ფსიქოანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychoanalysis

ზიგმუნდ ფროიდის განმარტებით, არის (1) სხვა მხრივ თითქმის მიუწვდომელი ფსიქიკური პროცესების კვლევა-ძიების პროცედურა; (2) (ამ კვლევა-ძიებაზე დაყრდნობით) ნევროტული აშლილობების მკურნალობის მეთოდი და (3) მოპოვებული ფსიქოლოგიური ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მეცნიერულ დისციპლინად ჩამოყალიბდა.

დღესდღეობით ფროიდისეული ფსიქოანალიზი განიმარტება, როგორც (ა) თეორია ფსიქიკური ფუნქციონირებისა და ადამიანის ბუნების შესახებ, (ბ) ფსიქოლოგიური განვითარების თეორია, (3) ფსიქოპათოლოგიის, კერძოდ, ნევროზების თეორია და (დ) მკურნალობის მეთოდი. ამ დეფინიციაში ტერმინი „ფროიდისეული ფსიქოანალიზი“ იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული განმარტება არ ერგება ამჟამად არსებულ სხვა ფსიქოანალიტურ თეორიებს, რომლებიც არ არის ისეთი მრავლისმომცველი და ამომწურავი, როგორც ფროიდის ნაშრომები. მათ ფსიქოდინამიკურ თეორიებს უწოდებენ.

ამრიგად, თითქმის 50-წლიანი აქტიური მეცნიერული მოღვაწეობისა და კლინიკური პრაქტიკის პერიოდში ფროიდმა შექმნა პირველი ვრცელი თეორია პიროვნებისა და მისი ფსიქიკური ფუნქციონირების შესახებ, ფსიქოლოგიური განვითარების თეორია, საკუთარ თერაპიულ გამოცდილებასა და თვითანალიზზე დაფუძნებული კლინიკურ დაკვირვებათა ვრცელი სისტემა, ფსიქოპათოლოგიის, კერძოდ, ნევროზების თეორია, ნევროტული აშლილობების მკურნალობის ორიგინალური მეთოდი და იმ ფსიქიკურ პროცესთა შესწავლის მეთოდები, რომელთა შესწავლაც თითქმის შეუძლებელია სხვა ხერხებით. ამ ყველაფერს ერთად დღეს ფსიქოანალიზი ეწოდება.

ფროიდისეულ ფსიქოანალიზს სხვა ფსიქოანალიტური და არაფსიქოანალიტური თეორიებისგან განარჩევენ ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: (1) ხაზგასმა არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებზე, კერძოდ, არაცნობიერ სურვილებზე, განზრახვებსა და დაცვებზე. აქ ადამიანის ქცევის დიდი ნაწილი გაიგება, როგორც დინამიკური ურთიერთქმედება, ერთი მხრივ, არაცნობიერ სურვილებსა და ფანტაზიებს  და, მეორე მხრივ, მათგან მომდინარე შფოთვასა და დანაშაულის განცდის და მათთან გასამკლავებელ დაცვის მექანიზმებს შორის; (2) ადამიანის ქცევის შინაგანი კონფლიქტის პოზიციიდან ხედვა. ფროიდის მიხედვით, ფაქტობრივად, ყველა ქცევა, იქნება ეს სიზმრები, წამოცდენები თუ ნევროტული სიმტომები, ასევე, მიზანმიმართლი ადაპტური ქცევები, ინდივიდის შიგნით არსებული სხვადასხვა კონფლიქტურ მოთხოვნებსა და მოტივებს შორის კომპრომისის შედეგია; (3) სექსუალური ლტოლვებისა და სურვილებისთვის და, გარკვეულწილად, აგრესიული იმპულსებისა და სურვილებისთვის დათმობილი ცენტრალური როლი.

ფსიქოანალიზის ფორმირების პროცესში ფროიდის აზროვნების საფუძველი მარტივი დაშვება იყო: თუ ცნობიერება არ არის უწყვეტი ანუ პიროვნება აკეთებს რაღაცას, მაგრამ არ შეუძლია ამის აღწერა ან ახსნა, მაშინ უნდა არსებობდეს რელევანტური არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები, რათა შევავსოთ ეს „ჩავარდნები“. ეს მოჩვენებითად მარტივი დაშვება, ერთდროულად, ბრწყინვალეც იყო და წინააღმდეგობრივიც. ფროიდი ამ დაშვებამ ისეთ პაციენტებამდე მიიყვანა, რაც პირველად აღწერილია ნაშრომში „ისტერიის კვლევა“, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები ყოველგვარი ორგანული საფუძვლის გარეშე. პაციენტები ყველანაირ ცნობიერ ძალისხმევას არ იშურებდნენ სიმპტომებისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ამაოდ. ფროიდის ლოგიკა მარტივი იყო: თუ სიმპტომების უკან მდგომი „ძალა“ ფსიქოლოგიურია, მაგრამ არა — ცნობიერი, მაშინ ერთადერთი შესაძლო ახსნაღა რჩებოდა: სიმპტომის წყარო არაცნობიერი უნდა ყოფილიყო. ფროიდმა დაასკვნა, რომ ცნობიერი ნების საპირისპიროდ, უნდა არსებულიყო თანაბარი ან მეტი სიდიდის/ძალის მქონე არაცნობიერი ნება. ამ ორი ძალის ურთიერთქმედება იყო ის, რასაც ის ფსიქოდინამიკას უწოდებდა.

პიროვნების შესახებ ფსიქოანალიტურ თეორიას ფროიდისეული მოტივაციის თეორია უდევს საფუძვლად. ეს თეორია ოთხ ბაზისურ დაშვებაზე შეიძლება იქნეს დაყვანილი. მათ (ა) დეტერმინიზმის, (ბ) აღმძვრელი იმპულსის, (გ) კონფლიქტისა და (დ) არაცნობიერის პრინციპები შეგვიძლია ვუწოდოთ.

ფროიდისეულ ფსიქოანალიზის ფარგლებში ინტენსიურად და ვრცლად განიხილება ისეთი საკითხები, თემები და ცნებები, როგორებიცაა თავისუფალი ასოციაცია, განდევნა და წინააღმდეგობა, გადატანა და კონტრგადატანა, ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები, ლიბიდო და არაცნობიერი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. V.

McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.

კატეგორია: 
ავტორები: