ფიქსაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Fixation

მდგომარეობა, როცა ადამიანი ისეთ ობიექტებსა თუ მოქმედებებზე მიჯაჭვული რჩება, რომლებიც ფსიქოსექსუალური განვითარების ადრეულ საფეხურს უფრო შეესაბამება.

ფიქსაციის ცნება ლტოლვასა და მის იდეატორულ რეპრეზენტაციებს (მის ობიექტებს) შორის გარკვეული სახის კავშირს მოიაზრებს. ეს კავშირი შეიძლება აღიწეროს: (ა) ეკონომიკურ დონეზე, როგორც ენერგიის საერთო ბრუნვიდან ლიბიდოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობის ამოღება; (ბ) დინამიკურ დონეზე, როგორც მოცემული ლტოლვის სიხისტე ანუ მობილობის დაკარგვა; (გ) ტოპოგრაფიული დონეზე, როგორც არაცნობიერში გადატანილი კავშირი.

ფროიდის ნაშრომებში ფიქსაციის იდეა თეორიულად ოთხ სხვა ცნებას უკავშირდება, ესენია: ტრავმატიზმი, რეგრესია, განდევნა და პრედისპოზიცია. ამ თანმიმდევრობით დაამუშავა ფროიდმა ფიქსაციის ცნება. ეს ტერმინი პირველად ფროიდის პირველ ნაშრომში ჩნდება, რომელშიც დაცვის ფსიქონევროზზეა საუბარი, დაახლოებით „ისტერიის კვლევის“ (1895d) გამოჩენის პერიოდში. იგი წერს: „ტრავმატული ნევროზები ნათლად მიგვითითებენ, რომ მათ საფუძვლად ტრავმული მოვლენის მომენტზე ფიქსაცია დევს“ (1916-17a, გვ. 274). ტრავმაზე ფიქსაციით აიხსნება ნევროტული აშლილობა და ის, რომ პაციენტს არ შეუძლია ტრავმული მოვლენების აფექტურ კომპონენტთან გამკლავება. ამგვარად, ფიქსაციის პირველ ვერსიაში, უპირატესად, ეკონომიკური განზომილება დომინირებს.

შემდეგ ფიქსაციის ცნება „სამ ესეში“ (1905d) ჩნდება, სადაც ფროიდი წერს, რომ განვითარების რომელიმე ადრეულ სტადიაზე ნაწილობრივ დარჩენის დროს, რასაც ის ფიქსაციას უწოდებს, ძალზე იოლად არის შესაძლებელი რომელიმე ამ სტადიათაგანზე დაბრუნება ანუ რეგრესია.

მესამე კონტექსტში ფიქსაცია დანიელ პოლ შრებერის შემთხვევის განხილვისას ჩნდება: „ლიბიდოს ჩვენთვის საინტერესო ნაკადი მოგვიანებით შექმნილ ფსიქოლოგიურ სტრუქტურებთან მიმართბაში ისე იქცევა, თითქოს ის არაცნობიერის სისტემას ეკუთვნოდეს; თითქოს განდევნილი იყოს“ (1911c, გვ. 66). ფროიდისთვის ლტოლვის კომპონენტის ფიზიკური რეპრეზენტაციები ფიქსაციის ობიექტებია, რომელიც შემდგომში არაცნობიერში განიდევნება. ანალოგიურად, სიმპტომების ფორმირებისას განდევნილის ცნობიერში დაბრუნების პროცესში ფიქსაციის იმ წერტილამდე ჩავდივართ, რომლამდეც ლიბიდო რეგრესირდა. ამგვარად, ფროიდისთვის ფიქსაცია წარმოადგენს პრედისპოზიციას, როგორც ფაქტორს, ნევროზების ეტიოლოგიაში.

ფიქსაცია და რეგრესია განვითარებისას

ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიების წარმატებით გავლა (მცირეოდენი ფსიქოლოგიური კონფლიქტებით ან დაძაბულობებით) თითოეულ მათგანზე მიღებული დაკმაყოფილების ოპტიმალურ რაოდენობას საჭიროებს — არც ძალიან ბევრს და არც ძალიან ცოტას. თუ მოცემულ სტადიაზე ბავშვი მოჭარბებულ დაკმაყოფილებას იღებს, მაშინ ის შეიძლება შეეწინააღმდეგოს შემდეგ სტადიაზე გადასვლას. თუ დაკმაყოფილება ძალზე მცირეა, მაშინ ფრუსტრაციამ და შფოთვამ შეიძლება შეაფერხოს შემდგომი განვითარება. მაგალითად, სიცოცხლის პირველ წელიწადში ორალური დაკმაყოფილების განუსაზღვრელმა რაოდენობამ შეიძლება ამ სტადიაზე ფიქსაცია გამოიწვიოს. ამის შედეგად პიროვნების განვითარება შეიძლება არასრული იყოს და მოზრდილობაში ამ პიროვნებამ განაგრძნოს სხვებზე სრულად დამოკიდებულად ცხოვრება და ძალზე ოპტიმისტურად იყოს განწყობილი მისი ყველა სურვილის დაკმაყოფილების პერსპექტივის თვალსაზრისით (მუდმივად ჰქონდეს მოლოდინი, რომ ყველა სურვილი აუსრულდება). მეორე მხრივ, თუ ჩვილი დეპრივირებულია ამ პერიოდში, მისი ფიქსაციის შედეგი საკუთარ თავზე კონცენრირებულობა, მომთხოვნელობა და სხვებისადმი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება იქნება.

ამრიგად, ფროიდის თეორიული მოსაზრებები ორ ფაქტორს — ფრუსტრაციასა და ზემზრუნველობას — ემყარება. ფრუსტრაციის შემთხვევაში მშობლები ან აღმზრდელები კრძალავენ ბავშვის ფსიქოსექსუალურ მოთხოვნილებებს (მაგალითად, წოვას, კბენას ან ღეჭვას) და ამიტომ ეს მოთხოვნილებები ვერ აღწევენ ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. მშობლების მხრიდან ზემზრუნველობის შემთხვევაში კი ბავშვს მცირედ თუ (ან საერთოდ არ) ეძლევა საკუთარი შინაგანი (მაგალითად, გამოყოფის) ფუნქციების მართვის საშუალება, რაც მასში დამოკიდებულობისა და არაკონპეტენტურობის გრძნობის ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. ფროიდი ვარაუდობდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთია: ლიბიდოს მოჭარბებული რაოდენობის დაგროვება, რაც შემდგომში, მოწიფულ ასაკში შეიძლება „დალექილი“ ქცევის (ხასიათის შტრიხების, ღირებულებების, განწყობების) სახით გამოვლინდეს, რომელიც იმ ფსიქოსექსუალურ სტადიასთან იქნება კავშირში, რომელზეც განხორციელდა ფრუსტრირება ან ზემზრუნველობა.

ფსიქოანალიტურ თეორიაში მნიშვნელოვანი ცნებაა რეგრესია ანუ ფსიქოსექსუალური განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე დაბრუნება და ამ უფრო ადრეული პერიოდისათვის დამახასიათებელი ქცევის განხორციელება. მაგალითად, მოზრდილი ადამიანი შეიძლება ძლიერ რეგრესირდეს სტრესის სიტუაციაში, რასაც თან დაერთვება ცრემლები, თითის წოვა, რაიმეს (ალკოჰოლიანის) დალევის სურვილი. ასევე, უკვე ვიცით, რომ ფროიდის მიმდევრები რეგრესიასა და ფიქსაციას ურთიერთშემავსებელ მოვლენებად მიიჩნევენ, ვინაიდან რეგრესიის განხორციელების ალბათობა, ძირითადად, ფიქსაციის ძალაზეა დამოკიდებული. ფიქსაცია იმ სტადიისათვის დამახასიათებელი მოთხოვნილებების მოჭარბებულად გამოხატვას იწვევს, რომელზეც მოხდა ფიქსაცია. ფიქსაციის მიზეზი ხდება ისეთი მოვლენები, რომლებთანაც გამკლავება ბავშვის უნარებს აღემატება. ასეთ მოვლენებს ფსიქიკურ ტრავმას უწოდებენ, სექსუალური ძალადობისა და ადრეულ ასაკში მოზრდილთა სქესობრივი აქტის ნახვის ჩათვლით. მაგალითად, 10 წლის ბიჭთან თითის დაბეჯითებული წოვა ორალურ სტადიაზე ფიქსაციის მანიშნებელია. ამ შემთხვევაში ლიბიდოს ენერგია განვითარების უფრო ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელ აქტივობაში ვლინდება.

რაც უფრო ნაკლებად წარმატებულად ახერხებს ადამიანი ამა თუ იმ ასაკობრივი პერიოდის მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და ამოცანებისადმი გამკლავებას, მით მეტია მომავალში რეგრესიის ალბათობა ემოციური ან ფიზიკური სტრესის პირობებში. ამგვარად, თითოეული ინდივიდის პიროვნების სტრუქტურა ფსიქოსექსუალური განვითარების შესაბამისი სტადიის კატეგორიებით ხასიათდება, რომელსაც მიაღწია მან ან რომელზეც მოხდა ფიქსაცია.

განვითარების პროცესის კონტექსტში „ფიქსაცია“ ნიშნავს იმას, რომ ლიბიდოს ენერგიის ნაწილი ადრეული ფსიქოსექსუალური სტადიის საზრუნავებზე იხარჯება და არ გადანაცვლდება შემდგომ სტადიებზე. მაშასადამე, სრული პიროვნული განვითარება ყველაზე მოწიფულ (გენიტალურ) სტადიამდე შეკავებულია. ამიტომ მოთხოვნილებები, გარკვეულწილად, ისევ უმწიფარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფიქსაციები შეიძლება შედარებით უმნიშვნელო ან, პირიქით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, კონკრეტული სტადიის ვითარებიდან და ინდივიდის რეაქციებიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს ამჩნევია ბავშვობის მცირეოდენი ფიქსაციების კვალი. ასეთი სავარაუდო ორალური ფიქსაციებია ჭარბი რაოდენობით საკვების მიღება, მოწევა, ბევრი ლაპარაკი, ზომიერზე მეტი სასმელის მიღება და ფრჩხილების კვნეტა. ისეთი ნიშნები, როგორებიცაა, სიძუნწე, სიჯიუტე და სისუფთავესა და წესრიგზე ზედმეტი ზრუნვა შეიძლება ანალურ სტადიაზე მკაცრ ტუალეტის ვარჯიშზე ფიქსაციაზე მიგვითითებდეს. ბავშვის მიერ ფეკალური მასების შეკავების ჩვევა შეიძლება გაზვიადდეს და ეს მახასიათებელი სხვა ქცევებზეც გენერალიზირდეს. თუ ბავშვს სირცხვილისა და დანაშაულის განცდას ახვევენ თავს მასტურბაციისა და სექსუალური ხასიათის ფანტაზიების გამო ფალოსურ სტადიაზე, დაუცველობა და შფოთვა შეიძლება განვითარდეს. მოზარდობაში ის, შესაძლოა, ძალზე აგრესიული იყოს, საკუთარი თავის ხელსაყრელი მხრიდან წარმოჩენის ტენდენციით და ტრაბახისკენ მიდრეკილებით ხასიათდებოდეს, რათა საფუძვლმდებარე, საკუთარი თავის შესახებ აკვიატებული ეჭვები და შფოთვა დაფაროს.

ტრავმულ მოვლენებზე ფიქსაციას უფრო შორს მიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე პიროვნული მახასიათებელი ან რომელიმე კონკრეტული ჩვევაა. როდესაც ტრავმული სტრესი აღემატება დანარჩენ პიროვნებაში ტრავმული გამოცდილების ინტეგრირების უნარს, ის ჩვეულებრივი ცნობიერებიდან ასე განცალკევებულად, დისოცირებულად რჩება. ასეთი დისოციაციები ისეთი კლინიკური მდგომარეობის სახით იჩენენ მოგვიანებით თავს, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. დისოციაციის ერთ-ერთი უკიდურესი გამოვლინებაა დისოციაციური აშლილობები.

ფიქსაციის ეფექტი

ფსიქოანალიზის მიხედვით, განვითარების ფალოსურ სტადიაზე ფიქსაცია პრობლემებს უქმნის სუპერეგოს ფორმირებას, გენდერულ-როლურ იდენტობასა და სექსუალობას, სექსუალური შეკავების, მოუწესრიგებელი კავშირებისა და ჰომოსექსუალობის ჩათვლით. ისტორიულად, ფროიდი ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი გასაგებია, ვინაიდან ყველა ადამიანისთვის თანდაყოლილი ორივე სქესისადმი მიზიდულობა (ბისექსუალობა), მაგრამ ჰეტეროსექსუალური შედეგი უფრო მოწიფული და ჯანსაღია (Gay, 1989). გენდერული როლების იდენტიფიკაციასთან (ანუ ქალის ან მამაკაცის ქცევის კულტურულად დადგენილი სტანდარტების მიღებასთან) დაკავშირებული პრობლემები ამ სტადიაზე წარმოქმნილ სიძნელეებში შეიძლება იღებდნენ სათავეს. ეს კლასიკური ფორმულა უშვებს, რომ ჯანმრთელი ადამიანები ითვისებენ კულტურის მიერ განსაზღვრულ გენდერულ ნორმებს; ეს არ უშვებს შესაძლებლობას, რომ თავად ეს ნორმები საჭიროებენ ცვლილებას. ბოლო პერიოდში ფსიქოანალიტიკოსები შეეცადნენ, აღეწერათ ოიდიპოსის კონფლიქტის დინამიკა, რომელსაც ჰომოსექსუალ მამაკაცების  შემთხვევას მოარგებდნენ (Lewes, 1998). 

ფალოსურ სტადიაზე გარკვეულწილად დაფიქსირებული მამაკაცები უხეშები და ტრაბახები არიან. ისინი ესწრაფვიან წარმატებას და მუდმივად ცდილობენ საკუთარი მამაკაცურობისა და სქესობრივი სიმწიფის დამტკიცებას. ისინი არწმუნებენ სხვებს, რომ „ნამდვილი მამაკაცები“ არიან. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა ქალთა დაუნდობელი დამორჩილებაა (დომ ჟუანის ტიპის ქცევა).

ფალოსურ ფიქსაციას ქალებთან, როგორც აღნიშნავდა ფროიდი, ფლირტისა და მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირებისადმი მიდრეკილებამდე მივყავართ, თუმცა, ისინი შეიძლება, სრულიად გულუბრყვილოდ და უწყინარად გამოიყურებოდნენ სექსუალური თვალსაზრისით. ზოგიერთი ქალი, პირიქით, შეიძლება მამაკაცებზე ბატონობისათვის იბრძოდეს ანუ ზედმეტად დაბეჯითებული, თვითდაჯერებული და დირექტიული იყოს. ფროიდის მიხედვით, იოდიპოსის კომპლექსის გადაუჭრელი პრობლემები შემდგომში ნევროტული ქცევის (განსაკუთრებით კი, იმპოტენციასა და ფრიგიდულობასთან დაკავშირებული) მოდელების ძირითად წყაროდ გადაიქცევა.

ფროიდი თვლიდა, რომ პიროვნება, ძირითადად, პირველი სამი (ორალური, ანალური, ფალოსური) ფსიქოსექსუალური სტადიის ფარგლებში ფორმირდება, როდესაც ყალიბდება ლიბიდოიზურ იმპულსებთან გამკლავების ეგოს ბაზისური მექანიზმები. თუ ფიქსაცია ხდება, მაშინ წარმოქმნილი კონკრეტული ნევროზები იმ სტადიაზეა დამოკიდებული, რომელზეც გაუარესდა განვითარება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება ფიქსაცია, მით სერიოზულია შედეგად მიღებული ზიანი და აშლილობა. ფროიდი ფიქრობდა, რომ შიზოფრენია (დღევანდელი ტერმინოლოგიით შიზოფრენიული აშლილობა), პარანოია ანუ ობსესიური ნევროზები (თანამედროვე ტერმინოლოგიით ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) და ისტერია პირველ სამ სტადიაზე მომხდარი სერიოზული ფიქსაციის შედეგია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 1. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S., and Breuer, J. (1895d). Studies on hysteria. SE, 2: 48–106.

Freud, S. (1905d). Three essays on the theory of sexuality. SE, 7: 123–243.

Freud, S. (1911c). Psycho-analytic notes on an autobiographical account of a Case of paranoia (dementia paranoides). SE, 12: 1–82.

Freud, S. (1916–1917f). A metapsychological supplement to the theory of dreams. SE, 14: 217–235.

Gay, P. (ed.). (1989). The Freud Reader. New York, London: Norton and Company.

Lewes, K. (1998). A special oedipal mechanism in the development of male homosexuality. Psychoanalytic Psychology, Vol. 15(3), pp. 341-359.

Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.

კატეგორია: 
ავტორები: