ეგო

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ego

პიროვნების ასპექტი, რომელიც მონაწილეობს თვითდაცვაში და ინსტინქტურ ლტოლვებსა და იმპულსებს შესაბამის არხებში მიმართავს. თანამედროვე ფსიქოანალიტურ თეორიულ და კლინიკურ დისკურსში ეგოს ცნება მოიცავს კოგნიტურ პროცესებს (მაგალითად, სინთეზის ფუნქციას), დაცვებს (მაგალითად, განდევნას, სუბლიმაციასა და ანტიციპაციას) და სხვადასხვა აღმასრულებელ ფუნქციას (მაგალითად, დაგეგმვას, მეს და სხვების შესახებ ფიქრსა და მსჯელობას).

ეგოს ფროიდისეულმა განმარტებამ მნიშვენლოვანი განვითარება განიცადა და ეს პროცესი სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს (Rappaport, 1959). პირველ ეტაპზე ეგო მინიმალური სიზუსტით იყო განსაზღვრული და ისეთი ტერმინების სინონიმად გამოიყენებოდა, როგორიცაა მე (self) ან საკუთარი პერსონა. ამ ბუნდოვანებისდა მიუხედავად, ეგოს პროცესების ერთი ასპექტი უკვე თვალნათლივ იკვეთებოდა: მისი დაცვითი ფუნქცია. ეგო კონცეპტუალიზირებულ იქნა, როგორც ცნობიერებაში მტკივნეული მოგონებების შეჭრის აღმკვეთი. მეორე ეტაპზე ფროიდის ინტერესმა ეგოს ფუნქციებისადმი დროებით უკანა პლანზე გადაიწია, რადგან, ძირითადად, ლტოლვებით, მათი თავისებურებებებითა და სხვადასხვაგვარი მანიფესტაციით იყო დაინტერესებული (Freud, 1915a, 1915b). თუმცა, ამ ეტაპზე ფროიდმა გამოყო ეგოს ფუნქციონირების ცენტრალური ასპექტები: მეორადი პროცესი (ცნობიერი რაციონალური იდეები და რწმენები), რეალობის პრინციპი და განდევნა. ბოლო ეტაპი ფროიდის მიერ სტრუქტურული მოდელის წარმოდგენით დაიწყო. ამ მოდელში ეგო კოჰერენტულ სისტემად აღიწერებოდა, რომელშიც იდის და სუპერეგოს სისტემებთან ერთად პიროვნების სამმაგი ორგანიზაციის კომპონენტს წარმოადგენდა. ამ ყველაზე ამომწურავ ფორმულირებაში ეგოს პროცესები მიმდინარე აღქმებს, იდეალებს, მორალურ პრინციპებსა და იმპულსებიდან მომდინარე კონფლიქტებს შორის მრავალ კავშირს მოიაზრებს. ამ მოდელში ეგოს მუშაობაში ეგოს ფუნქციებსა და ორ სხვა ძირითად ფსიქიკურ სტრუქტურას (იდსა და სუპერეგოს) შორის ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება და ხელშეწყობა მოიაზრებოდა. ეგოს ამ მესამე მოდელში ფროიდმა თანამედროვე მოსაზრებას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიხედვითაც ეგო აქტიური აგენტია თავისი დამოუკიდებელი ინტერესებით და არა — სხვა ფსიქოლოგიურ ძალებზე (მაგალითად, კონფლიქტებზე, მორალურ აღქმებსა და სხვების ქცევაზე) პასიურად მორეაგირე ინსტანცია (Rappaport, 1959).

ეგო და ეგოს კონტროლი

სურვილის ან მოთხოვნილების დროში გადადებული დაკმაყოფილების უნარი პირველად მაშინ ჩნდება, როდესაც პატარები ითვისებენ იმ ფაქტს, რომ მათი საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების გარდა, გარე სამყაროც არსებობს. შეიძლება აქტუალიზირებული იყოს პირველადი პროცესები, რომლებითაც ოპერირებს იდი სურვილის ან მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას, მაგრამ შეუძლებელი იყოს წარმოქმნილი დაძაბულობის დამაკმაყოფილებლად განმუხტვა (მაგალითად, წყლის წარმოდგენა არ მოგვიკლავს წყურვილს). შეუძლებელია წარმოსახვის შეჭმა, დალევა ან მასზე ეროტიული მანიპულაციების განხორციელება. რეალური დაკმაყოფილების მისაღწევად (ანუ დაძაბულობის მნიშვნელოვნად შესამცირებლად), ინდივიდმა რეალურ სამყაროსთან უნდა დაამყაროს კონტაქტი. ეს კონტაქტი პიროვნების მეორე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ფორმირების შედეგია, რომელიც რეალობასთან ურთიერთობის საჭიროების გაცნობიერებასთან ერთად წარმოიქმნება და ეგო ეწოდება.

ვინაიდან ბავშვი ურთიერთქმედებს საკუთარ ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან, პიროვნების განვითარება ახალ განზომილებაში გადადის. სუბიექტურ ფუნქციონირებას რეალობის გადამოწმების ფუნქციაც ემატება, რაც გონებაში და რეალურ გარემოში არსებული საგნების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას მოიაზრებს. ასევე, იმ ობიექტების, ადამიანებისა და აქტივობების მოძიებას გულისხმობს, რომელიც დააკმაყოფილებენ ინსტინქტების შინაგან სწრაფვებს. თუ იდი სრულიად სუბიექტურია, ეგო პიროვნების იმ ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ობიექტურობით არის დატვირთული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცდილობს, ერთმანეთისგან განასხვავოს სასურველი და რეალურად ხელმისაწვდომად არსებული (Nye, 2000).

ამრიგად, ეგო პიროვნების სტრუქტურული კომპონენტია, რომელიც გარე სამყაროს რეალობასთან იმყოფება კონტაქტში. ეგო იდისგან იღებს თავის სტრუქტურას, ფუნქციასა და ენერგიას და მისგან ვითარდება იმის გამო, რომ ორგანიზმის მოთხოვნილებები საჭიროებენ შესატყვის ურთიერთქმედებებს ობიექტური რეალობის სამყაროსთან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს საკუთარი ინდივიდუალურობის გაცნობიერებას, იდის განმეორებადი მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და დაშოშმინებას. ეგო იდის ორგანიზებული ნაწილია და იმისათვის ჩნდება, რომ ემსახუროს იდის მიზნებს და არ დაუშვას მათი ფრუსტრირება. მთელი მისი ენერგია იდისგან მოდის. ფროიდის მიხედვით, ეგოს არ გააჩნია იდისგან დამოუკიდებელი არსებობა და, ამ სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით, ყოველთვის მასზეა დამოკიდებული. ეგოს მთავარი მიზანია ორგანიზმის ინსტინქტურ მოთხოვნებსა და გარემოს პირობებს შორის შუამავლობა.

ეგოს ფუნქციაა პიროვნების სიცოცხლის უნარიანობის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელი ფსიქიკის უზრუნველყოფა. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ეგოს განსაკუთრებული ფუნქციები აქვს როგორც გარე სამყაროს, ისე — შინაგანი სამყაროს მიმართ, რომლის ლტოლვების დაკმაყოფილებასაც ესწრაფვის. ეგო ცდილობს იდის სურვილების გამოხატვასა და დაკმაყოფილებას იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელთაც გარე სამყარო აწესებს. იდსა და ეგოს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ იდმა მხოლოდ სუბიექტური რეალობა იცის, ხოლო ეგო არჩევს შინაგანსა და გარეგანს; არჩევს ფანტაზიასა და რეალობას. ეგოს მოქმედების ძირითად რეპერტუარში შედის უნებლიე მოძრაობების კონტროლი და თვითშენახვაზე მიმართული აქტივობები. ადარებს რა წარსულ მოვლენებს, ის აცნობიერებს გარე სამყაროს მოვლენებს. ამის შემდეგ აქტივობით ან თავს არიდებს გარკვეულ გარემოებებს და ადაპტირდება მათ შესატყვისად, ან ისე ცვლის გარე სამყაროს რეალობას, რომ ის მეტად უსაფრთხო ან კომფორტული გახდეს. ეგოს მოქმედება შინაგანი ან გარეგანი გამღიზიანებლების მიერ შექმნილი დაძაბულობის დონის რეგულირებაა. დაძაბულობის ზრდა განიცდება, როგორც დისკომფორტის, ხოლო მისი შემცირება — როგორც სიამოვნების მდგომარეობა. ამიტომ ეგო სიამოვნებას ესწრაფვის და ტკივილის შემცირებისა და მისგან თავის დაღწევის გზებს ეძებს.

მაგალითად, მშიერმა ადამიანმა უნდა მოძებნოს, იპოვოს და მიიღოს საკვები მანამ, ვიდრე არ შემცირდება შიმშილის დაძაბულობა. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა ისწავლოს საკვების მეხსიერებაში არსებული ხატის გარჩევა გარე სამყაროში მისი აქტუალური აღქმისგან. როდესაც ეს დიფერენციაცია განხორციელებულია, აუცილებელი ხდება ხატის აღქმაში გარდაქმნა, რაც გარემოში საკვების ადგილმდებარეობის განსაზღვრის სახით ხორციელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი საკვების მეხსიერებაში არსებულ ხატს ადარებს საკვების გარეგნულ სახეს ან სუნს, რომელსაც შეიგრძნობს გრძნობის ორგანოებით. გადარჩენისთვის ბრძოლაში როგორც გარე სოციალურ სამყაროსთან, ისე იდის ინსტინქტურ მოთხოვნილებებთან, ეგო მუდმივად ახდენს ფსიქიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენების დიფერენციაციას გარე სამყაროში მიმდინარე რეალური მოვლენებისგან. დაძაბულობის შემცირება გარკვეულ მოქმედებათა შესრულების შედეგად მიიღწევა, რომლებიც იდს თავისი ინსტინქტური მოთხოვნილებების გამოხატვის საშუალებას აძლევენ სოციალური სამყაროს ნორმებისა და ეთიკის შესაბამისად. ეს მიზანი აიძულებს ადამიანს, ისწავლოს, იფიქროს, იმსჯელოს, აღიქვას, გადაწყვიტოს, დაიმახსოვროს და ა.შ. შესაბამისად, იდის სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას ეგო კოგნიტურ და პერცეპტულ სტრატეგიებს იყენებს.

ეგო რეალობის პრინციპს ექვემდებარება და მეორადი პროცესებით მოქმედებს (Cloninger, 2004; Nye, 2000).  რეალობის პრინციპის მიზანია ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნება და დაძაბულობის განმუხტვის შეკავება მანამდე, სანამ არ იქნება ნაპოვნი დაკმაყოფილებისთვის შესატყვისი ობიექტი ანუ დაძაბულობის განმუხტვის ადეკვატური საშუალება და/ან შესაბამისი პირობები გარე სამყაროში. რეალობის პრინციპი დროებით აჩერებს სიამოვნების პრინციპის მოქმედებას, თუმცა, საბოლოო ჯამში, საჭირო ობიექტის აღმოჩენისას და დაძაბულობის შემცირებისას სწორედ სიამოვნების პრინციპის „მომსახურება” ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ობიექტი და პირობები იდეალურია, ქცევას სიამოვნების პრინციპი მართავს. რეალობის პრინციპი გამოცდილების ჭეშმატირობა-მცდარობის საკითხს უკავშირდება: აქვს თუ არა ამ გამოცდილებას გარეგანი არსებობა მაშინ, როცა სიამოვნების პრინციპი მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, ამ გამოცდილებას ტკივილი მოაქვს თუ სიამოვნება. რეალობის პრინციპი ჩვენს ქცევას გონიერებას მატებს, ზომიერ დაძაბულობას ინარჩუნებს, ახალი გამოცდილების მიღებასთან ერთად იცვლება (ვითარდება იდისგან განსხვავებით) და რაციონალურ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობს.

მეორადი პროცესი არის რეალისტური, ლოგიკური აზროვნება, რომელზე დაყრდნობითაც ეგოს ხელეწიფება ქცევის საჭირო არხით წარმართვა, რათა ინსტინქტური მოთხოვნილებები თავად ინდივიდისა და სხვა ადამიანებისთვის უსაფრთხო გზით იქნეს დაკმაყოფილებული. მეორადი პროცესის დახმარებით ეგო აყალიბებს მოთხოვნილების დაკმაყოფილების გეგმას, შემდეგ კი ამოწმებს მას, როგორც წესი, გარკვეული ქმედებებით, რათა გაირკვეს, მუშაობს თუ არა ის. მშიერი ადამიანი იმაზე ფიქრობს, სად შეიძლება საკვების პოვნა, შემდეგ კი სწორედ იმ ადგილზე ეძებს მას. ამას რეალობის შემოწმება ჰქვია. თავისი როლის დამაკმაყოფილებლად შესასრულებლად ეგო ყველა კოგნიტურ და ინტელექტუალურ ფუნქციას აკონტროლებს; ეს უმაღლესი ფსიქიკური პროცესები მეორად პროცესს ემსახურება.

ეგოს პიროვნების აღმასრულებელ ორგანოს უწოდებენ, რადგან ის კარს უხსნის მოქმედებას, გარემოდან არჩევს იმას, რასაც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედება და წყვეტს, რომელი ლტოლვები  როგორ უნდა დაკმაყოფილდეს. ახორციელებს რა ამ უკიდურესად მნიშვნელოვან აღმასრულებელ ფუნქციებს, ეგო იძულებულია, იმ ურთიერთგამომრიცხავი და ხშირად წინააღმდეგობრივი მოთხოვნების ინტეგრირება მოახდინოს, რომლებსაც უყენებს მას იდი, სუპერეგო და გარე სამყარო. ეს არც ისე იოლი ამოცანაა, რაც ხშირად დაძაბულობაში ამყოფებს მას.

ფროიდის შემდგომი განვითარება

ეგოს ცნება და მასთან დაკავშირებული ეგო ფსიქოლოგიის თეორიული ჩარჩო მნიშვენლოვან პერსპექტივას წარმოადგენს ფსიქოანალიტური თეორიის ფარგლებში. ეგო ფსიქოლოგიის თეორიები მნიშვნელოვნად აფართოვებენ კლასიკური ფსიქოანალიზის ლტოლვის თეორიას, ახდენენ რა ინდივიდუალური განვითარების შესახებ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოსაზრებების კომბინირებას ინდივიდის ფუნქციონირებაზე სოციოკულტურული განზომილებების კომპლექსურ გავლენებთან. აქედან გამომდინარე, ფსიქოანალიზი არაცნობიერი მოვლენებისა და ფსიქოპათოლოგიის შესწავლიდან ინტერპერსონალური, ოჯახური და სოციოკულტურული ძალების ზემოქმედების პირობებში მიმდინარე ადაპტური პროცესების კვლევა-ძიებამდე გაფართოვდა.

მნიშვნელოვანი შემდგომი თეორიული, ემპირიული და კლინიკური ნაშრომები ეგოს ფუნქციონირების ამ ადრეული მოდელებიდან გამომდინარე რამდენიმე ახალ ცნებას მოიცავენ და განმარტავენ. ამ ნაშრომებში ეგოს ცნების გაფართოვებამ თანამედროვე ეგო ფსიქოლოგია მექნისტური იდეებიდან (კონტექსტის შეზღუდული აღიარებით) ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ბაზისური ცოდნისკენ წაიყვანა, როგორებიცაა მიჯაჭვულობა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, მოქნილობა, თანმიმდევრობა და იდენტობა.

ეგოს გაზომვა და განვითარება

ეგოს კონსტრუქტის მრავალფეროვნებიდან და იმ ფენომენის მრავალგვარობიდან და განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ტერმინით აღინიშნება, მისი საზრიანი ოპერაციული განსაზღვრებების გენერირება სისტემატური ემპირიული კვლევისთვის დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მკვლევრებს. რამდენიმე მკვლევარმა მოახერხა ეგოს ფუნქციებისა და ეგოს განვითარების შესახებ კონკრეტული საკითხების შესწავლა და ჰიპოთეზების შემოწმება. ცხადია, ეგოს ფსიქოლოგიის სფერო ძალზე ფართოა, რომ ემპირიული კვლევების ერთი სერია საკმარისი იყოს მის შესასწავლად.  ეგო ფსიქოლოგიისთვის, პიროვნეიბს თეორიისა და განვითარების ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე რელევანტური კონსტრუქტი უწყვეტი ემპირიული კვლევის სამიზნეა.

ეგოს დაცვის მექანიზმები და ეგოს განვითარება ურთიერთდაკავშირებულია და ამ კავშირის ბევრი კომპლექსური მახასიათებელი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღწერილი. ეგოს განვითარების ორი წამყვანი მოდელი ამ ეგოს დაცვებსა და განვითარებას შორის მიმართების კარგი ილუსტრაციაა. ერთი მოდელის მიხედვით, ეგო დაცვის მექანიზმების ნაკრებია, მეორე კი ცალკეული ეგოპროცესის ცენტრალურობას უთმობს ყურადღებას (Hauser, 1979).

„ნაკრების“ მოდელის ფარგლებში ბელაკსა და მის კოლეგებს ეკუთვნით ემპირიული კვლევები. მათი თვალსაზრისით, ეგოს განვითარება მრავალი ფუნქციის, მათ შორის, ადაპტაციური ძალის, კოგნიტური პროცესების, დაცვებისა და მეს რეპრეზენტაციებთან (ობიექტი-ურთიერთობები) დაკავშირებული სხვების აღქმების გაშლა-განვითარების პროცესია (Hauser & Daffner, 1980). ეგოს განვითარების მეორე მოდელი ინტეგრაციულ პროცესებსა და ინდივიდის ფუნქციონირების ერთიან ჩარჩოზე მიუთითებს. ეს მოსაზრება, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ შეფასების მეთოდთან ერთად, ჯეინ ლოვინგერმა და მისმა კოლეგებმა დაამუშავეს (იხ. Loevinger, 1976; Hy & Loevinger, 1996). ორ ათეულ წელზე მეტ ხანს წარმოებულ კვლევებში ამ თეორიულ მიდგომასა და ფსიქომეტრული შეფასების ტექნიკას იყენებდნენ ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ეგოს განვითარების საკვლევად, ფსიქოლოგიური და სოციოკულტურული ცვლადების გათვალისწინებით. სწორედ ამ კვლევებს ეფუძნება დღეისათვის არსებული ცოდნა ინდივიდუალური ქცევის, გამოცდილებისა და ეგოს განვითარების შესახებ.

ეგოს განვითარების ლოვინგერისეული მოდელი უშვებს, რომ ყოველი პიროვნება მესა და გარესამყაროზეა ორიენტირებული და ეს ის კონტინუუმია (ეგოს განვითარებაა), რომლის გასწვრივაც ლაგდება ღირებულებათა სისტემა და მოქმედების ძირითადი ჩარჩო. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, ეგოს განვითარება მეს, სოციალური სამყაროს და ინდივიდისა და სხვების გრძნობების/აზრების ურთიერთობების მეტად დიფერენცირებულ აღქმას გულისხმობს. ეგოს განვითარების ასეთი ხედვის ფარგლებში შეუძლებელია ეგოს სპეციფიკური პროცესების (მაგალითად, დაცვის მექანიზმების და კოგნიციის ასპექტების) ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ისინი განვითარებადი ეგოს ერთიანი ინტეგრირებული სტრუქტურის მდგენელებად განიხილებიან. ლოვინგერი ეგოს შედარებით სტაბილურ სტრუქტურად მიიჩნევს, რომელიც თავიდანვე ფილტრავს ჰომეოსტაზისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას და ამით ინარჩუნებს თანმიმდევრულობას/კოჰერენტულობას, თუმცა ეს განმარტება არ გულისხმობს, რომ ეგო არასოდეს იმყოფება დარღვეული წონასწორობს მდგომარეობაში. თვისებრივი ცვლილებები თანდათანობით ხდება ეგოს განვითარების პროცესში იმის პარალელურად, რომ ინდივიდი მუდმივად ეჯახება საკუთარ ღირებულებათა სისტემასთან არათავსებად ფენომენებს. შესაბამისად, შეუსაბამობებს გამოცდილებაში შეუძლიათ დარღვეული წონასწორობის პერიოდების წამოწყება, რაც ხელს უწყობს ეგოს განვითარების შედარებით მაღალ დონეებზე გადანაცვლებას (Loevinger, 1976).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.

Freud, S. (1915a). Instincts and their vicissitudes. In J. Strachey (Ed. and Trans.). The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud (Vol. 14, pp. 117-140). London: Hogarth Press.

Freud, S. (1915b). Repression. In Strachey (Ed. And Trans.), The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud (Vol. 14, pp. 146-158). London: Hogarth Press.

Hauser, S. T. (1976). Loevinger's model and measure of ego development: A critical review. Psychological Bulletin. 83. 928-955.

Hauser, S. T. & Daffner, K. (1980). Ego functions and development: Empirical research and clinical relevance. McLean Hospital Journal. 5, 87-109.

Hy, L. X. & Loevinger. J. (1996). Measuring ego development (2nd ed.) Mahwah, Nl: Eribaum.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. I.

Loevinger. J. (1976). Ego development: Conceptions and theories. San Francisco: Jossey-Bass.

Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.

Pervin, L. A. (2003). The Science of Personality, 2nd Ed. New York, Oxford: Oxford University Press.

Rappaport, D. (1959). An historical survey of psychoanalytical ego psychology. Introduction to Psychological Issues. I. 5-17.

Фрейджер, Р. Фейдимен Дж. (2001). Личность: теории, эксперименты, упражнения. Москва: изд. ОЛМА-ПРЕСС.

კატეგორია: 
ავტორები: