ნებისმიერი ფიზიკური ან ვერბალური ქცევა, რომელიც განხორციელებულია ერთი პიროვნების (აგრესორი) მიერ და მიზნად ისახავს სხვა პიროვნებისთვის (მსხვერპლი) ზიანის მიყენებას. “ზიანი” შეიძლება იყოს: პირდაპირი ფიზიკური (მაგ., სახეში მუშტის გარტყმა); პირდაპირი ფსიქოლოგიური (მაგ., ვერბალური შეურაცხჰყოფა) და ირიბი, არაპირდაპირი ზიანი (მაგ., მსხვერპლის საკუთრების დაზიანება). ვინმესთვის შემთხვევით ზიანის მიყენება არ არის აგრესია, რადგან ამ შემთხვევაში ქცევის მიზანი არ არის ზიანის მიყენება. ასევე, ტკივილი, რომელიც სხვა უფრო მაღალ მიზნებს ემსახურება არ განიხილება, როგორც აგრესია (მაგალითად, სტომატოლოგისა და ქირურგის მიერ პაციენტისთვის ტკივილის მიყენება). განასხვავებენ აგრესიის სხვადასხვა ფორმას:
აფექტური და ინსტრუმენტული აგრესია. აფექტური აგრესიის უპირველესი მოტივი სხვისთვის ზიანისა და ტკვივილის მიყენებაა. ხშირად აგრესიის ამ ფორმას მტრულ, იმპულსურ და რეაქტიულ აგრესიასაც უწოდებენ. აგრესიას, როდესაც ის წარმოადგენს აგრესორისთვის სხვა მიზნის მიღწევის საშუალებას, ინსტრუმენტული აგრესია ეწოდება. ძარცვა-ყაჩაღობის უმრავლესობა ინსტრუმენტული, ხოლო მკვლელობათა უმრავლესობა აფექტური აგრესიის მაგალითებია.
პროაქტიული და რეაქტიული აგრესია. პროაქტიული აგრესია ხდება ყოველგვარი პროვოკაციის, გაღიზიანებისა და წინაპირობის გარეშე. ჩვეულებრივად ის ინსტრუმენტულია (გიორგიმ დაარტყა დათოს იმიტომ, რომ სათამაშო წაართვას), რეაქტიული აგრესია კი გარკვეულ “პროვოკაციაზე” პასუხია (დათო სამაგიეროს თუ გადაუხდის გიორგის სათამაშოს წართმევისათვის). აგრესიის ფორმების გარჩევა ხშირად რთულია, რადგან მოტივების შესახებ დასკვნის გაკეთება ყოველთვის ადვილი არაა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აგრესიის ნებისმიერი ფორმა ინსტრუმენტულია, რადგან გარკვეულ მიზანს ემსახურება (მაგალითად, სოციალური კონტროლი, სოციალური სამართლიანობა და ა.შ).
გააზრებული (Thoughtful) და გაუზრებელი (Thoughtless) აგრესია - წარმოადგენს თუ არა ქმედება გააზრებული თუ გაუაზრებელი (იმპულსური) ფსიქოლოგიურ პროცესის შედეგს. ინსტრუმენტული აგრესია, ჩვეულებრივად, განიხილება, როგორც გააზრებული აგრესიის ფორმა, მოიცავს პოტენციური ღირებულებისა და სარგებლის აწონ-დაწონვას, მაგრამ მიზნის მისაღწევად ამგვარი აგრესიის ხშირი განხორციელება შეიძლება, ავტომატიზირებული და გაუაზრებელი გახდეს. აფექტური აგრესია, როგორც წესი, დაუგეგმავი აგრესიის ფორმაა, თუმცა ხშირად ადამიანები ქცევის სხვადასხვა შედეგს განიხილავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, რომ აფეთქება მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.psychology.iastate.edu/faculty/caa/abstracts/2000-2004/EncPsy.pdf