პიროვნების პრიმიტიული, არაცნობიერი ნაწილი, რომელიც ირაციონალურად ფუნქციონირებს და იმპულსურად მოქმედებს სიამოვნების მისაღწევად. იდი (გერმანულად das Es) პიროვნების პირველსაწყისი სისტემაა. ეს არის მატრიცა, რომელშიც შემდგომში დიფერენცირდება ეგო და სუპერეგო. იდი მოიცავს ყველაფერს, რაც თანდაყოლილი და მოცემულია დაბადებისას, ინსტინქტების ჩათვლით. იდი მთლიანად არაცნობიერში ფუნქციონირებს და მჭიდროდ უკავშირდება ინსტინქტურ ბიოლოგიურ მისწრაფებებს (იქნება ეს შიმშილი, ძილი თუ გამოყოფა). იგი თავისი ბუნებით ბიოლოგიურია, მჭიდროდ უკავშირდება სხეულებრივ პროცესებს, საიდანაც იღებს ენერგიას. იდი ამ ენერგიის ერთგვარი რეზერვუარია, საიდანაც ენერგიით მარაგდება პიროვნების სტრუქტურის ყველა ინსტანცია. ფროიდი იდის განიხილავდა, როგორც შუამავალს ორგანიზმში მიმდინარე სომატურ და ფსიქიკურ პროცესებს შორის.
გერმანულში es ნეიტრალური უპიროვნებო ნაცვალსახელია. მისი არსებით სახელად (das Es) გამოყენება სრულიად მიღებული ფორმაა.
ფროიდისეული ბევრი ძირითადი ცნების მსგავსად, ფსიქოანალიზის განვითარებასთან ერთად, ტერმინმა არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. ტერმინის ფროიდისეული ვერსია წარმოდგენილია ნაშრომში „ეგო და იდი“, რომელსაც ნაშრომებში: „სიამოვნების პრინციპის მიღმა“ და „ჯგუფის ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, ფროიდი ინსტინქტების თეორიის მესამე ეტაპს უწოდებდა (1920).
ფროიდის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების დანარჩენი ინსტანციები იდისგან ვითარდება, ის თავისთავად პრიმიტიული და არაორგანიზებულია. იგი თვლიდა, რომ იდი ჩვენი პიროვნების ბნელი, მიუწვდომელი ნაწილია. მასზე ინფორმაცია მოპოვებულია სიზმრის მუშაობისა და ნევროტული სიმპტომების წარმოშობის შესწავლით. ეს არის რაღაც ბნელი, ქაოტური, რომელიც არ ემორჩილება კანონებს, წესებს. მისთვის უცხოა ნებისყოფა, შეფასებები, სიკეთე, ბოროტება, მორალი. იდისთვის არ არსებობს აზროვნების ლოგიკური კანონები, პირველ რიგში, წინააღმდეგობის თეზისი. ურთიერთგამომრიცხავი იმპულსები გვერდიგვერდ თანაარსებობენ და, უკეთეს შემთხვევაში, ეკონომიური იძულების გავლენით კომპრომისულ წარმონაქმნებში ერთიანდებიან, ენერგიის განმუხტვის მიზნით. იდისთვის არ არსებობს უარყოფა და დრო: დროის მსვლელობა არ ცვლის ფსიქიკურ პროცესებს. სამუდამოდ იდში დავანებული იმპულსები ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს, მათ არ აქვთ წარსული და მომავალი. მათში წარსულის აღიარება ანუ მათი გაუფასურება და ენერგიისგან დაცლა (ემოციური მუხტის დაკარგვა) მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ანალიზის შედეგად მოხდება მათი გაცნობიერება. ფროიდი იდის „ჭეშმარიტ ფსიქიკურ რეალობას” უწოდებს, ვინაიდან მასში ასახულია სუბიექტურ განცდათა შინაგანი სამყარო და არაფერი იცის ობიექტური რეალობის შესახებ.
გარდა ამისა, იდი არ მოდიფიცირდება ინდივიდის განვითარებისა და ზრდასრულ ასაკამდე მიღწევის და, შესაბამისად, ცენტრალურ მნიშვნელობას ინარჩუნებს ინდივიდის მთელი ცხოვრების მანძილზე. ის არ იცვლება ცხოვრებისეული გამოცდილების გავლენით, ვინაიდან არ აქვს შეხება გარე სამყაროსთან. იდი შეიძლება აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ბრმა მეფეს შევადაროთ, რომელსაც მისი ხელქვეითები მიუთითებენ, როგორ და სად გამოიყენოს ეს ძალაუფლება. მისი შინაარსი პრაქტიკულად მთლიანად არაცნობიერია. ის მოიცავს არაცნობიერ აზრებს, რომლებიც არასოდეს ცნობიერდება, და აზრებს, რომლებიც უარყოფითად და მიუღებლად მიიჩნია ცნობიერებამ. ფროიდის მიხედვით, უარყოფილი და განდევნილი განცდები იმავე ინტენსივობით, ცნობიერის ყოველგვარი კონტროლის გარეშე, მაინც ზემოქმედებენ ადამიანის ქცევაზე.
იდის დინამიკა და დაძაბულობის განმუხტვის მექანიზმები
როდესაც ენერგია გროვდება და იმდენი ხდება, რომ იდი ვეღარ უძლებს და ვეღარ იტევს მას, ეს განიცდება, როგორც დაძაბულობის დისკომფორტული მდგომარეობა. იდის მიზანია ამ დაძაბულობის მდგომარეობის შესუსტება, სიამოვნების გაძლიერება და დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანა. ფაქტობრივად, იდი გამოხატავს ადამიანის მთელი ცხოვრების ძირითად პრინციპს: ბიოლოგიურად განპირობებული ლტოლვების (განსაკუთრებით, სექსუალურისა და აგრესიულის) მიერ წარმოებული ფსიქიკური ენერგიის დაუყოვნებელ განმუხტვას. პიროვნების ფუნქციონირებაში სწორედ ეს ლტოლვები ქმნიან დაძაბულობას იმ შემთხვევაში, თუ ხდება მათი შეკავება და ვერ ხერხდება განმუხტვა. დაძაბულობის დაუყოვნებელ განმუხტვას ანუ იდის მოქმედების, ფუნქციონირების ერთადერთ პრინციპს სიამოვნების პრინციპი ეწოდება. გამოხატავს რა თავს იმპულსური, ირაციონალური და ნარცისისტული (მოჭარბებულად თვითმოსიყვარულე) მანერით, იდი ამ პრინციპით მოქმედებს და არ ითვალისწინებს, რას მოუტანს ეს ქცევა მას ან სხვებს. ვინაიდან იდისთვის უცხოა შიში და შფოთვა, ის არ იჩენს სიფრთხილეს თავისი მიზნების გამოხატვისას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავად ინდივიდს და შემდეგ საზოგადოებას.
ფროიდი ორ მექანიზმს აღწერს, რომლის საშუალებითაც იდი ხსნის დაძაბულობას, ესენია: რეფლექტორული მოქმედებები და პირველადი პროცესები.
- რეფლექტორული მოქმედებების შემთხვევაში იდი ავტომატურად უპასუხებს აგზნების სიგნალებზე იმგვარად, რომ გამღიზიანებლით განპირობებული დაძაბულობა მაშინვე იხსნება. ასეთი თანდაყოლილი რეფლექტორული მექანიზმის მაგალითებია: ხველა ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების საპასუხოდ და ცრემლები ან თვალის ხამხამი, როდესაც თვალში მტვერი გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფლექტორული მოქმედებები ყოველთვის ვერ ამცირებენ გაღიზიანების ან დაძაბულობის დონეს. მაგალითად, ვერც ერთი რეფლექტორული მოძრაობა ვერ უზრუნველყოფს მშიერ ბავშვს საკვებით.
- პირველადი პროცესები. როცა რეფლექტორულ მოქმედებას არ შეუძლია დაძაბულობის შემცირება, მოქმედებაში მოდის იდის მეორე ფუნქცია, რომელსაც წარმოდგენის პირველადი პროცესი ეწოდება. იდი ქმნის, აყალიბებს იმ ობიექტის ფსიქიკურ ხატს, რომელიც თავდაპირველად უკავშირდებოდა ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ამით ცდილობს ენერგიის გამოთავისუფლებას.
პირველადი პროცესი ადამიანის წარმოდგენათა არალოგიკური, ირაციონალური და ფანტაზიური ფორმაა, რომელიც იმპულსების დათგრუნვითა და რეალურისა და არარეალურის, „მესა“ და „არამეს“ გარჩევის უნარების უქონლობით ხასიათდება. მშიერი ბავშვის შემთხვევაში ამ პროცესმა დედის მკერდის ან საწოვარას ხატის გაცოცხლება შეიძლება გამოიწვიოს. ჰალუცინატორულ განცდას, რომელშიც სასურველი ობიექტი წარმოდგენილია, როგორც მეხსიერების ხატი, სურვილის ასრულება ეწოდება. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში პირველადი პროცესის საუკეთესო მაგალითია სიზმარი, რომელიც, ფროიდის მიხედვით, ყოველთვის სურვილის ასრულება ან ასრულების მცდელობაა. ასევე, პირველადი პროცესის მაგალითებია: ფსიქოტიკების ჰალუცინაციები და ხილვები; პირველადი პროცესის მოქმედების დაღი ნათლად ეტყობა აუტისტურ მეტყველებას. სურვილის ამსრულებელი ეს მენტალური ხატები ერთადერთი რეალობაა, რომელსაც იდი იცნობს. პირველადი პროცესის შესატყვისად წარმართული ქცევის ტრაგედია ისაა, რომ ინდივიდი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს აქტუალურ, რეალურად მოცემულ ობიექტს, რომელსაც მართლა შეუძლია მოთხოვნილების დაკმაყოფილება, და მის ხატს (მაგალითად, როდესაც უდაბნოში მოხეტიალე ადამიანი ვერ მიჯნავს ერთმანეთისგან წყალსა და წყლის მირაჟს).
თუ არ იარსებებს მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარეგანი წყაროები, ასეთმა აღრევამ შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ამტკიცებდა ფროიდი, რომ ჩვილი ბავშვისთვის წარმოუდგენელი და განუხორციელებელი ამოცანაა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადადების დასწავლა.
ფროიდის შემდგომი განვითარება
ფსიქოანალიზის განვითარებასთან ერთად, ბევრი ფსიქოლოგი, განსაკუთრებით, ეგო ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, აღნიშნავენ, რომ სამივე სტრუქტურას — იდს, ეგოსა და სუპერეგოს — თავისი რთული მოტივაციური თვისებები აქვთ. თუ ვამბობთ, რომ იდს არ აქვს რთული მოტივაციური სტრუქტურა, ამით ვამბობთ, რომ იდი უბრალოდ ქაოტური და არაკონტროლირებადი ენერგიით სავსე ქვაბია. ამ ფროიდისეული მოსაზრებისგან განსხვავებით, იდს იმპულსებისა და ლტოლვების იერარქიული სტრუქტურა აქვს, რომელთაგან ზოგიერთი მნიშვნელოვნად უახლოვდება მეორად პროცესებს. თუმცა, ანალიტიკოსთა დიდ ნაწილს ისევ მიაჩნია, რომ იდის მოტივაცია პრიმიტიულია. გარდა ამისა, ფროიდის შემდგომი მრავალი თეორეტიკოსი თვლის, რომ იდი კონტინუუმად უნდა განვიხილოთ, რომლის ზოგიერთი იმპულსი უფრო ახლოსაა ეგოს სტრუქტურებთან.
ფაქტობრივად, ანა ფროიდმა (1936) გამოთქვა მოსაზრება, რომ იდსა და ეგოს შორის კონფლიქტური სიტუაციების გარდა, შეუძლებელია ამ ორი ინსტანციის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბრენერისთვის (1982) იდისა და ეგოს ურთიერთობა მოიაზრებდა როგორც ეგოს მიერ იდის დაკმაყოფილების კონტროლს ან შეზღუდვას, ისე იდის ან ლტოლვისგან წარმოებული სურვილის დაკმაყოფილების ხელშეწყობას. ამ ურთიერთობაზე საუბრობს შაფერიც (Schafer, 1968), რომელიც დაცვის როლს იდთან მიმართებაში „ორმაგ აგენტად“ მიიჩნევდა. იგი წერდა, რომ დაცვები იდის ინსტინქტური დაკმაყოფილების ბლოკირებისთვისაა მოწოდებული და, ამასთან, იმასაც უზრუნველყოფენ, რომ მისი იმპულსები ნაკლებად პირდაპირი ფორმით გამოიხატოს ან დაკმაყოფილდეს. ფროიდისეული სიამოვნება-უსიამოვნების პრინციპის მიხედვით, აუცილებელია, რომ იდმა ყოველთვის მოძებნოს საკუთარი თავის გამოხატვის ისეთი გზები, რომლებიც მინიმალურ კონფლიქტს გამოიწვევენ.
XIX საუკუნის ბოლო წლებიდან მოწოყებული, ფსიქოანალიტური თეორია და პრაქტიკა ძალზე გამრავალფეროვნდა. ტერმინს „იდი“ ჯერ კიდევ იყენებენ კლასიკურად ორიენტირებული ანალიტიკოსები, რომლებიც, უპირატესად, ფროიდისა და მელანი კლეინის გავლენას განიცდიან. თუმცა, ანალიზის ბევრი სკოლა, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში, დიდი ხანია ჩამოშორდა მეტაფსიქოლოგიას ზოგად ფსიქოანალიტურ მოდელში და, კერძოდ, სტრუქტურულ მოდელში. ანალიზის ეს მოდელები, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად გამოკვეთენ კონსტიტუციური ან ბიოლოგიური ფაქტორების (ანუ ფაქტორების, რომლებიც ხშირად იდის სინონიმად გამოიყენება) როლს განვითარებაში.
XXI საუკუნეში მოსალოდნელია, რომ თანამედროვე ბიოლოგიურ ფსიქიატრიაში გაკეთებული ზოგიერთი აღმოჩენა თანამედროვე ფსიქოანალიზთან ინტეგრირდეს. იდმა, იმპულსმა და პიროვნების ბიოლოგიურად განპირობებულმა მდგენელებმა და ტემპერამენტმა, შესაძლოა, ადამიანის ფსიქიკის შესახებ მსჯელობაში ახალი ადგილი დაიმკვიდრონ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.
Brenner, C. (1982). The mind in conflict. New York: International Universities Press.
Freud, A. (1936). The ego and the mechanisms of defense: The writings of Anna Freud. New York: International Universities Press.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. I.
Schafer. R. (1968). Aspects of internalization. New York: International Universities Press.