ნიშანი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Trait

აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების კონსისტენტური  პატერნების ტენდენციების მიხედვით ინდივიდუალური განსხვავებების განზომილებები.

ეს ფენოტიპური განსაზღვრებაა ანუ გვეუბნება, როგორ გამოიყურებიან ნიშნები და როგორ შეიძლება მათი ცნობა. ისეთი ნიშნების დახასიათება, როგორებიცაა მორცხვობა და მიმნდობლობა, როგორც ინდივიდუალური განსხვავებების განზომილებებისა, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ადამიანების რანჟირება ამ ნიშნების გამოხატულების ხარისხის მიხედვით. ზოგი ადამიანი ძალიან მიმნდობია, უმრავლესობა — საშუალოდ მიმნდობი, ძალიან ცოტა კი — საკმაოდ უნდობი. ფაქტობრივად, ყველა ნიშანი ყველა ადამიანში სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული და მათი გამოხატვის განაწილება ნორმალურს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პიროვნების თეორია აღწერს ტიპებს — ნიშნების უნიკალური კონფიგურაციის მქონე ადამიანების გარკვეულ ჯგუფს — თანამედროვე კვლევები აჩვენებენ, რომ ასეთი ე.წ. ტიპების უმრავლესობა, უბრალოდ, უკიდურესი ქულების ნაკრებია ნიშნების უწყვეტად განაწილებულ განზომილებებზე (McCrae & Costa, 1989b).

რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს მოცემული ნიშანი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის იმ ქცევას გამოავლენს, რომლისკენაც ეს ნიშანი განაწყობს და, ამგვარად, უფრო ხშირადაც გამოვლინდება ის. ანალოგიურად, რაც მეტად ახასიათებს ადამიანს ნიშანი, მით უფრო ინტენსიურად იქცევა და რეაგირებს ის რელევანტურ სიტუაციებში. ძალიან სოციალურ ადამიანს ნამდვილად უყვარს ადამიანების წრეში ყოფნა და ხშირადაც არის ასეთ სიტუაციაში. სათანადო მოქმედებებისა და გრძნობების სიხშირე და ინტენსივობა ის ძირითადი მანიშნებლებია, რომელთა მიხედვითაც ვასკვნით ნიშნის არსებობის ხარისხზე. პიროვნების ფსიქოლოგიაში ნიშნის ცნება ქცევის, კერძოდ, ექსპრესიული ანუ სტილისტური ქცევის, კონსისტენტური (თანმიმდევრული, შედარებით მდგრადი) პატერნების აღსანიშნად გამოიყენება. ნიშნების თეორეტიზაცია და კვლევა, ძირითადად, მათი რაოდენობის, ბუნებისა და ე. წ. „ბაზისური“ ნიშნების ორგანიზაციის საკითხებზე ფოკუსირდება და სამ ძირითად სტრატეგიას იყენებს. პოპულარობის მიხედვით თუ დავალაგებთ, ეს სტრატეგიებია: (1) ფაქტორული ანალიზი და მასთან დაკავშირებული მათემატიკური ტექნიკები; როგორც წესი, გამოიყენება ნომოთეტურ კვლევაში ზოგადად ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნების განზომილებების გამოსავლენად; (2) რაციონალური ანუ აპრიორი თეორეტიზაცია; ხშირად მოიცავს ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფისთვის (ქვეჯგუფისთვის) მისადაგებული ტიპოლოგიების კონსტრუირებას; (3) იდეოგრაფიული კვლევა, რომელიც, ფაქტობრივად, უარს ამბობს „ბაზისური“ ნიშნების ძიების მცდელობებსა და კონკრეტული ინდივიდების უნიკალურ ნიშნებზე ან ნიშანთა პატერნებზე ფოკუსირდება (John, et. al., 2008).

პიროვნების ნიშნის ცნება მოიაზრებს აზრების, გრძნობების ან მოქმედებების თანმიმდევრულ, მდგრად პატერნებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებენ (Johnson, 1997). ამ დეფიცინიაში აღსანიშავია სამი ძირითადი მომენტი. პირველი, ნიშნები შეიძლება შეეხებოდეს აზრებს, გრძნობებს ან ქცევებს. ეს ხშირად უყურადღებოდ რჩება, ვინაიდან ზოგიერთი ფსიქოლოგი პიროვნებას მხოლოდ თანმიმდევრული/მდგრადი ქცევების ტერმინებით განსაზღვრავს. მეორე, ნიშნის მიკუთვნება თავისთავად, გარდაუვლად გულისხმობს ადამიანების ურთიერთშედარებას. თუ ვიტყვით, რომ გიორგი ობსესიურობა-კომპულსურობით ხასიათდება, ვგულიხსმობთ, რომ მის შემთხვევაში უფრო მეტად არის გამოკვეთილი აკვიატებული აზრები და დანაშაულის განცდა და ეს ადამიანი უფრო მეტ რიტუალურ ქცევას ახორციელებს, ვიდრე სხვები. მესამე, ნიშნები, ადამიანებს შორის განსხვავებების აღწერასთან ერთად, გარკვეულ კონსისტენტობასაც უნდა ასახავდნენ. თუ გიორგის ობსესიური გამოცდილებებისა და კომპულსური (იძულებითი) მოქმედებების სიხშირე იმდენად შემცირდება, რომ ზოგადად პოპულაციისთვის დამახასიათებელ ოდენობას გაუტოლდება, მაშინ ისინი ამ ნიშნით აღარ გამოარჩევენ გიორგის დანარჩენი ადამიანებისგან.

ნიშნის, როგორც პიროვნების აღმწერი თეორიული კონსტრუქტის, შესახებ მრავალი დავა და წინააღმდეგობა არსებობს, თუმცა, ნიშნების მკვლევრები ორ საკითხზე თანხმდებიან: (1) ნიშანი შეეხება კანონზომიერებებს ანუ ადამიანების ქცევაში ფართო ქცევით კონსისტენტურობას (მდგრადობას). შესაბამისად, ნიშნები ფუნქციონირებაში ინდივიდუალური განსხვავებების ბაზისურ კატეგორიებს წარმოადგენენ. (2) წარმოადგენენ რა ფუნქციონირებაში ასეთი ფართო განსხვავებების დესკრიპტორებს, შესაძლებელია ნიშნების პიროვნების ბაზისურ ერთეულებად გამოყენება. (Pervin, 2003).

ნიშნების მახასითებლები

ნიშნების ბუნების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს (იხ. ცხრილი), თუმცა თეორეტიკოსები რამდენიმე მომენტზე თანხმდებიან.

პირველ რიგში, ნიშნების ფსიქოლოგებისთვის ნიშნები შინაგანი (ინტერნალური) დისპოზიციებია (McAdams, 2009),  რომლებიც შედარებით სტაბილურია დროსა და სხვადასხვა სიტუაციაში. თუ ვასკვნით, რომ მაკა კეთილსინდისიერების გამოკვეთილი ნიშნით ხასიათდება, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ის პრაქტიკულად ყოველთვის კეთილსინდისიერია სხვადასხვა სიტუაციაში (სამსახურში, უნივერსიტეტში, მეგობრებთან ურთიერთობასა და საკუთარ ოჯახში) და დროთა განმავლობაში (მოზარდობაში, ახალგაზრდობასა და მოწიფულ ასაკში).

მეორე, ნიშნები, როგორც წესი, ბიპოლარული ტერმინებია. მეგობრულობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კონტინუუმი, რომელიც ორ პოლუსს შორის — „უკიდურესად მეგობრულიდან“ „უკიდურესად არამეგობრულამდე“ — თავსდება. მაშასადამე, მეტყველებაში ნიშნები ხშირად ანტონიმებით გამოიხატება: მეგობრულობა-არამეგობრულობა, ექსტრავერსია-ინტროვერსია, დომინანტურობა-დაქვემდებარებულობა. თითოეული ადამიანი შეგვიძლია ნიშნის გამოხატულობის ინტენსივობის მიხედვით შედარებით, ნორმალურ განაწილებაში  მოვათავსოთ.

მესამე, სხვადასხვა ნიშანი, ზოგადად, ერთმანეთის შემავსებელი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. მაგალითად, გვანცა უკიდურესად კეთილგანწყობილი, ორგანიზებული და შედარებით რბილია შეფასებებისას, ასევე, ნაკლებად ახასიათებს რისკისკენ მიდრეკილება. ეს ოთხი ნიშანი მისი პიროვნების ოთხ დამოუკიდებელ „ინგრედიენტს“ წარმოადგენს. თუ ჩვენ თითოეული ამ ნიშნის გამოკვეთილობის სათანადო ოდენობა გვეცოდინება, შევძლებთ მისი ქცევის პროგნოზირებას და იმის აღწერას, როგორ და რამდენად განსხვავდება იგი სხვა ადამიანებისგან ანუ სხვა პიროვნული ნიშნების პროფილის მქონეთაგან.

მეოთხე, პიროვნული ნიშნები, როგორც წესი, სოციოემოციურ ფუნქციონირებაში უფრო ზოგად/ფართო ინდივიდუალურ განსხვავებებს მოიაზრებენ. როგორც ქონლი (Conley, 1985a, გვ. 94) წერს: „პიროვნული ნიშნები ემოციური ტენდენციების საპასუხოდ ძალიან განზოგადებულ ქცევით პატერნებს აყალიბებენ“. შესაბამისად, პიროვნული ნიშნები შეგვიძლია განვასხვავოთ სხვა ცვლადებისგან, რომლებიც ნაკლებად სოციოემოციური და მეტად კოგნიტური არიან  თავიანთი ბუნებით, როგორებიცაა, მაგალითად, ღირებულებები, დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობები და სქემები. ფაქტობრივად, განსხვავება, ერთი მხრივ, სოციოემოციურ პიროვნულ ნიშნებსა და, მეორე მხრივ, კოგნიტურ ცვლადებს შორის, სულ მცირე, ფილოსოფოს იმანუელ კანტამდე (1724-1804) მიდის, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს „ტემპერამენტსა“ (ნიშნებს) და  „ხასიათს“  (სქემებს).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.

Conley, J. J. (1985a). A personality theory of adulthood and aging. In R. Hogan and W. H. Jones (Eds.) Perspectives in personality, Vol. 1, pp. 81-116. Greenwich, CT: JAI Press.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

John, O. P., Robins, R. W., Pervin, L. A. (2008). Handbook of Personality: Theory and Research, 3rd edition. Ney York, London: The Guilford Press.

Johnson, J. A. (1997). Units of Analysis for the Description and Explanation of Personality. In R. J. Hogan, Handbook of Personality Psychology (pp. 73-93). London, Boston, New York: Academic Press.

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.

McCrae R. R., Costa, P. T. Jr. (1989b). Reinterpreting the Myers–Briggs Type Indicator from the perspective of the Five-Factor Model of personality. Journal of Personality, 57, 17–40.

Pervin, L. A. (2003). The Science of Personality, 2nd Ed. New York, Oxford: Oxford University Press.

კატეგორია: 
ავტორები: