ინსტინქტი

Instinct

წინასწარ დაპროგრამებული ტენდენცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სახეობის გადარჩენისთვის.

ინსტინქტის ცნება, ჩვეულებრივ, ეთოლოგიის ან ცხოველთა ქცევის ფსიქოლოგიის სფეროს უკავშირდება. მასში მოიაზრება მოცემული სახეობის მოქმედების სპეციფიკური პროგრამა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას და თეორიულად დამოუკიდებელია ცალკეული ინდივიდის გამოცდილებისაგან. მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში ეს პროგრამა ნეიროფიზიოლოგიური და ენდოკრინული რეაქციების სპეციფიკური ერთობლიობის აქტივაციას ახდენს. მაგალითად, ორაგული ათასობით მილს ზუსტად იმ ნაკადულში დასაბრუნებლად ცურავს, სადაც დაიბადა. ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ჩანჩქერებს ახდება და ზუსტად დანიშნულ ადგილზე მიდის, სადაც გადარჩენილი მდედრი და მამრი ორაგულები შეწყვილების რიტუალურ ცეკვას ასრულებენ, განაყოფიერებული ქვირითის დაყრის შემდეგ კი იღუპებიან. მომავალში, როცა დრო დადგება, ახალგაზრდა თაობა დაუყვება დინებას, რათა მანამდე იცხოვროს ოკეანეში, სანამ რამდენიმე წლის შემდეგ ამ უწყვეტ ციკლში მათი მონაწილეობის დრო არ მოვა. ასეთივე შთამბეჭდავი მოქმედებების ნახვა შეიძლება ცხოველთა მრავალ სახეობაში. ფუტკარი საკვების ადგილმდებარეობის შესახებ შეტყობინება სხვა ფუტკრებს გადასცემს. ჭიანჭველათა არმია სინქრონიზებულად დადის სანადიროდ, ჩიტები ბუდეებს აშენებენ, ობობები ზუსტად ისევე ხლართავენ და ქსოვენ რთულ ქსელებს, როგორც მათი მშობლები და წინაპრები აკეთებდნენ ამას.

ადამიანის ქცევის ადრეული თეორიები ადამიანისთვის ინსტინქტების მნიშვნელობის გადაფასებისკენ იყვნენ მიდრეკილნი. უილიამ ჯემსი (William James) გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ადამიანები ყველა სხვა ცხოველზე მეტად ეყრდნობიან ინსტინქტურ ქცვას (თუმცა, ადამიანის ინსტინქტები, როგორც წესი, არ ვლინდებოდა ქცევათა ფიქსირებული პატერნებით). ბიოლოგიური ინსტინქტების გარდა, რომლებიც ადამიანს ცხოველებთან საერთო აქვს, მოქმედებაში შემოდის, აგრეთვე, ისეთი ძირითადი სოციალური ინსტინქტები, როგორებიცაა სიმპათია, სოციალურობა, თავშეკავებულობა და სიყვარული. ჯემსისთვის ორივე, როგორც ცხოველური, ისე ადამიანური ინსტინქტები, მიზნობრივი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად მიზნებს ემსახურებოდნენ. ანუ მნიშვნელოვან ფუქნციებს ასრულებდნენ ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებში და, შესაბამისად, ფსიქოანალიზში, ინსტინქტის ცნება აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ლტოლვისგან. ინსტინქტი თანდაყოლილია ანუ სახეობის ისტორიის კუთვნილებაა, ხოლო ლტოლვა სუბიექტის ინდივიდუალურ ისტორიას მიეკუთვნება. ფაქტობრივად, ის ამ (ინდივიდუალური) ისტორიის ფუნდამენტური ვექტორია. ფროიდისთვის ინსტინქტი მოსამზადებელი ფაზაა ლტოლვამდე; ლტოლვა შეიძლება ინსტინქტის დონეზე დაბრუნდეს. ფსიქოსომატური აშლილობების თანამედროვე კვლევები ინსტინქტებთან სწორედ ასეთ „რეგრესიულ“ დაბრუნებაზე აკეთებენ აქცენტს.

ფროიდის მოსაზრებით, ადამიანის გამოცდილებაში არსებული ლტოლვები სიცოცხლის (მათ შორის, სექსუალური) და სიკვდილის (მათ შორის, აგრესიის) ინსტინქტებიდან აღმოცენდება. მას მიაჩნდა, რომ ინსტინქტური იმპულსები წარმართავენ ფსიქიკურ ენერგიას სხეულებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დაძაბულობა აღმოჩენდება მაშინ, როდესაც ენერგია ვერ განიტვირთება. ეს დაძაბულობა უბიძგებს ადამიანს აქტივობისა და/ან ობიექტისაკენ, რომელიც შეამცირებს მას. ამგალთად, ფროიდის აზრის, სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ცნობიერების გაცილებით დაბალ დონეზე ანუ ღრმად არაცნობიერში მოქმედებენ, თუმცა მათი გავლენა ცნობიერ აზრებზე, გრძნობებსა და ქმედებებზე ძალიან ძლიერია იმის გამო, რომ ინსტინქტები მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებენ ადამიანებს.

ვინაიდან ფროიდისთვის მთლიანი პიროვნების ფუნქციონირება ინსტინქტური ენერგიიდან მომდინარეობს, ინსტინქტების მარეგულირებელი ფუნდამენტური პრინციპების ცოდნა პიროვნების გაგებისთვის ბაზისურ ჩარჩოს უზრუნველყოფს. ეს ჩარჩო შეიძლება შეჯამდეს ინსტინქტების ოთხი ძირითადი ასპექტის ანუ მახასიათებლის სახით (Cloninger, 2004), ესენია:

  • წყარო. მთელი ფსიქიკური ენერგია სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებიდან მომდინარეობს. არ არსებობს ცალკეული, განსაკუთრებული ფსიქიკური ენერგია. პიროვნების განკარგულებაში არსებული ენერგიის რაოდენობა არ იცვლება ცხოვრების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენერგია ტრანსფორმირდება ანუ, სხვა სიტყვებით, სხვადასხვაგვარად „ინვესტირდება“. თავდაპირველად, ფსიქიკური ენერგია ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის წარიმართება. განვითარებასთან ერთად, იგივე ენერგია შეიძლება სხვა მიმართულებითაც გადამისამართდეს, როგორიცაა, მაგალითად, ინტერპერსონალური ურთიერთობები და სამსახური (Cloninger, 2004).
  • იმპეტუსი. ინსტინქტის იმპეტუსი, სტიმული ანუ ზეწოლა მოიაზრებს მის ძალას ანუ მოტივაციურ თვისებას. ის ინსტინქტური დრაივის/აღმძვრელის სიძლიერეს შეესატყვისება. ის მაღალია, როდესაც ლტოლვა არ არის დაკმაყოფილებული და მცირდება, როდესაც მოთხოვნილება კმაყოფილდება. მაგალითად, მშიერი ჩვილი შიმშილის მაღალი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. როგორც კი მიიღებს საკვებს და დანაყრდება, მისი შიმშილი მცირე ზეწოლას შექმნის. აღსანიშნავია, რომ როცა ზეწოლა მაღალია, მან შეიძლება გამოხეთქოს, შეაფერხოს და შეწყვიტოს სხვა აქტივობები, მაგალითად, მძინარე ჩვილი გაიღვიძებს, თუ მოშივდება (Nye, 2000).
  • მიზანი. ინსტინქტები ჰომეოსტაზის ანუ გაწონასწორებული მდგომარეობის პრინციპით მოქმედებენ. ეს პრინციპი ბიოლოგიიდან არის აღებული. ინსტინქტის მიზანია ორგანიზმის იდეალური, მყარი წონასწორობის შენარჩუნება. ცვლილებები, რომლებიც ამ წონასწორობის მდგომარეობას არღვევენ, დაძაბულობის სახით განიცდება. ნებისმიერი ინსტინქტის მიზანია ამ წარმოქმნილი დაძაბულობის შემცირება, რასაც სიამოვნება სდევს თან. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ძალიან მშიერი ხართ და გემრიელ კერძს მიირთმევთ. ინსტინქტები იმის მიხედვით ოპერირებენ, რასაც ფროიდმა სიამოვნების პრინციპი უწოდა. მათი მიზანია სიამოვნების წარმოქმნა, დაძაბულობის რედუქციის გზით, მაშინვე, გადაუდებლად და რეალობის შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე. დაძაბულობის შემცირება მაშინ ხდება, როცა საწყისი ბიოლოგიური ინსტინქტი უშუალოდ კმაყოფილდება, მაგალითად, როდესაც მშიერ ჩვილს დააპურებენ ან სექსუალურად აგზნებული ადამიანი ორგაზმს მიაღწევს. თუმცა, შეცდომა იქნებოდა, თუ დავასკვნიდით, რომ მხოლოდ ბიოლოგიური ლტოლვის უშუალო დაკმაყოფილებას შეუძლია დაძაბულობის შემცირება. ლიბიდოს ზოგიერთი ტრანსფორმაციაც იძლევა დაძაბულობის შემცირების საშუალებას. მაგალითად, ხელოვანმა შეიძლება დაძაბულობის რედუქცია განიცადოს, როცა კრეატულ პრობლემას გადაჭრის (Cloninger, 2004).
  • ობიექტი. ინსტინქტის ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანი ან გარემოში არსებული საგანი, რომელიც სასურველია იმდენად, რომ შესაძლებელია მისი საშუალებით ინსტინქტის დაკმაყოფილება. მაგალითად, ჩვილისთვის შიმშილის ინსტინქტის ობიექტი დედის მკერდია: მას დაკმაყოფილება მოაქვს. სექსუალურად აგზნებული მოზრდილისთვის ასეთ ობიექტს სექსუალური პარტნიორი წარმოადგენს. ინსტინქტის თვისება, რომ ერთი ობიექტი მეორეთი ჩაანაცვლოს და არ იყოს ფიქსირებული ბიოლოგიურად, ინსტინქტის პლასტიურობის სახელით არის ცნობილი. პლასტიურობა ადამიანებს გაცილებით მეტად ახასიათებთ, ვიდრე ცხოველებს. გამოცდილებით სწავლა — გარემოში მოცემული შესაძლებლობებიდან ობიექტების შერჩევა და რეალობასთან ადაპტირების დასწავლა ეგოში ხდება. ამის საპირისპიროდ, იდი ძალიან მარტივი მექანიზმით ფუნქციონირებს, რომელსაც, პირველადი პროცესები ჰქვია (Cloninger, 2004).

1920-იან წლებში ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანის 10,000 ინსტინქტისგან შემდგარი სია, თუმცა ამავე პერიოდში ადამიანური ინსტინქტის, როგორც ადამიანის ქცევის უნივერსალური ამხსნელის, ცნება ეჭვის ქვეშ დადგა და კრიტიკის საგნადაც იქცა. კროსკულტურულმა ანთროპოლოგებმა რუთ ბენედიქტმა (Ruth Benedict) და მარგარეტ მიდმა (Margaret Mead) სხვადასხვა კულტურაში უამრავი ქცევითი ვარიაცია აღმოაჩინეს. მათი დაკვირვება წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ თეორიებთან, რომლებიც მხოლოდ თანდაყოლილი ინსტინქტების უნივერსალურობაზე საუბრობდნენ.

ინსტინქტების ადრეული თეორიებისთვის ყველაზე მეტად დამანგრეველი იყო ბიჰევიორისტების ემპირიული დემონსტრაციები იმისა, რომ მნიშვენლოვანი ქცევები და ემოციები დასწავლილი უფრო იყო, ვიდრე თანდაყოლილი. მათ აჩვენეს, რომ ადამიანები და ცხოველები ერთნაირად მგრძნობიარენი არიან იმის მიმართ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს სტიმულები და რეაქციები გარემოში. თუ გსურთ ახსნათ, რატომ ახორციელებს ზოგიერთი ცხოველი მოცემულ ქცევას და ზოგიერთი — არა, თქვენ არ გესაჭიროებათ სხვა არაფრის ცოდნა, გარდა იმისა, რომ ერთი ცხოველის ქცევა განმტკიცდა, მეორისა კი - არა.

თანამედროვე კვლევები ეთოლოგიაში ინსტინქტის დეტერმინაციაში მემკვიდრეობის აღმასრულებელი როლის შეზღუდვის ტენდენციით ხასიათებიან და მეტად ფოკუსირდებიან ეპიგენეზის როლზე.

***  

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.

Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1915c). Instincts and their vicissitudes. SE, 14: 109–140.

Freud, S. (1915e). The unconscious. SE, 14: 159–204.

Nye, R. D. (2000). Three Psychologies: Perspectives from Freud, Skinner, and Rogers, 6th ed. Balmont: WAdsworth: Thnson Learning.

კატეგორია: 
ავტორები: