ინტიმურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Intimacy

მეორე ადამიანისადმი სრულად — ემოციურად, სექსუალურად და მორალურად — მინდობის უნარი; მოიაზრებს გახსნილობას, გამბედაობას, ეთკურ ძალასქ და მეორე ადამიანის სურვილებისადმი გარკვეულ დამყოლობას.

ერიკსონის ფსიქოსოციალური სტადიური მოდელის (1963) მიხედვით, როდესაც მოზრდილი გარკვეულ სავარაუდო პასუხს მიიღებს კითხვაზე „ვინ ვარ მე?“, ის ფსიქოსოციალურად მზად არის ცხოვრების მეექვსე სტადიაზე გადასასვლელად, რომელსაც ინტიმურობა-იზოლაცია ეწოდება.

ერიკსონის მიხედვით, ფსიქოლოგიური ინტიმურობა მეორე ადამიანთან ვერ წარმოიქმნება მანამ, სანამ ინდივიდის იდენტობა არ ჩამოყალიბდება. მისთვის „ინტიმურობა“ მრავალშრიანი და ფართო ცნებაა. პირველ რიგში, ფართო მნიშვნელობით, ეს არის გრძნობა, რომელსაც განვიცდით მეუღლის, მეგობრების, და-ძმის, მშობლებისა და სხვა ნათესავების მიმართ. ვიწრო მნიშვნელობით, ინტიმურობა ჩვენი იდენტობის მეორე ადამიანის იდენტობასთან ფსიქოლოგიური შერწყმის უნარია, როდესაც არ გვეშინია, რომ რაღაცას ვკარგავთ ჩვენში და ვიშლებით. ჭეშმარიტად ინტიმური ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია, თუ არ არის მიღწეული სტაბილური იდენტობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროისათვის აუცილებელია, რომ ინდივიდმა გარკვევით იცოდეს, ვინ არის და რას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერიკსონისთვის (1963) ინტიმურობა არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული ადამიანისადმი დამოკიდებულებით. ეს ზოგადად სიყვარულისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთების უნარია. ამ ფსიქოსოციალურ სტადიაზე ძირითად საფრთხეს საკუთარი თავით ზედმეტი დაკავებულობა ან პიროვნებათშორისი ურთიერთობებისაგან გაქცევაა. მშვიდი და სანდო პირადი ურთიერთობების დამყარების უუნარობას მარტოობის, სოციალური ვაკუუმისა და იზოლაციის გრძნობამდე მივყავართ. ინტიმურობა-იზოლაციის კრიზისიდან წარმატებით გამოსვლასთან დაკავშირებული დადებითი თვისებაა სიყვარული ანუ უნარი იმისა, რომ ვენდოთ მეორე ადამიანს და ვუერთგულოთ ამ ურთიერთობას მაშინაც კი, როცა ის დათმობაზე წასვლას ითხოვს ჩვენგან.

ინტიმურობის საწინააღმდეგო პოლუსი დისტანცირება და იზოლაციაა, რომელსაც ის განმარტავს, როგორც „იმ ძალებისა და ადამიანების უარყოფისადმი, იზოლირებისადმი და, საჭიროების შემთხვევაში, დანგრევისადმი მზაობას, რომელთა არსი მისთვის საფრთხის შემცველად ეჩვენება ინდივიდს“ (გვ. 95-96). მოზრდილი, რომელიც დამაკმაყოფილებლად ვერ გამოვა ამ კრიზისიდან, საკუთარი თავით შთანთქმული და იზოლირებული რჩება.

ინტიმურობა ადრეული მოზრდილობის წლებში მატულობს. ბევრი მათგანი ამ კრიზისს ქორწინების სოციალური როლით განიცდის, თუმცა, ქორწინება არ არის კრიზისიდან წარმატებით გამოსვლის გარანტია. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური ინტიმურობა არ არის იგივე, რაც სექსუალური ინტიმურობა, ხოლო მეუღლე არ არის მხოლოდ ის მნიშვნელოვანი სხვა, რომელმაც არსებითი როლი შეიძლება შეასრულოს ამ სტადიის წარმატებით დასრულებაში (Cloninger, 2004)

ინტიმურობა და იდენტობა

იდენტობისა და ინტიმურობის სტადიების ურთიერთობა ძალიან კომპლექსური შეიძლება იყოს. ბევრი ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ თავს (იდენტობას) სხვებთან ინტიმური ურთიერთობებით. ამიტომ სტადიების სწორი თანმიმდევრობა შეიძლება, ფაქტობრივად, შებრუნებული იყოს ბევრ შემთხვევაში. ბევრ ადამიანთან ინტიმურობის საკითხები იდენტობის საკითხებზე ადრე შეიძლება წამოიჭრას. ზოგიერთი ავტორი ფიქრობს, რომ, მაგალითად, ამერიკულ საზოგადოებაში მცხოვრები ქალების ცხოვრება ინტიმურობისა და იდენტობის ისეთი საკითხების გაერთიანების კარგიმაგალითია, როცა ქალების იდენტობა გადახლართულია მათ ინტიმურ ურთიერთობებთან. შეიძლება, გაგვიჭირდეს კიდეც მოზრდილი მეს ფორმირებისა და ინტიმური ურთიერთობების განვითარების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მიუხედავად ამისა, ერიკსონი (1963) იდეaლიზებული თანმიმდევრობის სქემას ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ პიროვნება, სავარაუდოდ, ვერ იქნება „ჭეშმარიტად“ ინტიმურ კავშირში სხვებთან მანამ, სანამ იდენტობის საკითხის მოგვარებაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ექნება.

პიროვნების კვლევის დიდი ნაწილი, რომელიც ინტიმურობის აშკარად ერიკსონისეულ თვალსაზრისს ეყრდნობა, იდენტობის ფორმირებასა და ინტიმურობის ხარისხს შორის კავშირის შესწავლას ეძღვნება. ფსიქოლოგებმა იდენტობის სტატუსის მარშასეული ცნების შესატყვისად, ინტიმურობის სტატუსის ცნებაც შეიმუშავეს (Kroger & Marcia, 2011). ასევე, შეიქმნა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ პიროვნების ცხოვრებაში ინტიმურობის ხარისხის დასადგენად. სასიყვარულო ურთიერთობების, მეგობრობისა და პიროვნებათშორისი პრიორიტეტების შესახებ გაცემული პასუხების მიხედვით, კვლევის მონაწილეები, ინტიმურობის სტატუსის მიხედვით, ოთხ ჯგუფად დაყვეს.

  • ინტიმურიპიროვნება მუშაობს ორიმხრივი პიროვნული ურთიერთობების განვითარებაზე და რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავს, რომელთანაც პირად საკითხებს განიხილავს. მას სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობაც აქვს. ამ სექსუალურ ურთიერთობას ორმხრივი კმაყოფილება მოიაქვს. პიროვნებას აქვს რისხვისა და სიყვარულის გრძნობების გამოხატვის უნარი ურთიერთობებში. მას, ზოგადად, აინტერესებს სხსვა ადამიანები.
  • წინაინტიმური.პიროვნებას ჰყავს სასიყვარულო პარტნიორი, მაგრამ ეს არ არის სერიოზული ურთიერთობა. ის აცნობიერებს სხვა ადამიანთან ინტიმური კავშირის შესაძლებლობებს. მას ჰყავს ახლო მეგობრები. პატივს სცემს სხვების ინტეგრირებულობას, ღიაობას, პასუხისმგებლობასა და ორმხრივობას. არჩევანის თაობაზე კონფლიქტური განცდები აქვს და სასიყვარულო ურთიერთობებიც, შესაძლოა, ამბივალენტური ჰქონდეს.
  • სტერეოტიპული. ამ პიროვნების ერთი უკიდურესობა შეიძლება ზომიერად შეზღუდული და მოუმწიფებელი ტიპი იყოს, რომელიც ჯერ მხოლოდ ახლა გასცდა ზედაპირულ სასიყვარულო ურთიერთობებს, ხოლო დიაპაზონის მეორე პოლუსზე თავსდებოდეს ფლეიბოის ტიპის ადამიანი. ზოგადად, მას რამდენიმე მეგობარი ჰყავს, თუმცა ეს ურთიერთობები მოკლებულია მნიშვნელოვან სიღრმეს. შესაძლოა, რეგულარულად ჰყავდეს სექსუალური პარტნიორი, მაგრამ სერიოზულად არ იყოს ჩართული ურთიერთობებში.
  • იზოლირებული.  იზოლირებულ პიროვნებას უბრალოდ არ გააჩნია ხანგრძლივი პიროვნული ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ნაცნობი, რომელთაც ხანდახან ხვდება, იშვიათად არის სოციალური ურთიერთობების წამოწყების ინიციატორი და იშვიათად მიდის პაემანზე. ახლო პიროვნულ კონტაქტების თანმდევი შფოთვა აიძულებს მას, რომ გაირიყოს თავი და იზოლირებული იყოს. პიროვნება არის შფოთვისკენ მიდრეკილი, მოუმწიფებელი და, ზოგადად, აკლია ასერტულობა და სოციალური უნარები. იზოლირებული პიროვნება საკუთარ თავს ან გაღიზიანებულად და უნდობლად აღიქვამს, ან — ელეგანტურად და საკუთარი თავით კმაყოფილად.

იდენტობისა და ინტიმურობის სტატუსის კონსტრუქტების ერთობლივი კვლევები ამ ორ საზომს შორის ზომიერ, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვან დადებით კორელაციას აჩვენებს. ერთ-ერთ კვლევაში (Orlofsky, et. al., 1973) აღმოაჩინეს, რომ კოლეჯის მამაკაცი სტუდენტები, რომლებმაც იდენტობის მიღწევისა და მორატორიუმის შედარებით მოწიფული იდენტობის სტატუსით ხასიათდებოდნენ, ინტიმურობისა და წინაინტიმურობის მეტად მოწიფული სტატუსითაც გამოირჩეოდნენ.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.

Erikson, E. H. (1963). Childhood and Society. New York: Norton.Kroger & Marcia, 2011.

Kroger, J., & Marcia, J. E. (2011). Chapter 2: The Identity Statuses: Origins, Meanings, and Interpretations. In S. J. (Eds.), Handbook of Identity Theory and Research (pp. 31-53). LLC: Springer Science+Business Media.

Orlofsky, J. L., Marcia, J. E., & Lesser, I. M. (1973). Ego identity status and the intimacy versus isolation crisis of young adulthood. Journal of Personality and Social Psychology, 27, 211-219.

კატეგორია: 
ავტორები: