მიუხედავად მნიშვნელოვანი კონცეპტუალური განსხვავებებისა პიროვნების ფსიქოდინამიკურ თეორიებს შორის, მათთვის საერთოა დაშვება, რომ პიროვნებას ძლიერი შინაგანი ძალები აყალიბებენ და ქცევას ამოტივირებენ.
პიროვნების ახსნის ფსიქოდინამიკური მოდელი ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. სწორედ მას ეკუთვნის კლასიკური ფსიქოანალიზი, რომელიც შემდგომ, ერთი მხრივ, ნეოფროიდიანული მიმართულებით გაგრძელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ობიექტი-ურთიერთობის თეორიას მისცა დასაბამი.
პიროვნების თეორიის კონტექსტში სიტყვა დინამიკური ენერგიის ერთი მდგომარეობიდან მეორეში ტრანსფორმაციას გულისხმობს, შესაბამისად, პიროვნების ახსნის ფსიქოდინამიკური მოდელები ეყრდნობიან დასკვნას, რომ ფსიქიკურ ენერგიას შეუძლია გადაინაცვლოს სხვადასხვა ფორმაში. მაგალითად, ტრავმული გამოცდილება ან გახანგრძლივებული ინტრაფსიქიკური კონფლიქტი შესაძლოა ტრანსფორმირდეს არაცნობიერ ხატში, რომელიც, თავის მხრივ, ან სიმბოლურ დონეზე იჩენს თავს ან აქტუალურ ფიზიკურ სიმპტომში გამოიხატება.
ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზის მიხედვით, პირონების ბირთვი ფსიქიკაში არსებული მოვლენების შედეგად იქმნება. სწორედ ეს ინტრაფსიქიკური (ფსიქიკის შიგნით) მოვლენები აძლევენ ბიძგს ქცევას და მის მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში თეორიის ფსიქოდინამიკური ბუნება იმაში ვლინდება, რომ აქცენტი კეთდება ქცევის შიდა წყაროებზე.
ფროიდის გარდაცვალების შემდგომ კლასიკურმა ფსიქოანალიზმა სახე იცვალა, რაც მისი შვილის - ანა ფროიდის სახელს უკავშირდება. ეგო ფსიქოლოგია, იგივე ფსიქოდინამიკური ეგო-ფსიქოლოგია სწორედ ანა ფროიდის ნაშრომიდან იწყება, რომელშიც მან კლასიკური ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, აქცენტი ეგოს დაცვის მექანიზმების მნიშვნელოვნებაზე გააკეთა. ეგო ფსიქოლოგიის სკოლის წარმომადგენელი იყო ერიკ ერიკსონიც, რომელმაც პიროვნების განვითარების უწყვეტი ფსიქოსოციალური მოდელი ააგო.
შემდგომი მიმართულება ფსიქოდინამიკურ თეორიულ მოდელებში მელანი კლაინის, ვინიკოტის, განტრიპის, ფეირბერნის და კოჰუტის სახელებს უკავშირდება. სწორედ მათ ჩაანაცვლეს ეგოსა და იდის შორის კლასიკური ბრძოლა „სიყვარულის ობიექტებზე“ გარდამავალი პროცესებით. ამ პერიოდში შემოდის ფსიქოდინამიკურ თეორიაში ისეთი ცნებები როგორებიცაა მშობლის სიყვარული, ემპათია, ალტრუიზმი და მათი როლი პიროვნული იდენტობის კონსტრუირებაში.
ობიექტი-ურთიერთობის თეორიის დამკვირდებასთან ერთად ნელ-ნელა ძლიერდებოდა კიდევ ერთი ახალი მიდგომა ფსიქოდინამიკურ თეორიაში, რომელიც ნეოფროიდიანული ფსიქოდინამიკური თეორიის სახელით არის ცნობილი. მის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის კარლ იუნგს, რომელიც კლასიკური ფსიქოანალიზიდან რადიკალურად გადაეშვა ნეოფროიდიანულ მიდგომაში და ფროიდის ორიგინალური კონცეფცია პიროვნული არაცნობიერის შესახებ კოლექტიური არაცნობიერის ცნებით გაამდიდრა. კოლექტიური არაცნობიერი იუნგისათვის კაცობრიობის ერთგვარ მეხსიერების საცავს წარმოადგენდა, რომელშიც ადამიანების უნივერსალური მოგონებები და ემოციური ხატები - ე.წ. არქეტიპები ინახება.
ნეოფროიდიანულმა მიდგომამ ასევე შეცვალა აქცენტები სექსუალური და აგრესიული დრაივების შესახებ და უფრო მეტი ყურადღება მიაქცია ინტერპერსონალურ (ზოგიერთის აზრით ტრანსპერსონალურ) მოდელს.
კარენ ჰორნიმ კიდევ უფრო განავრცო ინტერპერსონალური საკითხები და ბაზისური შფოთვა ნევროტული საჭიროებებით, მათ შორის, დომინაციის, პრესტიჟისა და ძალაუფლების მოთხოვნილებებით ახსნა.
ალფრედ ადლერმა შემოიტანა „არასრულფასოვნების კომპლექსის“ ცნება, რომლითაც კიდევ უფრო დააშორა ნეოფროიდიანული მიდგომა ფროიდის კლასიკურ, სექსუალურ და აგრესიულ დრაივებზე დაფუძნებულ თეორიას. „არასრულფასოვნების კომპლექსი“ ცდილობდა აეხსნა ადამიანების მიერ აღქმული საკუთარი არასრულფასოვნება და მისი მაკომპენსირებელი მექანიზმები.
საბოლოო ჯამში, 1960 წლისათვის, ფსიქოდინამიკური მოდელების სახეცვლილებამ იმდენად დააშორა ახალი მიდგომები კლასიკურ ფსიქოანალიზს, რომ მაგალითად, აშშ-ში ფროიდის თეორია პიროვნების შესახებ, ისევე როგორც მკურნალობის მეთოდოლოგია პრაქტიკაში აღარ გამოიყენებოდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Taylor, E. (2009) The Mystery of Personality. Springer Science+ Media, NY; NY