გენდერული როლების სამეცნიერო შესწავლის დაწყება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სექსოლოგ ჰევლოკ ელისსა და ფსიქიატრ ზიგმუნდ ფროიდს უკავშირდება. ისინი დაინტერესდნენ სქესით, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებით, რომელთა სექსუალური სურვილებიც იმ დროის კულტურულად განპირობებულ გენდერულ როლებს არ შეესაბამებოდა.
გედნერული როლები სხვადასხვა კულტურის მიერ განპირობებულ ქცევებს გულისხმობს, რომლებიც მასკულინურად ან ფემინურად არის მიჩნეული. ზოგიერთი კულტურა გენდერის კატეგორიას ბიოლოგიურ სქესთან მჭიდროდ კავშირში განიხილავს. ამ მოდელის მიხედვით, მიჩნეულია, რომ სტერეოტიპულად მასკულინური ქცევები მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო სტერეოტიპულად ფემინური ქცევები - მხოლოდ ქალებისათვის; ითვლება, რომ გენდერული როლები ქალისა და მამაკაცის ისეთ ბიოლოგიურ თავისებურებებს ემყარება, როგორებიცაა ფიზიკური ძალა ან ბავშვის შობის შესაძლებლობა. შესაბამისად, გენდერული როლების ამ თეორიის მიხედვით, ქალებისთვის მეტად დამახასიათებელია მზრუნველობით-აღმზრდელობითი ქცევა, მამაკაცებისათვის კი - აგრესიული, ლიდერული.
მნიშვნელოვანია, რომ გენდერული როლებისათვის დამახასიათებელია იერარქიულობა. ის როლები, რომლებიც სტერეოტიპულად ქალის მახასიათებლად აღიქმება, გაუფასურებულია, ხოლო მამაკაცისა –დაფასებული. მაგალითად, გენდერული როლების დაყოფის ნაყოფია ამგვარი გამყარებული რწმენები: მამაკაცები ჭკვიანები არიან, ქალებს კი ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ; მამაკაცი ძლიერია, ქალი - სუსტი და სხვ. ფემინისტი მკვლევრების აზრით, ასეთი რწმენები ხელს უწყობს პატრიარქალურ სისტემაში ქალის ჩაგვრას და მის მეორეხარისხოვან არსებად წარმოჩენას.
თეორიები გენდერული როლების ბიოლოგიურად განპირობებულობის შესახებ ვერ აჩვენებს, როგორ ახერხებენ ადამიანები ორივე გენდერისათვის დამახასიათებელი ქცევების შეთვისებას და ვერ გვაძლევს თანამედროვე საზოგადოებებში ქალებისა და მამაკაცების ქცევების რეალისტურ სურათს. ფაქტია, რომ ერთი ან მეორე გენდერისათვის დამახასიათებლად მიჩნეული თვისებები და ქცევები დროისა და კულტურის მიხედვით იცვლება.
გენდერის მკვლევრები აჩვენებენ, რომ ადამიანები თავიანთი ბიოლოგიური სქესისათვის მიწერილ გენდერულ როლებს ბავშვობიდანვე, სოციალიზაციის პროცესში ითვისებენ. გენდერული როლების ინტერნალიზებას ხელს უწყობს ყველა ინსტიტუტი, რომელთან შეხებაც პიროვნებას ცხოვრების განმავლობაში უწევს: ოჯახი, საბავშვო ბაღი, სასწავლო დაწესებულები, სამუშაო ადგილი და მედია.
გენდერული როლების იმ თეორიას, რომ ეს როლები ადამიანის ბიოლოგიური სქესითაა განპირობებული, ლგბტ ჯგუფებიც უპირისპირდებიან. ლგბტ კულტურაში შობილი დრაგ მეფეებისა და დედოფლების ფენომენი პირდაპირ თავს ესხმის გენდერული როლების ტრადიციულ გაგებას და საზოგადოებას ახალ მოდელს სთავაზობს, სადაც ბიოლოგიურად ქალი ან ბიოლოგიურად მამაკაცი ინდივიდი იცვამს და იქცევა ისე, როგორც კულტურაში საპირისპირო სქესისათვისაა მიღებული.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Adler, L. (1993)International Handbook on Gender Roles, Westport, CT: Greenwood Press.
Brettell, C.,Sargeant, C.(2004)Gender in Cross-Cultural Perspective, 4th edition, New York, Prentice-Hall
Butler, J.(1991)Gender Trouble: Feminism and theSubversion of Identity, New York, Routledge
Lindsey, L.( 2004)Gender Roles: A Sociological Perspective, 4th edition, New York, Prentice-Hall.
Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.1.