ფსიქოანალიზში წინააღმდეგობა გაიგება, როგორც რაღაც, რაც დაბრკოლებად ეღობება ანალიტიკური სამუშაოს წინსვლას მკურნალობის პროცესში. ფროიდიანულ ფსიქოდინამიკურ მიდგომაში ეს ცნება მოიაზრებს ფსიქიკურ ძალას, რომლითაც პაციენტი ეწინააღმდეგება გარკვეული უსიამოვნო რეპრეზენტაციების ცნობიერში ამოტანას. ეს ფსიქიკური ძალა განდევნის შესანარჩუნებლად არის მოწოდებული.
ტერმინი პირველად ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებში, კერძოდ, „ისტერიის კვლევაში“ (1895d) გამოჩნდა. ფროიდი აღწერდა, როგორ დაანება თავი „პაციენტების ჰიპნოზის ხარისხის შემოწმებას თავი იმის გამო, რომ ეს მათში წინააღმდეგობას იწვევდა და ჩემდამი ნდობას უთხრიდა საძირკველს. ეს უკანასკნელი კი უფრო მნიშვნელოვანი ფსიქიკური სამუშაოს შესასრულებლად მჭირდებოდა“ (გვ. 108). სხვა პაციენტთან მუშაობისას, საკუთარ კლინიკურ პრაქტიკაში უკვე დარწმუნებული, ფროიდი ამ წინააღმდეგობას იმ ძალისხმევაში ხედავდა, რომელიც მას პაციენტის გარკვეული მტკივნეული მოგონებების ცნობიერში ამოსატანად სჭირდებოდა.
თუ ტოპოგრაფიული თეორია აიგება მოსაზრებაზე, რომ ფსიქოანალიზი, ფროიდის თქმით, ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, რომელიც არაცნობიერის გაცნობიერების მიზანს ემსახურება, ანალიტიკოსის ამოცანაა პაციენტი მიიყვანოს საკუთარი წინააღმდეგობის გაცნობიერებამდე და ანგარიში გაუწიოს მას. ამგვარად, წინააღმდეგობის ანალიზი ანალიტიკური ტექნიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა და გადატანის ანალიზიც მალევე დაუკავშირდა მას.
ფროიდი თვლიდა, რომ ანალიზში არაფერია იმაზე რთული, ვიდრე წინააღმდეგობის დაძლევა. თუმცა, ეს ფენომენი ღირებულია, ვინაიდან პაციენტის საიდუმლოსა და სიყვარულის დავიწყებული ემოციისთვის ნათელის მოფენის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, წინააღმდეგობა ამ ემოციების აღიარებას უწყობს ხელს, რადგან, როგორც ფროიდი ამბობს ცნობილ ფრაზაში, „შეუძლებელია რაიმეს დანგრევა, თუ ეს რაიმე არ არსებობს“ (1912b, გვ. 108). პაციენტი გახსენების ნაცვლად, საკუთარი ცხოვრებიდან იმ დამოკიდებულებებსა და გრძნობებს აღადგენს, რომლებიც, გადატანის მეშვეობით, მკურნალობისთვის და თერაპევტისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
სტატია „გახსენება, გაეორება და გადამუშავება“ (1914g) გადამწყვეტი აღმოჩნდა წინააღმდეგობის გაგების თვალსაზრისით, რომელშიც გამეორების კომპულსიის აღმოჩენამ საბოლოოდ დაამსხვრია ილუზია. ფროიდმა აღიარა, რომ წინააღმდეგობის უბრალოდ დანახვა და დასახელება არ არის საკმარისი მის გასაქრობად. ანალიტიკური ტექნიკა ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგობის დანახვასა და პაციენტისთვის ამის თქმაზე ფოკუსირდება. იმის აღმოჩენით, რომ „რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტად ჩაანაცვლებს გარეთ რეაგირება (გამეორება) გახსენებას“ (გვ. 151), ფროიდმა აღიარა, რომ მნიშვნელოვანია, პაციენტს დავაცადოთ წინააღმდეგობის გადამუშავება და, წინააღმდეგობის არსებობისდა მიუხედავად, ანალიტიკური სამუშაოს გაგრძელება, ანალიზის ფუნდამენტური წესის შესაბამისად (გვ. 155). ფროიდი მუდმივად იმეორებდა, რომ სწორედ წინააღმდეგობის გადამუშავება აძლევს პაციენტს ცვლილების უდიდეს შანსს.
„ფსიქოანალიზის შესავალი ლექციების“ თავში „წინააღმდეგობა და დაძლევა“ (1916–17 [1915-17]) ფროიდი წინააღმდეგობის ფორმებზე საუბრობს, რომლებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან, უაღრესად დახვეწილია და ხშირად ძნელად შესამჩნევი. ამრიგად, მკურნალობის პროცესში აღმოჩენილი ისეთი ფენომენები, როგორიცაა ჩავარდნები მეხსიერებაში, შენიღბული მოგონებები, ჭარბი რაოდენობის სიზმრები, თავისუფალი ასოციაციების წყვეტა, კაუზალური კავშირებისთვის თავის არიდება, თავში მოსული აზრების უმნიშვნელობის შესახებ მსჯელობები, ანდა მკურნალობაში გაქცევაც კი, — ეს ყველაფერი წინააღმდეგობის ფორმებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა, წინააღმდეგობის ყველაზე პარადოქსულმა ფორმამ — გამეორების კომპულსიამ და უარყოფითმა თერაპიულმა რეაქციამ. რომელიც ფროიდმა დანაშაულის არაცნობიერ გრძნობებს დაუკავშირა, წინააღმდეგობის კვლევას ფართო მასშტაბი შესძინა.
ნაშრომში „შეკავებები, სიმპტომები და შფოთვა“ (1926d) ფროიდი ისევ უბრუნდება წინააღმდეგობის ფორმების განხილვას და ერთმანეთისგან განასხვავებს ეგოს, იდისა და სუპერეგოს წინააღმდეგობებს. პირველი სიამოვნების პრინციპით არის დაცული და სამ შესაძლებლობას მოიცავს: განდევნისადმი წინააღმდეგობას, ავადმყოფობიდან მეორადი სარგებლის მიღების დაკარგვისადმი წინააღმდეგობას და გადატანის წინააღმდეგობას, რომელიც განდევნის შესანარჩუნებლად არის მოწოდებული. მეორე, იდის წინააღმდეგობა, „გამეორების კომპულსიის ძალას“ (1926d, გვ. 19) შეესაბაება და გადამუშავებას საჭიროებს. მესამე, სუპერეგოს წინააღდეგობა, დანაშაულის განცდიდან და დასჯის მოთხოვნილებიდან მომდინარეობს და დაბრკოლებას უქმნის წარმატებულ მკურნალობას. ეს ნაირსახეობა მოგვიანებით აღწერილ იქნა, როგორც უარყოფითი თერაპიული რეაქცია, რაც, თავის მხრივ, სიკვდილის ინსტინქტს უკავშირდება.
ფროიდის შემდგომმა ანალიტიკოსებმა ბევრი ვერაფერი შემატეს მკურნალობის პროცესში წინააღმდეგობის მანიფესტაციების კვლევას. თუმცა, მელანი კლეინმა (Melanie Klein), რომელიც წინააღმდეგობას, არსებითად, უარყოფითი ტრანსფერის მანიფესტაციად მიიჩნევდა, მთელ რიგ სხვა კვლევებს დაუდო სათავე. მათ შორის აღსანიშნავია უილფრედ ბიონის (Wilfred Bion) შრომები, რომელიც ფსიქოტურ წინააღმდეგობას „კავშირების დამყარებაზე შეტევად“ უწოდებდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 3. Macillan FRefference USA, Thomson Gale.
Freud, S. (1912b). The dynamics of transference. SE, 12: 97–108.
Freud, S. (1914g). Remembering, repeating and workingthrough (further recommendations on the technique of psycho-analysis II). SE, 12: 145–156.
Freud, S. (1916–17a [1915–17]). Introductory lectures on psycho-analysis. Parts I and II. SE, 15–16.
Freud, S. (1926d [1925]). Inhibitions, symptoms and anxiety. SE, 20: 75–172.
Freud, S., and Breuer, J. (1895d). Studies on hysteria. SE, 2: 48–106.