პიროვნების ასპექტი, რომელიც საზოგადოებრივი ღირებულებების, სტანდარტებისა და მორალის ინტერნალიზაციას წარმოადგენს. ფსიქოანალიტური თეორიის მიხედვით, სუპერეგო სინდისის, იდეალების, ღირებულებებისა და მორალური კოდის სამყოფელია. ეს დიდწილად, მაგრამ არა სრულად არაცნობიერი სტრუქტურაა და აფექტური მდგომარეობების, უპირატესად, სირცხვილისა და დანაშაულის განცდის, წყაროს წარმოადგენს.
იმისათვის, რომ ადამიანმა ეფექტურად იფუნქციონეროს საზოგადოებაში, მას უნდა ჰქონდეს გარემოსთვის მისაღები და ადეკვატური ღირებულებისა და ეთიკური ნორმების სისტემა. ამ საზოგადოებრივი ღირებულებებისა და, ზოგადად, საზოგადოების, წარმომადგენლები, როგორც წესი, მშობლები არიან. მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ღირებულებათა სისტემა და წარმოდგენები იმის შესახებ, რომელია ქცევის, აზროვნებისა და გრძნობების მართებული და არამართებული გზები. ეს მორალური ღირებულებები მეტ-ნაკლებად საერთოა ამა თუ იმ საზოგადოების მოზრდილი წევრებისთვის. ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ისინი მშობლებიდან შვილებს გადაეცემა, ამიტომ შედეგად თაობებს შორის მნიშვნელოვან უწყვეტობას ვიღებთ (Nye, 2000). ცოდნას ამ ღირებულებების შესახებ ბავშვი სიციალიზაციის პროცესში ანუ ფსიქოანალიზის სტრუქტურული მოდელის ენით რომ ვთქვათ, სუპერეგოს ფორმირებით იძენს.
ფროიდის თეორიაში სუპერეგო განვითარებადი პიროვნების ბოლო კომპონენტია და ქცევის სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ნორმების ინტერნალიზირებული ვერსიაა. სუპერეგო პიროვნების მორალური ძალაა; ის იდეალი უფროა, ვიდრე რეალობა და სრულყოფილების მიღწევას უფრო ემსახურება, ვიდრე სიამოვნებას. მისი ძირითადი ამოცანა, საზოგადოების მიერ სანქცირებული მორალური სტანდარტებიდან გამომდინარე, რაიმეს სისწორე-მცდარობის შეფასებაა, (John, et. al., 2008).
ფროიდის აზრით, ადამიანი არ იბადება სუპერეგოთი. ბავშვები მას მშობლებთან, მასწავლებლებთან და სხვა „მაფორმირებელ” ფიგურებთან ურთიერთქმედების შედეგად იძენენ. სუპერეგო ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევის შედეგად ვითარდება. ეს არის ეგოს „სპეციალური აგენტი,“ მაგრამ პიროვნებაში მესამე ძალას წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთია იმ ძალთა შორის, რომელსაც ეგომ ანგარიში უნდა გაუწიოს (Nye, 2000).
წარმოადგენს რა პიროვნების მორალურ-ეთიკურ ძალას, სუპერეგო ბავშვის მშობლებზე ხანგრძლივი დამოკიდებულების შედეგია. ფორმალურად ის მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვი „სწორისა“ და „არასწორის“ გარჩევას იწყებს; იგებს, რა არის კარგი და ცუდი, ზნეობრივი და არაზნეობრივი (დაახლოებით, სამიდან ხუთ წლამდე). თავდაპირველად, სუპერეგო მხოლოდ მშობლების მოლოდინებს ასახავს იმის თაობაზე, რას წარმოადგენს კარგი და ცუდი ქცევა. ბავშვი სწავლობს თითოეული ქცევის ამ შეზღუდვებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი და სასჯელი. თუმცა, ბავშვის სოციალური სამყაროს გაფართოებასთან (სკოლის, რელიგიისა და თანატოლთა ჯგუფებით) ერთად, სუპერეგოს სფეროც იზრდება იმ ქცევის საზღვრებამდე, რომელიც მისაღებად ითვლება ამ ახალ ჯგუფებში. სუპერეგო შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციუმის „კოლექტიური სინდისის“ ინდივიდუალიზირებული ასახვა, თუმცა, ბავშვის მიერ საზოგადოების რეალურ ფასეულობათა აღქმა შეიძლება დამახინჯებულიც იყოს.
სუპერეგოს ქვესისტემები
ფროიდი სუპერეგოს ორ ქვესისტემად ყოფს: ესაა სინდისი და ეგოიდეალი. სინდისი მშობლებისეული სასჯელით ჩნდება. ის ისეთ ქცევებს უკავშირდება, რომელთაც მშობლები „ურჩ ქცევას“ უწოდებენ და რომლის გამოც, ბავშვი სასჯელს იღებს. სინდისი მოიცავს კრიტიკული თვითშეფასების უნარს, მორალურ აკრძალვებსა და დანაშაულის გრძნობის წარმოქმნას ბავშვში, როდესაც მან ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. სუპერეგოს წამახალისებელ ასპექტს ეგო-იდეალი წარმოადგენს. ის იმისგან ფორმირდება, რასაც მშობლები აქებენ ან მაღალ შეფასებას აძლევენ. მას ინდივიდი საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების წაყენებისკენ მიჰყავს. მიზნის მიღწევა თვითპატივისცემისა და სიამაყის გრძნობას ბადებს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც ახალისებენ სკოლაში მიღწეული წარმატებებისათვის, ყოველთვის იამაყებს თავისი აკადემიური მიღწევებით.
ამ ორი ქვესისტემის ჩამოყალიბების პროცესის მექანიზმს ინტროექციას ანუ ინტერიორიზაციას (გაშინაგნებას) უწოდებენ. ბავშვი იღებს მშობლების მორალურ ნორმებს ანუ მათ ინტროეცირებას ახდენს. ამრიგად, სინდისი სჯის ადამიანს და აიძულებს განიცადოს დანაშაულის გრძნობა, ხოლო ეგოიდეალი აჯილდოვებს და სიამაყით ავსებს მას.
სუპერეგო ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და იშვიათად კმაყოფილდება ნაკლები შედეგით. ის, იდის მსგავსად, არარეალისტურია და თუ ძალზე მძლავრობს პიროვნებაში ანუ იმდენად ბევრ ფსიქიკურ ენერგიას იძენს, რომ მართავს პიროვნებას, ის პრაქტიკულად სრულ დომინირებას აღწევს იდსა და ეგოზე, წარმოქმნის რა დანაშაულის ინტენსიურ გრძნობას, აკავებს იდის ინსტინქტებს და აფერხებს ეგოს მიერ რეალურ სამყაროში სიამოვნების მიღწევის მცდელობას. „დასაშვები“ და „დაუშვებელი“ მოქმედებების რაოდენობა და ინტენსიობა შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ ეგოს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მოსაბრუნებელი ადგილი აღარ დარჩეს და პიროვნების კუთხეში მიიყუჟოს, აღარ მოახდინოს რეაგირება იდის მიერ წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებასა და არაფექტური იყოს რეალობის მოთხოვნების წინაშე.
მორალურ კონტინუუმზე უამრავი შუალედური პოზიცია თავსდება, უკიდურესად შეკავებული და შეზღუდული პიროვნებით ერთ ბოლოზე და უაღრესად ფსიქოპათიურით მეორეზე. ამ კონტიმუუმზე სადღაც არის საუკეთესოდ მორგებული წერტილი, რომელზეც კარგად დაბალანსებული პიროვნება ხვდება. ცხადია, პრობლემურია ამ წერტილის ზუსტად განსაზღვრა. ფროიდი თვლიდა, რომ ძლიერი ეგო მნიშვნელოვანია პიროვნების კარგი ფუნქციონირებისთვის. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სუპერეგო არ უნდა მართავდეს პიროვნებას. როდესაც ჩვენ, როგორც მოზრდილი, მოწიფული ადამიანები, ადეკვატურად ვმოქმედებთ, მაშინ სუპერეგო მორალური გამყოლის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მის მითითებებს არ აღვიქვამთ რეალისტურად და აუცილებლობით არ ვიღებთ. შეგვიძლია, უარვყოთ ისინი ჩვენში არსებული სხვა გრძნობების და, ასევე, გარემოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების საფუძველზე (Nye, 2000).
თვითკონტროლი
სუპერეგო მთლიანად ჩამოყალიბებულად ითვლება, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ცვლის. თუმცა, თვითკონტროლის ეს პრინციპი არ ემსახურება რეალობის პრინციპს. ესწრაფვის რა იდისგან მომდინარე საზოგადოებისთვის მიუღებელი ნებისმიერი იმპულსის მთლიანად დამუხრუჭებას, სუპერეგო ცდილობს ადამიანის წარმართვას აზრების, სიტყვებისა და ქცევების აბსოლუტური სრულყოფილებისაკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ცდილობს ეგოს დარწმუნებას, იდელისტური მიზნების უპირატესობაში რეალისტურთან შედარებით.
თვითკონტროლის ძირითადი ფუნქციებია: (1) იდის იმპულსების, კერძოდ, სექსუალური და აგრესიული ხასიათის იმპულსების შეკავება, რამეთუ მათ გამოვლენას კიცხავს საზოგადოება; (2) ეგოს „დაყოლიება“ იმაზე, რომ რეალისტური მიზნები იდეალურით შეცვალოს; (3) ბრძოლა სრულყოფილებისათვის.
ამგვარად, სუპერეგო ოპოზიციაშია იდთან და ეგოსთან და სამყაროს შენებას თავისი წარმოდგენებითა და ხატებით ცდილობს. აღსანიშნავია, რომ სუპერეგო იდს ჰგავს თავისი ირაციონალურობით და ეგოს — ლტოლვების კონტროლისკენ სწრაფვით. ეგოსგან განსხვავებით, სუპერეგო, უბრალოდ. დროში კი არ სწევს ინსტინქტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ მუდმივად ახდენს მათ ბლოკირებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.
De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.
John, O. P., Robins, R. W., Pervin, L. A. (2008). Handbook of Personality: Theory and Research, 3rd edition. Ney York, London: The Guilford Press.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. I.
Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.