ლტოლვები

Drives

შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში წონასწორობის დარღვევის საპასუხოდ აღმოცენდება.

ფსიქიკის ფროიდისეული კონცეფციის ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტი ის არის, რომ ის შეიძლება მოტივირდეს ან აქტივირდეს როგორც გარემოდან მომდინარე გარეგანი ანუ ექსტერნალური სტიმულაციით, ისე — შინაგანი ანუ ენდოგენური სტიმულებით, რომლებსაც იგი ლტოლვებს უწოდებს.  ფროიდი ლტოლვას ფსიქიკური აპარატის მოტივატორს უწოდებს. მისთვის ლტოლვები სიამოვნების პრინციპის შესატყვისად მოქმედებენ, რომლებიც ადამიანებს მოქმედებებით ლტოლვით გამოწვეული დაძაბულობის შემცირების გზით მაქსიმალური სიამოვნების ძიებისკენ უბიძგებენ.

ფროიდი ორ განსხვავებულ ლტოლვაზე საუბრობს, ეს არის ლიბიდო და აგრესია, რომლებსაც იგი სომატურ წყაროებს მიაკუთვნებს. ფსიქოანალიტური თეორიის განვითარებასთან ერთად, ლტოლვის, როგორც მოტივაციის, ფროიდისეული ორიგინალური განსაზღვრება უცვლელი დარჩა, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვალა ლტოლვებისთვის მიმართულების მიცემისა და წარმართვის პრინციპები. რონალდ ფაიარბეარნი (Ronald Fiarbairn, 1952) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ლტოლვები სხვებთან კონტაქტის დამყარებისკენ, როგორც მოტივაციის პირველადი წყაროებისკენ, არის მიმართული. იგი იმასაც ამბობს, რომ სიამოვნების პრინციპი კი არ არის მოტივაციის თანდაყოლილი და პირველადი წყარო, არამედ ადამიანების მიერ სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარებისკენ სწრაფვა.

ლტოლვის ფროიდისეული ცნება

ფროიდისთვის ლტოლვებს სომატური წყარო აქვთ, მაგრამ ფსიქიკურ ეფექტს ან შედეგს იძლევიან. იგი წერდა, რომ ლტოლვები „... ფსიქიკურისა და სომატურის საზღვარზე არსებობენ“ (1915, გვ. 122). სხვა სიტყვებით, ლტოლვა მითოლოგიური ცნებაა, რომელიც ფსიქიკისა და სხეულის ურთიერთმიმართების გასაგებად გამოიყენება. „ფსიქოანალიზის შესავალ ლექციებში“ ფროიდი ნათლად წერს ლტოლვის ცნების მითოლოგიურ ბუნებაზე: „ლტოლვების თეორიას ჩვენი მითოლოგია შეგვიძლია ვუწოდოთ. ლტოლვები მითიურ ქმნილებებს ჰგვანან, დიდებულნი არიან თავიანთი ბუნდოვანებით. მუშაობის პროცესში ვერ დავტოვებთ მათ უყურადღებოდ, თუმცა არასოდეს ვართ დარწმუნებულნი, რომ ნათელი წარმოდგენა გვაქვს მათზე“ (1933, გვ. 95).

ლიბიდოსაც და აგრესიასაც სომატური წყარო აქვს. ლიბიდოს წყაროებს ფროიდმა ეროგენული ზონები უწოდა. ამ უკანასკნელში კი გენიტალიებს, ანუსსა და პირს, მოიაზრებდა. ნაშრომში „სამი ესე სექსუალობის შესახებ“ (1905) ფროიდმა ბავშვობისა და სექსუალური გაუკუღმართებების ბუნებაზე დაკვირვებები გამოიყენა იმ მოსაზრების დასასაბუთებლად, რომ ეროგენული ზომნები სექსუალური სტიმულაციის წყაროს წარმოადგენენ. ის იმასაც აღნიშნავდა, რომ სტიმულაციის სხვა წყაროთა რიცხვში შედის ისეთი შეგრძნებები, როგორებიცაა ხმა, სუნი, შეხება და მხედველობა. ის ფიქრობდა, რომ სექსუალურ სურვილებსა და აქტივობებს ბავშვებსა და გაუკუღმართებების მქონე ადამიანებში ბევრი საერთო ჰქონდა ნევროზის მქონე ადამიანების არაცნობიერ ფანტაზიებსა და სურვილებთან.

1920 წლამდე ფროიდის ლტოლვის თეორია, უპირატესად ლიბიდოს ცნების ირგვლივ ვითარდებოდა. 1920 წლის შემდეგ კი ფროიდი ინტენსიურად საუბრობს აგრესიაზე ან სიკვდილის ინსტინქტზე, როგორც ალტერნატიულ პირველად ლტოლვაზე. აგრესიული ლტოლვა სიკვდილისკენ ლტოლვად განიხილებოდა, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია. აგრესიის მიზანი მეს ან ობიექტის სიკვდილი და ნგრევაა (Freud, 1920, 1924). ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“ ფროიდი წერდა, რომ სიკვდილისკენ ლტოლვა ფართოდ არის გავრცელებული ყველა ცოცხალ არსებაში, უჯრედული აქტივობის დონეზეც კი. თუმცა, ის, ლიბიდოსგან განსხვავებით, არ უკავშირდება სხეულის კონკრეტულ ნაწილებს ან პროცესებს.

სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოლვები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და ბიოლოგიურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუმცა ბრენერი (Brenner, 1982) თვლის, რომ ორ ლტოლვას შორის განსხვავება უფრო ზუსტი იქნება, თუ მას ფსიქოლოგიური პოლარობის სახეს მივცემთ. იგი  მიუთითებს, რომ სიცოცხლე და სიკვდილი, ორგანული და არაორგანული არ არის ქიმიურად სრულიად განსხვავებული ანდა ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული. თანამედროვე მოლეკულურ ბიოლოგიაში ძალზე მცირე მტკიცებულება თუ მოიპოვება იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ არსებობს წყვეტა სიცოცხლესა და არა-სიცოცხლეს/სიკვდილს/ უსიცოცხლობას/ შორის. პირიქით, ფიზიკურ და ქიმიურ სისტემებს შორის, რომელთაც ჩვენ, შესაბამისად, არაორგანულს და ცოცხალს (ცხოველებსა და მცენარეებს) ვუწოდებთ, არსებობს კონტინუუმი: ქიმიური თვისებები თანდათანობით, გრადუალურადგრადაციებით/ იცვლება სისტემიდან სისტემაზე ისე, რომ არაორგანული ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაიქმნება ცოცხალ ორგანიზმად.

ლტოლვების მიზნებს ფროიდი ობიექტებს უწოდებს. ლტოლვა არის ძალა, რომელიც აქტივობისკენ გვიბიძგებს, ხოლო ობიექტები ამ ლტოლვების მიზნებს წარმოადგენენ. ფროიდის თეორიაში ორ ძირითად ლტოლვას განსხვავებული მიზნები აქვს. ფროიდი (1905) ბავშვობის ლიბიდოზური მიზნების მთელ რიგს ასახელებდა, რომლებიც ეროგენულ ზონებს უკავშირდებოდა. ლიბიდოზური აგზნება და სიამოვნება გენეტიკურად არის დეტერმინირებული კონსტიტუციური ფაქტორებით. პოსტფროიდიანულ ანალიზში დიდ ყურადღებას უთმობდნენ იმის გამოვლენას და ინტერპრეტაციას, თუ რომელი ობიექტები იყო არჩეული ლტოლვით გამოწვეული დაძაბულობის შესამცირებლად.

აგრესიის მიზანი დესტრუქციაა, განურჩევლად ლტოლვის ობიექტისა (Freud, 1920, 1930). ინდივიდის ფანტაზიებსა და წარმოსახვებში დესტრუქცია და სიკვდილი ერთმანეთთან არის გაიგივებული. როგორც ლიბიდოზური, ისე აგრესიული ლტოლვების მიზნებზე გამოცდილება ზემოქმედებს, თუმცა ეს საკითხი არც თუ ისე კარგად აქვს ფროიდს დამუშავებული. ფაქტობრივად, ფსიქოანალიზში წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძლავრი წყარო ფროიდის დაშვებაა, რომ სექსუალურ და აგრესიულ ლტოლვებზე ყველაზე მნიშვენლოვნად არაცნობიერი ფანტაზია ზემოქმედებს, მინიმუმამდე დაჰყავს რა რეალური მოვლენების, მათ შორის, ტრავმის, მნიშვენლოვნება.

ლტოლვის ცნების ფაიარბეარნისეული გადასინჯვა და ობიექტი - ურთიერთობის თეორია

ფროიდის თეორიის ყველაზე რევოლუციურ და მნიშვენლოვან გადასინჯვაში რონალდ ფაიარბეარნი (1952) გამოთვამს მოსაზრებას, რომ არსებობს ლტოლვა, რომელსაც ის ობიექტთან მიმართებას უწოდებს. იგი თვლის, რომ ობიექტთან მიმართების ლტოლვა ადამიანის მოტივაციის ბირთვს ქმნის. მან შეცვალა ბავშვის განვითარების ცენტრალური კონფლიქტების კონფიგურაცია: შფოთვა უკანა პლანზე გადაანაცვლა, ხოლო წინა პლანზე დამოკიდებულების კონფლიქტები წამოწია. ფაიარბეარნისთვის სიამოვნება ობიეტთან მიმართების თანმხლები მოვლენაა, განსხვავებით ფროიდის მოსაზრებისგან, რომ ადამიანის ქცევის მოტივაციის ძირითად წყაროს სიამოვნების პრინციპი წარმოადგენს. თუ ობიექტთან მიმართებას თან ახლავს სიამოვნება, მაშინ ის ობიექტთან მიმართების შედეგია და არა — მოტივაციის პირველადი წყარო. ამასთან, ფაიარბეარნი ამტკიცებს, რომ როდესაც სიამოვნების პრინციპი მოტივაციის პირველადი წყაროა, მწვავე ფსიქოპათოლოგიის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ამგვარად, სიამოვნების პრინციპი მთლიანობაში მაფრუსტრირებელი, მადეპრივირებელი და წინააღმდეგობრივი ადრეული გარემოს დაშლის პროდუქტია. თუ ბავშვის დამოკიდებულების მოთხოვნები მეტ-ნაკლებად სათანადოდ კმაყოფილდება, მაშინ სიამოვნება თან ახლავს ობიექტებისადმი ბუნებრივ მოძრაობას.

ფაიარბეარნი (1952) აგრესიის ლტოლვის ადამიანის ფუნქციონირებისთვის თანდაყოლილობის მოსაზრებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მას იგი გარემოსთან ურთიერთობაში მარცხის მეორად შედეგად მიიჩნევდა. სხვა სიტყვებით, აგრესია სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას განცდილი ფრუსტრაციის შედეგია და არა — პირველადი ლტოლვა თავისთავად. ამ იდეის ირგვლივ აგებს თავის სელფფსიქოლოგიას ჰეინც კოჰუტი (Heinz Kohut, 1971), რომელიც ამტკიცებს, რომ აგრესია მშობლების მხრიდან ემპათიის მიუღებლობის შედეგია, რასაც კომპენსატორულ ფსიქოლოგიურ სტრუქტურებამდე, ძირითადად, ხასიათის ნარცისისტულ სტურქტურასთან, მივყავართ.

დონალდ ვინიკოტმა (Donald Winnicott, 1971) ერთგვარი ხიდის ფუნქცია იტვირთა. მისთვის ფროიდისეული ლიბიდოზური და აგრესიული ლტოლვებიც მისაღები იყო და ობიეტთან მიმართებისკენ ბუნებრივი ლტოლვაც. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Brenner, C. ( 1982). The mind in conflict. New York: International Universities Press.

Fairbairn. R. ( I952). Psychoanalytic studies in personality. London: Routledge.

Freud, S. ( 1 905). Three es:;ays on the theory of sexuality. Standard Edition (Vol. 7, 125-245).

Freud, S. (1915). Instincts and their vicissitudes. Standard edition (Vol. 1 4 , I09-14D).

Freud. S. ( 1920). Beyond the pleasure principle. Standard Edition (Vol. I II . pp. 1-6 4).

Freud, S. ( 1 924). The dissolution of the Oedipus complex. Standard edition (Vol. 1 9. pp. I73- 1 79).

Freud, S. ( 1 933). New introductory lectures on psychoanalysis. Standard edition (Vol. 22. pp. 1-1 82).

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.

Kohut, H. ( 1971). The analysis of the self. New York: International Universities Pres s.

Winnicott, D. (I97I). Playing and reality. Middlesex, UK: Penguin.

კატეგორია: 
ავტორები: