ფსიქოდინამიკური მიდგომა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychodynamic Perspective

ფსიქოლოგიური მოდელი, რომელშიც ქცევა ახსნილია წარსული გამოცდილებისა და მოტივაციული ძალების ტერმინებით.

ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით, ქცევას მართავს ან მის მოტივს წარმოადგენს ძლიერი შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები თანდაყოლილი ინსტინქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან, პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს. დეპრივაციის მდგომარეობა, ფიზიოლოგიური აღგზნება და კონფლიქტები ქცევის განხორციელების ენერგიას ზუსტად ისევე იძლევა, როგორც ნახშირი — საწვავს ორთქლის ლოკომოტივისათვის. ამ მოდელის მიხედვით, ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას, თუ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მისი ლტოლვები კი — შემცირებული. ქცევის მთავარიმიზანი დაძაბულობის შემცირებაა.

მოტივაციის ფსიქოდინამიკური პრინციპები ყველაზე სრულად ვენელმა ექიმმა ზიგმუნდ ფროიდმა განავითარა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ფროიდის იდეები ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ, მისი აზრით,ის პრინციპები, რომლებიც მან ავადმყოფებთან აღმოაჩინა, ვრცელდება როგორც ნორმალურ, ჯანსაღ, ისე — პათოლოგიურ ქცევაზე. ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, პიროვნებას აქეთ-იქეთ ექაჩება შინაგანი და გარეგანი ძალები. ფროიდის მოდელში პირველად იყო ნაჩვენები, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის არ არის რაციონალური; რომ ქცევები შეიძლება ისეთი მოტივებით იყოს გამოწვეული, რომლებიც არ არის გაცნობიერებული.

ფროიდის შემდეგ ეს თეორია მისმა მიმდევრებმა სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს. ფროიდის მიხედვით, პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდი ადრეული ბავშვობაა, ნეოფროიდიანელებმა გააფართოვეს მისი თეორია და მასში სოციალური ზემოქმედება და ურთიერთქმედება ჩართეს, რომელიც ინდვიდის სიცოცხლის განმავლობაში იჩენს თავს.

ზოგიერთმა თეორეტიკიოსმა, რომელიც მოვიდა კვლევით ასპარეზზე, შეინარჩუნა პიროვნებისა და მოტივაციის ფროიდისეული ხედვა, თუმცა, მისი ინტელექტუალური შთამომავლებიდან ბევრმა შეიტანა კორექტივები პიროვნების ფსიქოანალიტიკურ ხედვაში. ზოგადად, ამ პოსტ-ფროიდიანელებმა შემდეგი ცვლილებები შემოიტანეს: (ა) მათ მეტი აქცენტი გააკეთეს ეგოს ფუნქციებზე, ეგოს დაცვების, მეს განვითარების, ცნობიერი აზროვნების პროცესებისა და პიროვნების ძალაუფლების ჩათვლით; (ბ) მათი აზრით, სოციალური ცვლადები (კულტურა, ოჯახი და თანატოლები) უფრო დიდ როლს თამაშობენ პიროვნების ჩამოყალიბებაში; (გ) ისინი ნაკლებ აქცენტს აკეთებენ ზოგადი სექსუალური იმპულსების ანუ ლიბიდოს ენერგიის მნიშვნელობაზე; (დ) მათ პიროვნების განვითარება ბავშვობის მიღმა მთელი სიცოცხლის მანძილზე განავრცეს.

მიმოვიხილოთ დინამიკური მიდგომის წამყვანი წარმომადგენლების: ალფრედ ადლერის, კარენ ჰორნისა და კარლ იუნგის თეორიების საკვანძო დებულებები.

ალფრედ ადლერმა უარყო ეროსისა და სიამოვნების პრინციპის მნიშვნელობა. ადლერის აზრით, უმწეო, სხვებზე დამოკიდებული პატარა ბავშვის მსგავსად, ყველა ადამიანი განიცდის ინფერიორობის (ანუ არასრულფასოვნების) გრძნობას. ის ამტკიცებდა, რომ ყველას ცხოვრებაში დომინირებს ამ გრძნობის დაძლევის გზების ძიება. ადამიანები ახდენენ ამ გრძნობის კომპენსაციას ადეკვატურობის გრძნობის მიღწევით ან, უფრო ხშირად, გადაჭარბებით კომპენსაციას სუპერიორობის (ანუ ჭარბი თვითშეფასების) მიღწევის მცდელობით. პიროვნება სტრუქტურირებულია ამ მისწრაფების ირგვლივ; ადამიანები ცხოვრების სტილს ინფერიორობის ბაზისური, ყოვლისმომცველი გრძნობის დაძლევის კონკრეტულ გზებზე დაყრდნობით ავითარებენ. პიროვნების კონფლიქტი ჩნდება ექსტერნალური გარემოებების ზეწოლასა და ადეკვატურობისაკენ ინტერნალურ მისწრაფებას შორის შეუთავსებლობის გამო და არა ადამიანის შიგნით შეჯიბრებაში მყოფი იმპულსების გამო.

კარენ ჰორნი ფსიქოანალიტიკურ სკოლაში აღიზარდა, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით განუდგა ორთოდოქსულ ფროიდისტულ თეორიას. იგი დაუპირისპირდა ფროიდის ფალოცენტრისტულ აქცენტს პენისის მნიშვნელობაზე და შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც მამაკაცური შური ორსულობის, დედობის, მკერდისა და ძუძუთი კვების მიმართ ბიჭებისა და კაცების არაცნობიერის დინამიკურ ძალას წარმოადგენს. ამ „საშვილოსნოს შურს“ მიჰყავს მამაკაცები ქალების გაუფასურებისა და კრეატულ მუშაობაზე მიმართული არაცნობიერი იმპულსებით გადაჭარბებული კომპენსაციისაკენ. ჰორნიმ, ასევე, ფროიდზე მეტად გაუსვა ხაზი კულტურულ ფაქტორებს და ყურადღება გაამახვილა ამჟამინდელი ხასიათის სტრუქტურაზე და არა — ინფანტილურ სექსუალობაზე.

კარლ იუნგმა დიდად გააფართოვა არაცნობიერის ცნება. მისთვის არაცნობიერი არ იყო შეზღუდული ინდივიდის უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებით, არამედ, ასევე, აღსავსე იყო ძირეული ფსიქოლოგიური ჭეშმარიტებებით, რომელსაც მთელი ადამიანური რასა იზიარებს, კოლექტიური არაცნობიერით. კოლექტიური არაცნობიერი ხსნის თქვენ მიერ პრიმიტიული მითების, ხელოვნების ფორმებისა და სიმბოლოების ინტუიტურ გაგებას, რომლებიც ყოფის უნივერსალურ არქეტიპებს წარმოადგენენ. არქეტიპი არის კონკრეტული გამოცდილების ან ობიექტის პრიმიტიული სიმბოლური წარმოდგენა, რეპრეზენტაცია. ყოველი არქეტიპი ასოცირებულია მის შესახებ გრძნობისა და ფიქრის ან მისი განსაკუთრებული გზით განცდის ინსტინქტურ ტენდენციასთან. იუნგმა მრავალი არქეტიპი მოიყვანა ისტორიიდან და მითოლოგიიდან: მზე ღმერთი, გმირი, დედამიწა. ანიმუსი იყო მამრობითი არქეტიპი მაშინ, როდესაც ანიმა — მდედრობითი და ყველა ქალი და კაცი განიცდიდა ორივე არქეტიპს განსხვავებული ხარისხით. მეს არქეტიპია მანდალა ანუ ჯადოსნური წრე, რომელიც სიმბოლურად ასახავს ერთიანობისა და მთლიანობისკენ სწრაფვას.

იუნგს ჯანმრთელი, ინტეგრირებული პიროვნება წარმოედგინა, როგორც ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების ბალანსირება, როგორებიცაა მასკულინური აგრესია და ფემინინური მგრძნობიარობა. პიროვნების, როგორც დინამიკურ ბალანსში მყოფი კომპენსატორული შინაგანი ძალების კონსტელაციის, ხედვას ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდა. გარდა ამისა, იუნგმა უარყო ლიბიდოს პირველადი მნიშვნელობა, რომელიც ესოდენ ცენტრალური იყო ფროიდის თეორიისათვის. მან დაამატა ორი თანაბრადძლიერი არაცნობიერი ინსტინქტი: ქმნის, კრეატულობის მოთხოვნილება და კოჰერენტულ, მთლიან ინდივიდად ჩამოყალიბების მოთხოვნილება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: