დამოკიდებულება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Attitude

თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევაში ტერმინი „დამოკიდებულება“ საგნების, ადამიანების, ჯგუფების და/ან ცნებების დასწავლილი, შედარებით ზოგადი და მყარი დადებითი ან უარყოფითი შეფასების აღსანიშნად გამოიყენება. ამრიგად, დამოკიდებულებები გლობალური შეფასებებია, რომლებიც კონკრეტული რწმენებისა და ემოციებისგან უნდა განვასხვაოთ. ისინი საგნების შეფასებების შეჯამებას გვაძლევენ და ხშირად მიჩნეულია, რომ ამ საგნებთან ასოცირებული კონკრეტული რწმენებიდან, ემოციებიდან და წარსულში განხორციელებული ქცევებიდან მომდინარეობს. ამასთან, დამოკიდებულებები ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული შედარებით მყარი შეფასებებია და არა — წარმავალი ფსიქოლოგიური მდგომარეობები.

დამოკიდებულების ამომწურავი განმარტება ეკუთვნის გორდონ ოლპორტს (1935, გვ. 810): დამოკიდებულება არის მზაობის ფსიქიკური ან ნერვული მდგომარეობა, რომელიც გამოცდილებით ორგანიზდება და უშუალო ან დინამიკურ გავლენას ახდენს იმაზე,  როგორ რეაგირებს ინდივიდი ობიექტებსა და სიტუაციებზე.ტერმინი „დამოკიდებულება“ პირველად ჰერბერტ სპენსერმა გამოყენა 1962 წელს (Oskamp, S., Schultz, P. W., 2005), თუმცა სამკომპონენტიანი — კოგნიტური, აფექტური, ქცევითი — მოდელი (იხ. ქვემოთ) არსებითად იდენტურია იმისა, რომელსაც ჯერ კიდევ პლატონი აღწერდა და იყენებდა ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა კოგნიცია, აფექცია და კონაცია.

სტრუქტურა

დამოკიდებულებები ხშირად განიხილება, როგორც „ობიექტზე“ კოგნიტური, აფექტური და ქცევითი რეაქციების განხორციელებისადმი წინასწარი მზაობა. ასეთი სამმაგი ხედვა საფუძვლად უდევს დამოკიდებულებების შინაარსობრივი თვალსაზრისით კლასიფიკაციას და ითვლება, რომ ინფორმაციის ეს სამი ტიპი ქმნის დამოკიდებულებების ბაზისს.

  • აფექტური ანუ ემოციური კომპონენტი — ის გრძნობები და ემოციები, რომლებიც აქვს ინდივიდს დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, მაგალითად, „ველოსიპედით სიარული სასიამოვნოა“.
  • ქცევითი კომპონენტი — ინდივიდის მოქმედების ტენდენციას დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, მაგალითად, „როგორც კი საშუალება მეძლევა, ველოსიპედით დავდივარ“, „ფული რომ მქონდეს, ახალ ველოსიპედს ვიყიდიდი“.
  • კოგნიტური კომპონენტი — ინდივიდის იდეები და რწმენები დამოკიდებულების ობიექტის შესახებ, მაგალითად, „ველოსიპედი ჯანსაღი ტრანსპორტია“, „ველოსიპედით სიარული ბენზინის ეკონომიის საშუალებაა“.

დამოკიდებულებების ერთ-ერთი თვისება, რომელიც ქცევის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა, ხელმისაწვდომობაა ანუ დამოკიდებულების ობიექტსა და ადამიანის მიერ ამ ობიექტის შეფასებას შორის კავშირის სიძლიერე. კვლევები აჩვენებს, რომ ქცევები მით უფრო მეტად შეესაბამებიან დამოკიდებულებებს, რაც უფრო ხელმისაწვდომნი არიან ეს უკანასკნელნი. დამოკიდებულებები უფრო ხელმისაწვდომია, როდესაც ისინი უშუალო გამოცდილებას ეფუძნებიან.

ასევე, დამოკიდებულებებით ქცევის წინასწარმეტყველება უფრო ეფექტურია, თუ ისინი სპეციფიკურობის ერთსა და იმავე დონეზე არიან გაზომილი. აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციფიკურობა იმ კონკრეტულ ეგზემპლარებსაც შეეხება, რომლებიც დამოკიდებულების გამოხატვისას ახსენდება ადამიანს. მაგალითად, თუ ვეკითხებით, ენდობა თუ არა ის პოლიტიკოსებს, მისი შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი გაახსენდება მოცემულ მომენტში. თუ იმავე ადამიანს იმავე კითხვას რამდენიმე კვირის შემდეგ დავუსვამთ, მისი შეფასება, რომელიც ზოგად დამოკიდებულებას გამოხატავს, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან იმ მომენტში მას შეიძლება, სულ სხვა პოლიტიკოსები გაახსენდეს.

ცვლილება

დამოკიდებულებების ფორმირება და ცვლილება კოგნიტური, აფექტური და ქცევითი პროცესების საფუძველზე ხდება. დამოკიდებულების კოგნიტური დეტერმინანტების კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები იქმნიან რწმენებს მათ გარემოში არსებული საგნების (ე. წ. „დამოკიდებულებების ობიექტების“) შესახებ და ამ რწმენების შეფასებითი შინაარსი განსაზღვრავს, რამდენად სასურველი ან არასასურველია დამოკიდებულებები. ამასთან, აფექტურ გამოცდილებებს (ანუ დამოკიდებულების ობიექტის მიმართ ადამიანის მიერ განცდილ ემოციებსა და გრძნობებს) თავისი წვლილი შეაქვთ დამოკიდებულების ფორმირებაში. ქცევები დამოკიდებულებების შესახებ ცოდნის კიდევ ერთი წყაროა და, შესაბამისად, იმ ასოციაციების ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც საფუძვლად უდევთ დამოკიდებულებებს. დამოკიდებულებების მოდიფიცირება შესაძლებელია რწმენების, აფექტების ან ქცევის რეპრეზენტაციების ცვლილებით, რომლებიც ადამიანს აქვს დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

დამოკიდებულებების ცვლილების შესახებ წარმოებული კვლევები ისეთ ცვლადებზე ფოკუსირდება, როგორებიცაა კომუნიკატორის (სანდოობა და მოსაწონობა) მახასიათებლები, შეტყობინების შინაარსობრივი ცვლადები (შიშის დონე ან გამეორება) და რეციპიენტის მახასიათებლები (თვითშეფასება და კოგნიციის მოთხოვნილება). კვლევა აჩვენებს, რომ ეს ცვლადები იშვიათად ახდენენ მარტივ ეფექტს. მათი მოქმედების შედეგად მატულობს ან კლებულობს დარწმუნებულობის ხარისხი, ხოლო ზოგიერთ ვითარებაში საერთოდ არანაირი გავლენა არა აქვს. დამოკიდებულების ცვლილების თანამედროვე თეორიები აჩვენებენ, რომ ამ ემპირიული კომპლექსურობის მიზეზები იმ მრავალშრიან ფსიქოლოგიურ პროცესებში ძევს, რომლებიც დამოკიდებულების ცვლილების მედიაციას ახდენენ. კვლევა აჩვენებს, რომ ამ კომპლექსურობას, უპირატესად დამარწმუნებელი შეტყობინებების დიდი მრავალფეროვნება ქმნის, რომელიც რეკლამებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განცხადებებიდან და პოლიტიკური კამპანიებიდან მომდინარეობს. ამასთან, გამოყენებული ტექნიკების დიდი წილი ძალზე ეფექტურია დამოკიდებულებების ცვლილების მისაღწევად.

გაზომვა

ვინაიდან დამოკიდებულება ჰიპოთეტური კონსტრუქტია, კერძოდ, კი პრედისპოზიციაა, შეუძლებელია მისი უშუალოდ დაკვირვება.  მის შესახებ დასკვნების გაკეთება მხოლოდ ობიექტზე ინდივიდის რეაქციების მიხედვით არის შესაძლებელი. ეს რეაქციები შეიძლება იყოს თვალსაჩინო, დაკვირვებადი ქცევით (როგორიცაა ობიექტთან მიახლოება ან მისთვის თავის არიდება) და ექსპლიციტური ვერბალური დებულებებით დაწყებული და ფარული პასუხებით დამთავრებული, რომლებიც ინდივიდის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად ხორციელდებოდეს (მაგალითად, წამიერი მიმიკა სახეზე, ან დაწერილი სიტყვის ამოცნობის სიჩქარე). თუმცა, პრაქტიკაში მკვლევრები, უმეტესწილად, პირდაპირი შეკითხვების პასუხებს ეყრდნობიან. ეს არის, ზოგადად, პოპულაციაში წარმოებული გამოკითხვების ფარგლებში დამოკიდებულებების შეფასების ყველაზე სანდო და მიღებული პროცედურა, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში პირდაპირ კითხვებს შედარებით ნაკლებად პირდაპირ პროცედურებს ამატებენ.

პირდაპირი კითხვების დასმის ყველაზე გავრცელებული ფორმატია რეიტინგის სკალები, რომლებშიც, რესპონდენტს უწევს იმ პასუხის შესატყვისი რიცხვის აღნიშვნა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის მოსაზრებას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Allport, G. W. (1935). Attitudes. In C. Murchison (Ed.), A handbook of social psychology (pp. 798-844). Worcester, MA: Clark University Press. 

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1. 

Oskamp, S., Schultz, P. W. (2005). Attitudes and Opinions, 3rd ed. Lawrence Erlbaum Associates, Publishers, Mahwah, New Jersey, London.

კატეგორია: 
ავტორები: