თვალსაჩინო ვალიდობა

Face Validity

შინაარსის ვალიდობის ქვესახეობა, რომელიც გვიჩვენებს,  რამდენად არის ტესტის ამოცანები უშუალოდ დაკავშირებული გასაზომ ცვლადთან. თვალსაჩინო ვალიდობა ასახავს,  რამდენად თვლიან რესპონდენტები და/ან პროფესიონალი მომხმარებლები შეფასების მოცემული ინსტრუმენტის დებულებებს გასაზომი კონსტრუქტის შესატყვისად.

თვალსაჩინო ვალიდობის შესახებ გადაწყვეტილებები ინსტრუმენტის აშკარა, ერთი შეხედვით ვალიდობის შესახებ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს. თუ ტესტი „ერთი შეხედვით“, თვალსაჩინოდ არ გამოიყურება ვალიდურად, რესპონდენტებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიონ და არ ითანამშრომლონ მკვლევართან. აქედან გამომდინარე, ტესტის მომხმარებლები სათანადოდ ვერ გამოიყენებენ მას და რესპონდენტებიც არაკომფორტულად იგრძნობენ თავს. მაგალითად, თუ მოზრდილ ადამიანებს მათემატიკური უნარების საზომ ისეთ ტესტს წარვუდგენთ, რომელიც უბრალო არითმეტიკული დავალებებისგან შედგება, მათ შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეთ, რომ ტესტი ძალზე ადვილია და არ შეესაბამება მათ უნარებს. ამიტომ, შესაძლოა, დიდად არ შეიწუხონ თავი ცალკეული დავალებების წაკითხვითა და შესრულებით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VIII.

კატეგორია: 
ავტორები: