განდევნა

Repression

ყველაზე ბაზისური, ფუნდამენტური დაცვის მექანიზმი, რომლითაც მიუღებელი მოვლენა, იდეა, ხატი ან დანაშაულის განცდის გამომწვევი აზრები, გრძნობები ან მოგონებები განიდევნება ცნობიერებიდან. განდევნით არაცნობიერში განიდევნება ყველაფერი, რისი მიღებაც პიროვნების ძალებს აღემატება, ეგოსთან შეუთავსებელია და ამით ხელს უშლის მის ნებისმიერ გამოვლენას. უსიამოვნო ან არასასურველი იმპულსები, აზრები, გრძნობები ან მოგონებები ან არაცნობიერში ინახება, ან განიდევნება მასში, როგორც პოტენციურად შფოთვის გამომწვევნი.

განდევნა ძირითად როლს ასრულებს როგორც ფსიქიკური აშლილობების ფორმირებაში, ისე ნორმალურ ფსიქიკურ აქტივობაში. მას შეიძლება „უნივერსალური“ ფსიქიკური პროცესი ეწოდოს. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, განდევნა ანუ რეპრესია ის ერთ-ერთი უპირველესი დაცვის მექანიზმია, რომელსაც ჩვენ კონფლიქტებთან გასამკლავებლად და ინსტინქტებისგან ეგოს დასაცავად ვიყენებთ.

ეგომ ენერგია უნდა დახარჯოს, რათა დაბლოკოს ამ განდევნილი მასალის ცნობიერ დონეზე გამოჩენა. ვინაიდან განდევნა არ არის ერთჯერადი აქტი, განდევნილი მასალის არაცნობიერში შენარჩუნებისთვის საჭიროა ენერგიის მუდმივად ხარჯვა, რადგან განდევნილი ყოველთვის ლამობს ცნობიერში გამოსავლის პოვნას. მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, განდევნილი ელემენტი მაინც ფსიქიკის ნაწილად რჩება და განაგრძნობს აქტივობას, თუმცა, ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ, ფროიდთან ასოცირდება, ტერმინი „განდევნა“ ფსიქოლოგიაში პირველად ფსიქოანალიზის შექმნამდე ნახევარი საუკუნით ადრე გამოჩნდა ჯოან ჰერბარტის (Johann Herbart, 1824-1825) ნაშრომში, რომლითაც იგი ერთი იდეის სხვა იდეების მიერ შეკავებას აღნიშნავდა. ვინაიდან ცნობიერების შესაძლებლობა შეზღუდულია, იდეები ერთმანეთს ებრძვიან ცნობიერებაში მოსახვედრად და ამ ბრძოლაში რომელიმე ერთი იმარჯვებს და აკავებს სხვებს. ჰერბარტის მიხედვით, შეკავებული იდეები არსებობას კი არ არ წყვეტენ, არამედ „ცნობიერების ზღურბლს“ ქვემოთ „ტენდენციის მდგომარეობაში“ რჩებიან“ და შეუძლიათ მოცემულ მომენტში ცნობიერების ნაკადში არსებული იდეების მოდიფიცირება, მათზე ზემოქმედება და, საბოლოოდ, მათი რეპრესირება ანუ განდევნა.

ჰერბარტის (არაპირდაპირი) გავლენით ფროიდმა ფროიდმა 1890-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა განდევნის თეორია. მან ეს ტერმინი ფსიქიკური შეკავების დაცვის ფორმის აღსანიშნად სხვა ისეთ ტერმინებთან ერთად გამოიყენა, როგორებიცაა დათრგუნვა, დისოციაცია, შეკავება და გამორიცხვა. მას მიაჩნდა, რომ ეს უნიკალური ფსიქოლოგიური აღმოჩენა იყო და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა შემდგომ განვითარებულ თეორიებში, როგორც არსებით და უპირველეს მდგენელს. ის თავის ნაშრომებში განდევნას ფსიქოანალიზის „საძირკველს“, „ქვაკუთხედს“ უწოდებს.

ფროიდის მიხედვით, იდეები, მოგონებები, სურვილები და ა. შ., რომლებიც „გაუსაძლის“, „აუტანელ“ ფსიქოლოგიურ დისტრესს ქმნიან, დაცვის მიზნით კავდებიან და გამოირიცხებიან ცნობიერებიდან. ჰერბარტის სისტემის ანლოგიურად, ეს იდეები კი არ ქრებიან არამედ თვითგამოხატვას ცდილობენ და, როგორც ფროიდი ამბობს (და ეს სრული ინოვაცია იყო), არაპირდაპირ ვლინდებიან, მაგალითად, სიზმრებში, წამოცდენებსა თუ ისტერიული სიმტომების სხეულის ენაში (კონვერსიებში) ვლინდებიან.

ფროიდმა მალევე გააცნობიერა, რომ დაცვის მიზნით განხორციელებული განდევნა გაცილებით რთული შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე, უბრალოდ, შეკავება. 1894 წელს მან გახლეჩვის, დანაწევრების ფენომენი აღწერა, რომელშიც ემოციური იდეაციური კომპლექსის ემოციური და კოგნიტური მდგენელები დისოცირდება და მხოლოდ ემოციური კომპონენტი განიდევნება. დაცვის ამ ფორმას შემდგომში იზოლაცია ან ინტელექტუალიზაცია ეწოდა.

ზოგიერთი ფსიქოდინამიკურად ორიენტირებული მკვლევარი ამტკიცებს, რომ, განდევნის მიხედვით, ინდივიდუალური განსხვავებები მნიშვნელოვან პიროვნულ მახასიათებელს ქმნიან უეინბერგერი, შვარცი და დავისონი აღწერენ „განმდევნ“ („რეპრესორ“) პიროვნებებს, რომლებიც ცხოვრებისადმი უაღრესად დაცვითი მიდგომით ხასიათდებიან.

ფსიქოლოგიაში ტერმინი „განდევნა“ შეიძლება, ზოგადი ტერმინის მნიშვნელოვნით გამოიყენებოდეს და ზოგჯერ კი. კონკრეტულ პროცესს აღნიშნავდეს. ფსიქოანალიზის კონტექსტში ეს არის ცნება, რომელზეც მთელი მოძღვრება დგას, თავად ფსიქოანალიზის ფარგლებში კი ისტერიული ნევროზის მექანიზმად განიხილება. ფსიქოანალიტიკურ მკურნალობაში „განდევნილის უკან ამოტანას“ განდევნის სტადიას უწოდებენ, რომელიც თავად განდევნილი მასალის ცნობიერებაში ამოტანას ისახავს მიზნად.

ამჟამად შეინიშნება ამ ტერმინზე უარის თქმის ტენდენცია. მას ხშირად ანაცვლებენ ისეთი გაცილებით პოპულარული ტერმინებით, როგორებიცაა კოგნიტური არიდება, ამოტანის შეკავება, მეხსიერების მიკერძოება ან დისოციაცია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.

კატეგორია: 
ავტორები: