ფსიქიკის ნაწილი, რომელშიც განდევნილი სურვილები/მისწრაფებები და პრიმიტიული იმპულსები ინახება.
ყველაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზება, რომელის ფსიქოანალიზს სხვა თეორიული სისტემებისგან განასხვავებს შექმნის დღიდან მოყოლებული, არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების პოსტულირებაა. ფროიდი (1953b) მას ფსიქოანალიტური თეორიის ქვაკუთხედად მიიჩნევდა.
არაცნობიერი პრაქტიკული მკურნალობიდან, განდევნის თეორიიდან და სექსუალობის თეორიიდან მომდინარეობს. ზედსართავი სახელი „არაცნობიერი“ მიუთითებს განდევნის მდგომარეობაში მყოფ ლოკალიზებულ ერთეულებზე, სხვადასხვა პროცესსა და, მოგვიანებით, ქცევებზეც კი. არსებითი სახელი „არაცნობიერი“ აღწერს „ადგილმდებარეობას“, რომელიც ფროიდის პირველი ტოპოგრაფიული მოდელის მიხედვით, წინარეცნობიერი-ცნობიერის სისტემის საპირისპიროდ არებობს. ორივე, ზედსართავი და არსებითი სახელი, გულისხმობს იმას, რომ ფსიქიკური ცხოვრება კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება (დინამიკური ხედვა); რომ მოგონება ინტერესის გარეშე, არსებობს და ენერგეტიკა და, ფაქტობრივად, ფსიქიკური პროცესის სტრუქტურა მთლიანობაში დეტერმინირებულია ცნობიერების მიღმა (ეკონომიკური ხედვა). და ბოლოს, ამ მასალის ცნობიერში ხელმისაწვდომობას ვერ უარყვყოფთ (აღწერითი ხედვა). ფროიდმა ამ იდეებით შეცვალა ფილოსოფიური და ფსიქიატრიული ტრადიცია და დახვეწა მოცემული ტერმინები.
ეს ყველაზე საკამათო ნაწილია ფროიდის თეორიაში. ჩვენ არც კი ვიცით, რომ ეს ძალები განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს ქცევას. არც იმ კონფლიქტების შესახებ ვიცით რაიმე, რომელიც შფოთვის ფორმირებაში მონაწილეობენ; სხვა სიტყვებით, ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტები და დეტერმინანტები ჩვენი ცნობიერების მიღმა არსებობენ. ისინი არაცნობიერნი არიან. ჩვენ არაცნობიერნი ვართ მათთვის. ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ კონფლიქტურები და მშფოთვარენი ვართ და არ ვიცით, რატომ (McAdams, 2009).
მართალია, ფროიდს ამ მოუგონია არაცნობიერის ცნება, მაგრამ მან არაცნობიერ პროცესებს რელიგიური და ფისოლოფიური ელფერი ჩამოაშორა, სქემატიზირება მოახდინა, მათი დინამიკის თეორია შემოგვთავაზა და ეს თეორია თერაპიის პროცესში მიღებულ მონაცემებთან დააკავშირა (Westen, 1998). მან არაცნობიერი ცხოვრების კონცეფციას ემპირიული სტატუსი მიანიჭა. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არაცნობიერი უნდა განვიხილოთ არა როგორც ჰიპოთეტური აბსტრაქცია, არამედ როგორც რეალობა, რომელიც დემონსტრირებასა და შემოწმებას ექვემდებარება. ფროიდისთვის არაცნობიერი პიროვნების ის ნაწილი იყო, რომელიც უნდა შეგვესწავლა. ფროიდს მიაჩნდა, რომ ადამიანის პიროვნების დიდი ნაწილი ღრმად არაცნობიერში იყო დაძირული და ადამიანის ქცევის მართლაც მნიშვნელოვანი კაუზალური ფაქტორები პიროვნების ამ სფეროში უნდა გვეძებნა. აქედან გამომდინარე, მისთვის ადამიანის ქცევის გაგება არაცნობიერის გამოაშკარავებას უკავშირდებოდა (Nye, 2000).
ფროიდს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის ქცევის რეალურად მნიშვნელოვანი ასპექტები მთლიანად ცნობიერების ფარგლებს გარეთ მოთავსებული იმპულსებითა და მისწრაფებებით ფორმირდება და წარიმართება. ეს ზეგავლენები არა მხოლოდ არ ცნობიერდება, არამედ, უფრო მეტიც, თუ რამენაირად იწყება მათი გაცნობიერება ან ქცევაში ღიად გამოხატვა, თავად ინდივიდის მხრიდან აწყდება ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას. გაუცნობიერებელი განცდები მთლიანად მიუწვდომელია გაცნობიერებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარისხით განსაზღვრავენ ადამიანის მოქმედებებს. უნდა ითქვას, რომ გაუცნობიერებელი მასალა შენიღბული ან სიმბოლური სახით ისევე შეიძლება გამოიხატოს, როგორც არაცნობიერი ინსტინქტური მისწრაფებები ნახულობენ არაპირდაპირ დაკმაყოფილებას სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაში.
არაცნობიერში მოთავსებულია პრიმიტიული ინსტინქტური მისწრაფებები და მიუღებლობის გამო, ცნობიერიდან განდევნილი ემოციები და მოგონებები. ასეთი განდევნილი და დავიწყებული შინაარსების მაგალითებია ბავშვობის დავიწყებული ტრავმები, დაფარული მტრული განწყობები მშობლებისადმი და დათრგუნული სექსუალური სურვილები, რომელთაც არ ვაცნობიერებთ. ფროიდის თანახმად, ასეთი გაუცნობიერებული მასალა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
არაცნობიერში მოთავსებული მასალა, რომელშიც შეიძლება იყოს კონფლიტთან, ტკივილთან, შიშთან, დანაშაულის გრძნობასთან და ა შ. დაკავშირებული იდეები, ხატები, მისწრაფებები და გრძნობები, არაცნობიერში რჩება, რადგან მისი გაცნობიერება ჭარბ შფოთვას გამოიწვევს. ამიტომ ასეთ მასალაზე ამბობენ, რომ ის განდევნილია ანუ ეწინააღმდეგება გაცნობიერებას. ეს ნიშნავს იმას, რომ არაცნობიერი მასალა გარკვეული მიზეზის გამოა არაცნობიერი. ფსიქიკა ტოპოგრაფიულად იმგვარად არის ორგანიზებული, რომ ცნობიერების დომინანტურ თვითდამცავ ნიღაბთან არათავსებადი მასალა არაცნობიერის უფსკრულში ეშვება. ჩვენს ძალებს აღემატება გარკვეული შინაარსების ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. აქედან გამომდინარე, (ცნობიერად) არც ვიცით მათ შესახებ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაცნობიერში შენახული მასალა უკვალოდ იკარგება და უმოქმედოდ არსებობს. ის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს ქცევასა და გამოცდილებაზე მაშინაც კი, როდესაც არაფერი ვიცით ამ ზემოქმედების შესახებ. განდევნილი არაცნობიერი მასალა დამახინჯებული ან სიმბოლური ფორმით პოვებს ხოლმე გამოსავალს, იქნება ეს ნევროტული სიმპტომი, თუ არაცნობიერი ინსტინქტური სწრაფვების არაპირდაპირი სახით სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშში, ხელოვნებში, სამუშაოსა თუ კიდევ რაიმე სხვა აქტივობაში კონსტრუქციულად დაკმაყოფილება (Cloninger, 2004; McAdams, 2009).
ფროიდის მიხედვით (Gay, 1989), არაცნობიერის შინაარსს დავიწყებული ტრავმული მოგონებები და უარყოფილი სურვილები შეადგენენ. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც გამოცდილებაში აქვს სექსუალური შეურაცხყოფა, ხშირად განდევნის ამ მოგონებას და დაივიწყებს საშინელ მოვლენას. ეს დავიწყება იცავს მას იმ შფოთვისგან, რომელიც თან ახლავს ტრავმული გამოცდილების გახსენებას. სურვილმაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, თუ გვრცხვენია საკუთარი სურვილის. მაგალითად, ბავშვს შეიძლება საკუთარი უმცროსი ძმის სიკვდილი უნდოდეს, რათა თავიდან მოიშოროს მშობლების სიყვარულში შემცილებელი კონკურენტი. ამ სურვილს უარყოფს ცნობიერი, როგორც საშინელსა და მიუღებელს, ამიტომ ის განიდევნება ცნობიერებიდან. ასეთ სურვილებს იმიტომ უწოდებენ ფროიდიანელები უარყოფილ სურვილებს, რომ ჩვენ უარვყოთ, რომ საერთოდ გვაქვს ეს სურვილები. ფაქტობრივად, არაცნობიერი სანაგვე რეზერვუარია იმისა, რასაც ცნობიერი გადააგდებს. არაცნობიერი ემოციურად მძიმე და ნაკლებად ცივილიზებულია, ცნობიერთან შედარებით (Cloninger, 2004).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.
Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.
De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.
Freud, S. (1953b). Three essays on the theory of sexuality. I. S. Trans. The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud, vol. 7, 123-245. London: Hogarth Press.
Gay, P. (ed.). (1989). The Freud Reader. New York, London: Norton and Company.
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.
Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.
Westen, D. (1998). The Scientific Legacy of Sigmund Freud: Psychodynamically Informed Psychological Science. Psychological Bulletin, Vol.124, No. 3, 333-371.