ყურადღება არის კოგნიტური პროცესი, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ფოკუსირებას ხელმისაწვდომი პერცეპტული ინფორმაციის რომელიმე ნაწილზე.
ყურადღების შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში დაიწყო, თუმცა მხოლოდ XIX საუკუნეში გახდა მეცნიერული შესწავლის საგანი. სტრუქტურალისტებისთვის (ტიტჩენერი და ვუნდტი) ყურადღება სენსორული პროცესების სიცხადე იყო. ამის საპირისპიროდ, ჯემსი მის ფუნქციონალურ მნიშვნელოვნებაზე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ ჩვენ ირგვლივ ერთდროულად უამრავი საგანია, რომელიც ვერ ხვდება ჩვენს ცნობიერ გამოცდილებაში იმის გამო, რომ არ გვაინტერესებს.
1900-იანი წლების დასაწყისში ყურადღება აქტიური კვლევის სფერო იყო, მაგრამ ამერიკაში ბიჰევიორიზმისა და ევროპაში გეშტალტფსიქოლოგიის განვითარებამ შეამცირა მისდამი ინტერესი. თუმცა II მსოფლიო ომის შემდეგ ყურადღება ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრში ხელახლა აღმოჩნდა, რაც გეშტალტფსიქოლოგიური და ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიური სკოლების დასუსტების, ტვინის ფუნქციონირების შესახებ წარმოდგენების ცვლილებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების შედეგი იყო.
პერცეპტული შერჩევითობა/სელექციურობა
როგორ ირჩევენ ადამიანები საგნებს, რომლებიც მათი ყურადღების ცენტრში ექცევიან? განარჩევენ მიზნით მართულ სელექციას და სტიმულით გამოწვეულ ყურადღების მიპყრობას. ორივე პროცესი განსაზღვრავს იმას, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები შემომავალი სენსორული ინფორმაციის რაღაც ნაწილს შემდგომი გადამუშავებისთვის. მიზნით მართული სელექცია ადამიანის მიზნებიდან გამომდინარე ხდება, ხოლო სტიმულით გამოწვეული ყურადღების მიპყრობა მაშინ ხდება, როდესაც სტიმულების ნიშნები (ანუ საგნები გარემოში) ავტომატურად იპყრობენ ყურადღებას, ადამიანის კერძო მიზნებისგან დამოუკიდებლად. მაგალითად, თუ ქუჩას მიუყვებით და აქეთ-იქით იყურებით წითელი კარის ძებნაში, ეს მიზნით მართული სელექცია იქნება, ხოლო თუ შუქნიშნის წითელ ფერს მწვანე ცვლის და ამ დროს თქვენ, საჭესთან მჯდომი, შუქნიშანზე ხართ გაჩერებული და გუშინდელ საღამოზე ფიქრობთ, შუქნიშნის ცვლილება განსაკუთრებული კონცენტრაციის გარეშეც მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ეს სტიმულით გამოწვეული ყურადღების მიპყრობა იქნებოდა.
ბროუდბენთმა (1958) წამოაყენა ყურადღების ფილტრის თეორია (იხ. სურათი). იგი ტვინს საკომუნიკაციო არხს ადარებდა, რომელიც აქტიურად გადაამუშავებს და გადასცემს ინფორმაციას და რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამის გამო, საჭიროა, რომ მკაცრად დარეგულირდეს შემავალი სენსორული ინფორმაციის ცნობიერებაში გადასვლა. ყურადღება ავიწროებს კოგნიტურ სისტემაში შემავალი ინფორმაციის ნაკადს, ფილტრავს მის გარკვეულ ნაწილს და დანარჩენ ინფორმაციას შემდეგ საფეხურზე უშვებს. ამ თეორიის მიხედვით, შემომავალი ინფორმაციის სელექცია მიsი მნიშვნელობის წვდომამდე ხდება. ამიტომ, ის ადრეული სელექციის მოდელის სახელით არის ცნობილი.
ამ მოდელის შესამოწმებლად წარმოებულ კლასიკურ კვლევაში დიქოტომიური მოსმენის მეთოდი გამოიყენეს. კვლევის მონაწილეებს უკეთიათ ყურსასმენები, როლებშიც ერთდროულად ორ სხვადასხვა ინფორმაციას ისმენენ. მათ ეძლევათ ინსტრუქცია რომ ექსპერიმენტატორს მხოლოდ ერთ-ერთი შეტყობინება გადასცენ და არ მოუსმინონ მეორე ყურში მიწოდებულ ინფორმაციას (ამ პროცედურას ყურადღებამიქცეული ინფორმაციის დაჩრდილვას უწოდებენ).
შემდგომმა კვლევამ ფილტრის თეორია ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მსმენელი ისეთ მომენტებს იხსენებდა, რომელთა გახსენებასაც ვერ შეძლებდა, ყურადღებას რომ მთლიანად გაეფილტრა იგნორირებული მასალა, კერძოდ, ერთ-ერთ კვლევაში (Moray, 1959) თუ უყურადღებოდ დატოვილ ყურში მიწოდებულ ინფორმაციას კვლევის მონაწილის საკუთარი სახელი უძღოდა წინ, მკვეთრად იზრდებოდა მიწოდებული შეტყობინების გაგონებისა და აღდგენის ალბათობა. ამ ფენომენს, რომელსაც შემდგომში კოქტეილის წვეულების ფენომენი უწოდეს, ორი ალტერნატიულ ახსნა მოეძებნა. ტრეისმანმა ივარაუდა, რომ ფილტრი სრულად კი არ ბლოკავს უყურადღებოდ დარჩენილ ინფორმაციას (როგორც ფიქრობდა ბროუდბენთი), არამედ მხოლოდ ასუსტებს მას. დოიჩმა და დოიჩმა კი, საერთოდ, უარყვეს ადრეული სელექციის მოდელი და ამტკიცებდნენ, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ფილტრის მექანიზმის შემოტანა. ისინი ფოქრობდნენ, რომ შემოსული ინფორმაცია ერთნაირად გაანალიზდება განურჩევლად იმისა, მიექცა ყურადღება თუ არა. ეს მიდგომა გვიანი სელექციის მოდელის სახელით არის ცნობილი, რადგან ითვლება, რომ ის მხოლოდ პერცეპტული ანალიზის დასრულების შემდეგ იწყებს მოქმედებას.
ლავისა და ცალს (1994) ეკუთვნით კომპრომისული მოდელი, რომელიც ადრეული და გვიანი სელექციის მიდგომი ნაზავია. ავტორები მიუთითებენ, რომ გვიანი სელექციის ემპირიული მტკიცებულებები ისეთი სიტუაციებიდან არის აღებული, რომლებშიც მხოლოდ მცირე რაოდენობის სტიმულებია წარმოდგენილი (რასაც ისინი მსუბუქ პერცეპტულ დატვირთვას უწოდებენ). როდესაც გადამუშავების შესაძლებლობა უფრო მეტია, ვიდრე რელევანტური გადასამუშავებელი სტიმული, ეს ჭარბი შესაძლებლობა ავტომატურად გამოიყენება სიტუაციაში მოცემული ნებისმიერი ირელევანტური სტიმულის გადასამუშავებლადაც. ამის საპირისპიროდ, ადრეული სელექციის მაგალითები ისეთ სიტუაციებში გვხვდება, რომლებშიც პერცეპტული დატვირთვა დიდია. როდესაც გადამუშავების შესაძლებლობა სრულად იტვირთება რელევანტური სტიმულის მოთხოვნებით, არარელევანტური სტიმულები უბრალოდ უყურადღებოდ და გადამუშავების მიღმა რჩება.
ყურადღების განაწილება
როგორც ჯემსი ფიქრობდა, დამკვირვებელს შეუძლია სელექციურად/შერჩევითად მიაქციოს ყურადღება მისთვის საინტერესო შემავალ ინფორმაციას. თუმცა საინტერესოა ერთ ჯერზე ნამდვილად ერთი მოვლენით შემოიფარგლება ადამიანის ყურადღების მოცულობა თუ არა. სხვა სიტყვებით, რამდენად შესაძლებელია ყურადღების განაწილება ანუ ერთდროულად ერთზე მეტი საქმის კეთება. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანებს, ასე თუ ისე, შეუძლიათ ერთდროულად ორი რთული ამოცანის შესრულება, თუმცა, რეალურად საქმე ისაა, რომ ყურადღების განაწილების უნარი იმ ორი საქმის თავისებურებებზეა დამოკიდებული, რის შესრულებაზეც ვსაუბრობთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Broadbent. D. E. ( 1 958). Perception and communication. London: Pergamon Press.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Lavie. N . . & Tsal. Y. ( 1 994). Perceptual load as a major determinant of the locus of selection in visual attention. Perception (-, Psychophysics. 56. 1 8 3-I97.