებს ადამიანისთვის დამახასიათებელ მრავალ ასპექტს — ემოციებს, მოტივაციას, აზრებს, განცდებსა და ქცევებს, თუმცა, პიროვნება, როგორც ცნება, არ უნდა დავიყვანოთ ინდივიდის ფუნქციონირების რომელიმე ასპექტზე. პიროვნების კონცეპტუალური მნიშვნელობა მრავალწახნაგოვანია — ის მოიცავს შინაგან ფსიქიკურ პროცესთა ფართო სპექტრს, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქცევის თავისებურებებს სხვადასხვა სიტუაციაში.
პიროვნება, როგორც მეცნიერული კვლევის ობიექტი. დარგის ფორმირება
პიროვნების ფსიქოლოგია 1930-იან წლებში ამერიკული უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის დეპარტამენტების წიაღში დაიბადა. სწორედ 1930-იან წლებში გაერთიანდა კვლევის რამდენიმე მიმართულება და შეიქმნა ახალი აკადემიური დისციპლინა. ჟურნალი „ხასიათი და პიროვნება“ პირველად 1932 წელს გამოიცა, რომელშიც ხასიათის გერმანული კვლევების, პიროვნებებს შორის ინდივიდუალური განსხვავებების ბრიტანული და ამერიკული კვლევებისა (რომლებიც მოიცავდნენ შემთხვევის შესწავლას, კორელაციურ გამოკითხვებს, ექსპერიმენტებს) და თეორიული დისკუსიების სინთეზის მცდელობებია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ პიროვნების ისეთი თეორეტიკოსები, როგორებიც იყვნენ ფროიდი, იუნგი და ადლერი, ამ დრომდე 30 წლით ადრე უკვე აქვეყნებდნენ თავიანთ ნაშრომებს ადამიანისა და პიროვნების შესახებ, თუმცა მათი ნაშრომები არ მოიაზრებდა პიროვნების ფსიქოლოგიას, როგორც ფორმალურად არსებულ და აღიარებულ დარგს. მათ ნაშრომებში გამოთქმული თეორიული მოსაზრებები, უპირატესად, ადამიანების პათოლოგიური ფუნქციონირების, გამოვლენილი სიმპტომატიკისა და ფსიქოთერაპიის პროცესში მიღწეული ცვლილებების შესწავლას ემყარება, რის საფუძველზე თითოეულმა მათგანმა შემდგომში პიროვნების მისეული თეორიაც შემოგვთავაზა. ამით მათ ხელსაყრელი წინაპირობები შექუმნეს პიროვნების ფსიქოლოგიის, როგორც პიროვნების შესახებ მეცნიერების, ჩამოყალიბებას.
პიროვნების, როგორც ფსიქოლოგიაში წარმოებული კვლევების ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოყალიბება, დიდწილად, გორდონ ოლპორტისა (1937) და ჰენრი მარეის (1938) (ორივე ჰარვარდის პროფესორი იყო) სახელებს უკავშირდება. ფორმალურად პიროვნების ფსიქოლოგიის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1937 წელი, როდესაც გამოვიდა გორდონ ოლპორტის „პიროვნება: ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია“ — პირველი ნაშრომი, რომლიდანაც იწყება პიროვნების ფსიქოლოგიის ათვლა და რომელშიც ოლპორტმა თავისი ცნობილი განსაზღვრება ჩამოაყალიბა. ამავე დროს ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკაში მოღვაწეობდა ჰენრი მარეი, რომელმაც პერსონოლოგიის ბაზისური პრინციპები 1938 წელს გამოსულ ნაშრომში „პიროვნების კვლევა-ძიება“ ჩამოაყალიბა.
თუ ოლპორტისთვის ადამიანის გონება პოტენციურად რაციონალური და მოწესრიგებულია, მარეი ყურადღებას შედარებით ირაციონალურ, ვნებიან, კონფლიქტებითა და ემოციებით მართულ ადამიანს უთმობს. მან ფროიდისა და იუნგის მოსაზრებების აკადემიურ ფსიქოლოგიაში შემოტანა სცადა. ისიც, ოლპორტის მსგავსად, პიროვნების მთლიანობის იდეის მომხრე იყო და თვლიდა, რომ ქცევა გარემოსა და პიროვნების ინტერაქციის ფუნქცია იყო, თუმცა, ამ ორი ავტორის ცნებითი აპარატი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
დასაწყისში პიროვნების ფსიქოლოგია მხოლოდ არაფორმალური სფერო იყო ამერიკული ფსიქოლოგიის წიაღში (Hogan, et. al. 1997). 1930-იან წლებში ტრადიციული ამერიკული ფსიქოლოგია ისეთი თემების კვლევაზე იყო ფოკუსირებული, როგორიცაა ჩვევები, რეფლექსები და ცალკეული რეაქციები ანუ მას ორგანიზმის ქცევის ბაზისური მოლეკულური ელემენტები აინტერესებდა. ამის საპირისპიროდ, პიროვნების ფსიქოლოგია ჰოლისტური იყო და კვლევის ელემენტარულ ერთეულად მთლიან პიროვნებას აღიარებდა და თვლიდა, რომ ერთიანობა, თანმიმდევრულობა და მთლიანობა ადამიანის ცხოვრების არსებითი ნიშნებია. ამ პერიოდში ამერიკული ფსიქოლოგია ყველა ორგანიზმისთვის საერთო უნივერსალური კანონზომიერებების ძიებით იყო დაკავებული. ის მთლიანად ნომოთეტური წამოწყება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქცევის ზოგადი პრინციპებისა და კანონების აღმოჩენასა და გადამოწმებას ისახავდა მიზნად. ამის საპირისპიროდ, პიროვნების ფსიქოლოგიას აინტერესებდა ისიც, როგორ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან და ისიც, თუ როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს. ოლპორტი უფრო შორსაც წავიდა და თვლიდა, რომ მეცნიერმა ყოველი ინდივიდი პერსონალურად უნდა შეისწავლოს, როგორც უნიკალური ერთეული. ის პიროვნებისადმი იდეოგრაფიული მიდგომის მომხრე იყო, რომელიც, ნომოთეტურისგან განსხვავებით, ყურადღების მიღმა ტოვებდა ზოგად კანონზომიერებებს და კონკრეტული ცხოვრებებისთვის სპეფიციკური და ინდივიდუალური მოდელებით/სქემებით ინტერესდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლპორტის ასეთი მარგინალური პოზიცია პიროვნების ფსიქოლოგიაშიც კი ყოველთვის საკამათო იყო, პიროვნების ფსიქოლოგები, სხვა ფსიქოლოგებთან შედარებით, ტრადიციულად, უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ერთი კონკრეტული შემთხვევის კოპლექსურობის შესწავლით (McAdams, 2009).
თანამედროვე სტატუსი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის პიროვნების ფსიქოლოგია არის დისციპლინა, რომელიც თავისი მახასიათებლებითა და ტრადიციული აქცენტებით გამოირჩევა და ესენია: (ა) ჰოლიზმი ანუ მთლიანი პიროვნება, (ბ) მოტივაცია და დინამიკა და (გ) ინდივიდუალური განსხვავებები (Hogan, Johnson, and Briggs, 1997).
თანამედროვე პიროვნების ფსიქოლოგიას თეორიული, ემპირიული და ინსტიტუციური მისია აკისრია. თეორიულ მისიას აზროვნების, ემოციისა და ქცევის ინდივიდებისთვის დამახასიათებელი პატერნებისა და ამ პატერნების საფუძვლად მდებარე თვალსაჩინო თუ დაფარული ფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა წარმოადგენს. ამ თეორიული მიზნის მისაღწევად დასახული ემპირიული მიზანი, ერთი მხრივ, იმ მონაცემების შეგროვება და გაანალიზებაა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს პიროვნებები, სიტუაციები და ქცევები და, მეორე მხრივ, ისეთი ფსიქომეტრული ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც ამ კავშირების ბუნების გარკვევაში დაგვეხმარება. ინსტიტუციური მისია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშნველოვანია, მეცნიერული სპეციალიზაციისა და ფრაგმენტაციის ეპოქაში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფას გულისხმობს. პიროვნების ფსიქოლოგია განვითარების, სოციალური, კოგნიტური და ბიოლოგიური ფსიქოლოგიის მიღწევების გაერთიანებას ცდილობს მთლიანი პიროვნებების და მათ შორის არსებული განსხვავების იმ განზომილებების შესასწავლად, რომლებიც ერთი პიროვნების მეორესგან გარჩევის საშუალებას გვაძლევს (Funder, 2001).
პიროვნების შესახებ ინფორმაციის წყაროები
ზოგადად, ადამიანის პიროვნების შესახებ ინფორმაცია სამი განსხვავებული წყაროდან მიიღება, ესენია: (ა) ბიოლოგიური, რომელიც გენეტიკასა და გარემოში იღებს სათავეს; (ბ) სოციალური რეალობა, მათ შორის სოციალური ძალების გავლენა განვითარების პროცესში მყოფ ბავშვზე, რაც ისეთ პიროვნულ თავისებურებების ფორმირებაზე მოქმედებს, როგორებიცაა მოტივები, ნიშნები, ქცევები და დამოკიდებულებები; (გ) შეგუებასთან და ადაპტაციასთან პრობლემების მქონე ადამიანებთან კლინიკური კონტაქტის შესწავლა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ინფორმაციის ამ სამი წყაროსა და კვლევის მეთოდის ინტეგრირება გაცილებით მეტ და ვალიდურ ინფორმაციას მოგვცემს პიროვნების შესახებ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.
Allport, G. W. (1937). Personality: A Psychological Interpretation. New York: Henry Holt and Company.
Caprara, G. V., & Cervone, D. (2003). Personality: Determinants, Dynamics, and Potentials. Cambridge: Cambridge University Press.
Dillinger, T. G., Weigemann D. A. and Taneja N. (2003). Relating Personality with Stress Coping Strategies among Military Student Pilots in a Collegiate Flight Training Program. Aviation Space and Environmental Medicine, 54 (11), 945-949.
Funder, D. C. (2001). Personality. Annual Review of Psychology, 57, 197-221.
Hogan, R.; Johnson, J. and Briggs, S. (1997). Handbook of Personality Psychology. Sab Diego: Academic Press.
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.
McCrae R. R., Costa, P. T. (2003). Personality in Adulthood: A Five Factor Theory Perspective, 2nd ed. The Guilford Press: New York, London.
Murray, H. (1938/2008). Explorations in Personality. Oxford: University Press.
Personality, http://www.britannica.com/EBchecked/topic/452993/personality, 03/08/2015.
Хьелл Л., Зиглер Д. (1997). Теории личности. изд. Питер.