პროექციული ტესტი პიროვნების შეფასების მეთოდია, რომელშიც პიროვნების საკვლევი ტესტებიგან განსხვავებით, ინდივიდს ორაზროვან/აბსტრაქტული სტიმულების ერთობლიობას უჩვენებენ და შემდეგ სთხოვენ, რომ მოახდინონ ნანახი სტიმულების ინტერპრეტაცია. პროექციული ტესტები პირველად ფსიქოანალიტიკოსებმა გამოიყენეს. ამ მეთოდით მათ სურდათ თვალყური ედევნებინათ პიროვნების არაცნობიერი დინამიკისათვის.
პროექციული ტესტების გამოყენების მთავარ მიზანს ინდივიდის შინაგანი გრძნობების, მოტივების, კონფლიქტებისა და აზრების გამოავლენა წარმოადგენს. ამგვარი ტესტები ობიექტური ტესტებისგან განსხვავებით არ არის მკაცრად სტრუქტურირებული, რაც საშუალებას აძლევს რესპონდენტს, შეზღუდული, წინასწარგანსაზღვრული პასუხების ნაცვლად არჩევანის უფრო ფართო სპექტრი გამოიყენოს.
როგორც წესი, პროექციული ტესტების ადმინისტრირება თითოეულ ცდის პირთან ინდივიდუალურად ხდება, ხოლო პროცესს პროექციული ტესტების გამოყენებაში კომპეტენტური ფსიქოლოგი უძღვება. ადმინისტრირებისა და დათვლის პროცესი ნაკლებ სტრუქტურირებულია და, შესაბამისად, უფრო სუბიექტურია, რაც თავისთავად გავლენას ახდენს პროექციული ტესტების სანდოობასა და ვალიდობაზე. ითვლება, რომ ფსიქომეტრული მახასიათებლების მიხედვით, პროექციული ტესტები თვითანგარიშის კითხვარებთან შედარებით გაცილებით სუსტია.
პროექციულ ტესტებს, როგორც წესი, ყველაზე ხშირად პრაქტიკოსი ფსიქოლოგები იყენებენ. შეფასების პროცესში ადამიანს შეიძლება სთხოვონ, რომ აღწეროს გარკვეული ტიპის აბსტრაქციები, მოყვეს ისტორიას ნახატის შესახებ, რომელსაც ფსიქოლოგი უჩვენებს ან დაასრულოს სურთები. ითვლება, რომ ამგვარ სტიმულებზე ინდივიდის მიერ გაცემული პასუხები მის შინაგან ასპექტებს წარმოაჩენს.
პროექციული ტესტების ორ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან ნიმუშს თემატური აპერცეფციის ტესტი (TAT) და რორშახის ტესტი წარმოადენს. თემატური აპერცეფციის ტესტი ჰენრი მარეიმ შექმნა 1938 წელს. თატ-ი ცდილობს პიროვნების ძირითადი პრობლემები, მოტივაცია და პიროვნული მახასიათებლები აღმოაჩინოს. ამ მიზნით რესპონდენტებს ორაზროვანი სცენების სურათებს აჩვენებენ, ხოლო შემდეგ მათ შესახებ ისტორიების შეთხზვას სთხოვენ. ამ ისტორიებით რესპონდენტებმა უნდა აჩვენონ, თუ რას ფიქრობენ ან აკეთებენ ადამიანები ამა თუ იმ სურათში, რამ გამოიწვია სურათზე ასახული მოვლენები და როგორ სრულდება სიტუაცია.
რორშახის ტესტი, რომელიც ჰერმან რორშახს ეკუთვნის და 1921 წლით თარიღდება, ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე რესპონდენტებს ბუნდოვან, სიმეტრიულ შავ-თეთრ და ფერად მელნის ლაქებს უჩვენებენ და ეკითხებიან, რა შეიძლება იყოს გამოსახული ნახატზე. რესპონდენტის მიერ გაცემული პასუხები, ისევე როგორც პასუხის მოფიქრებისათვის დახარჯული დრო და ბარათის ჭერის მანერა, დეტალურად აღირიცხება ფსიქოლოგის მიერ.
მეორე ეტაპზე ფსიქოლოგი რესპონდენტს ახსენებს მის მიერ გაცემულ პასუხებს და სთხოვს უფრო დეტალურად და სიღრმისეულად დაამუშავოს და განავრცოს ისინი. საბოლოო პასუხების შესაფასებლად სამი კრიტერიუმი გამოიყენება: 1) ლოკაცია - ბარათზე გამოხატულ მთლიან სტიმულს აღწერს რესპონდენტი თუ მის რომელიმე კონკრეტულ ნაწილს; 2) შინაარსი - აღქმული ობიექტის და ქმედებების ბუნება 3) დეტერმინანტები - ბარათის კონკრეტულად რომელმა ასპექტმა (ფერი/ჩრდილი) განაპირობა პასუხი.
რორშახის მელნის ლაქების ბარათი:
თემატური აპერცეფციის ტესტის ერთ-ერთი სცენა/სურათი:
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1